რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ააფეთქეს უკრაინის ყოფილი პრემიერის პრესმდივნის ავტომობილი

13 ნოემბერს მოსკოვში, კიროვოგრადის ქუჩაზე აფეთქდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლის მფლობელიც, რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივანი და მრჩეველი სერგეი ზავოროტნია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ვინაობა არ დაუსახელებიათ.

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, თავდასხმა სწორედ სერგეი ზავოროტნიზე იყო. რუსული ტელეგრამ-არხების, Shot-ის и Mash-ის ინფორმაციით, ზავოროტნის მდგომარეობა მძიმეა.

ავტომობილი სახლის ეზოდან გასვლის დროს აფეთქდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა მკვლელობის მცდელობის მუხლით.

განახლება: საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა სერგეი ზავოროტნი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Mash-ის ცნობით, ამჟამად სერგეი ზავოროტნი პრიმორსკის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორია. მან უკრაინიდან გაქცევის შემდეგ დაწერა წიგნი, „როგორ დაკარგა რუსეთმა უკრაინა".

ნიკოლაი აზაროვი, რომლის პრესმდივანი და მრჩეველი სერგეი ზავოროტნი იყო, უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2010-2014 წლებში, პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში.

ევრომაიდანის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, რასაც 2014 წელს იანუკოვჩის გადადგომა მოჰყვა, მის მსგავსად აზაროვიც რუსეთში გაიქცა.

ნიკოლაი აზაროვი უკრაინაში ბრალდებულია სახელმწიფო ღალატში და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. აზაროვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები.

დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, აზაროვი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვი მას განიხილავდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

​
XS
SM
MD
LG