მიტროპოლიტმა თქვა, რომ ადამიანი თავის თავისუფალ ნებას ან ღმერთისკენ წარმართავს, ან ეშმაკისკენ, რადგან - “მეტი არ არსებობს - ამ ქვეყანაზე მხოლოდ ორი ძალაა - ღმერთი და ეშმაკი”.
მან ამბიონიდან, ბურუსში ყოფნის სირთულეზე ილაპარაკა - როცა ადამიანმა არ იცის, თუ ვინ დგას მის გვერდით.
„არა არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოსო და არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. აი ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება, ვინ არის შენ გვერდში. შეიძლება შენი ახლობელი იყოს და აი, თურმე, უბეში გველი მყოლიაო - ასე თქვა. დადგება, სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და გამოჩნდება ისეთი, როგორიც არის”, - მიტროპოლიტმა იობმა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისა და სამშობლოს გაფრთხილებისკენ მოუწოდა.
“თუ ჩვენ ვეკუთვნით უფალს, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ; სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია - სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - მიმართა მრევლს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, ამბიონიდან.
მანამდე, 11 ნოემბერს, ასევე ქადაგებისას, მიტროპოლიტმა მწვავედ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” ხელისუფლება - მას “ურწმუნო” და “არაეკლესიური” უწოდა. ასევე თქვა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ახლის არჩევაა საჭირო.
კორუფცია, ლუდომანია თუ ნარკომანია - მიტროპოლიტმა საქართველოში არსებული პრობლემები ჩამოთვალა; გაიხსენა ასევე ე.წ. სუსის კრებსები და ამავე კონტექსტში გააკრიტიკა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილი:
„მე მახსენდება, სანამ „სუსის კრებსები“ გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ - პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ „სუსის კრებსები“. ამან რა გამოიწვია?! ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული“.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიტროპოლიტს ამბიონის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. მიტროპოლიტი მმართველი პარტიის მოკავშირეებისა და მხარდამჭერების შეტევის სამიზნეც გახდა.
ფორუმი