პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ვაგონების ნაწილები ხელოვნურად გააძვირეს და 41 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს. ძიძიკაშვილი პატიმრობაშია და დუმილის უფლებას იყენებს.
ექვსი წლით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცდილობდა, გაერკვია, რამდენად დასაბუთებული იყო ვაგონების შეკეთების ფასი. 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2017–2018 წლებში შვიდივე ტენდერი კონკურენტის გარეშე მოიგო ქარხანამ, რომლის აქციების ნახევარს თავად შემსყიდველი ფლობდა. აუდიტორებმა მისგან მოთხოვნილი ფინანსური მონაცემები ვერ მიიღეს.
ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სატრანსპორტო კომპანიამ ქარხანასთან კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. 2026 წლის თებერვალში მერიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი მისმა შიდა აუდიტმა შეამოწმა და მასალები პროკურატურას გადასცა.
რას ედავება პროკურატურა ოთხ დაკავებულს
16 ნოემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე ეხება 2017–2024 წლებში გამოცხადებულ 27 ტენდერს მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და ნაწილების შესყიდვაზე. ტენდერების საერთო ღირებულება 145,4 მლნ ლარი იყო.
გამოძიების ვერსიით, აქედან ბრალდებულებმა 41 105 298 ლარი მიითვისეს.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც საქართველოში ვაგონების ნაწილები ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ.
ნაწილების გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ფიქციური საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენეს და „საჩინოდან“ ეს ნაწილები სატრანსპორტო კომპანიას სამმაგ ფასად მიაწოდეს.
ქარხნის დირექტორ გელა ძიძიკაშვილთან ერთად დაკავებული არიან ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, პროკურატურის მიერ საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი. სამ ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ერთს - ორი მილიონი ლარის გირაო.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ვის შეუფარდა სასამართლომ გირაო. უწყებამ დაკავების შესახებ პრესრელიზი უკვე ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ გაავრცელა.
ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა წარდგენილი. ბრალდებულებს ედავებიან ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას. მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ძიძიკაშვილის ადვოკატის, თამარ კუჭავას თქმით, საქმე დაახლოებით 16 ტომს მოიცავს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმეების გამოკითხვა.
წინასასამართლო სხდომა დეკემბერშია დანიშნული.
„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“
ქარხნის აქციების 50%-ს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ფლობს, დანარჩენ 50%-ს - კერძო პირები.
მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი ამავდროულად სარემონტო ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
ანუ შარკოვი იმ კომპანიაშიც მუშაობს, რომელმაც ტენდერები გამოაცხადა და საწარმოშიც, რომელმაც ისინი მოიგო.
პროკურატურის მიერ დასახელებულ ოთხ ბრალდებულს შორის შარკოვი არ არის.
სარემონტო ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოში ასევე შედიან ადვოკატი მალხაზ სალაყაია, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ნოდარ გაგუა, არჩილ შაბაშვილი, გრიგოლ ხუცურაული და მალხაზ ჩარკვიანი.
რას ამბობს გელა ძიძიკაშვილის ადვოკატი
„ამ ეტაპზე ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ძიძიკაშვილის ადვოკატმა კითხვაზე, ცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ.
კუჭავა ამბობს, რომ დაცვამ შესაძლოა დამოუკიდებლადაც შეამოწმოს, როგორ გამოთვალა პროკურატურამ ზიანი.
„ფასნამატის პრინციპით არის დათვლილი ზიანი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ადვოკატმა კონკრეტულ გარიგებებზე უფრო ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ამისთვის ძიძიკაშვილის თანხმობა სჭირდება.
კუჭავა სატენდერო დოკუმენტაციის საჯაროობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ხარჯთაღრიცხვაში სამუშაოს შესრულების ხარჯებთან ერთად გათვალისწინებული იყო კომპანიის მოგება, ზედნადები ხარჯები და გადასახადებიც.
ადვოკატი ცალკე საუბრობს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. მისი თქმით, ყოველ შეკეთებულ ვაგონს კომისია იბარებდა, გამოძიების ფარგლებში კი ქარხანაში დარჩენილი მარაგიც შეამოწმეს. კუჭავა ამბობს, რომ შემოწმებული ნაწილები ახალი იყო და უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
შვიდი ტენდერი, 46,5 მილიონი ლარის ხარჯი და მონაცემები, რომლებიც აუდიტმა ვერ მიიღო
2020 წლის 7 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2017–2018 წლების საქმიანობის ანგარიში. ვაგონების შეკეთებას მასში ცალკე ქვეთავი ეთმობა.
აუდიტორები წერდნენ, რომ მოდერნიზაციის სამუშაოებს სატრანსპორტო კომპანია ტენდერით ყიდულობდა, თუმცა მას „ფაქტობრივად ექსკლუზიური მიმწოდებელი“ ჰყავდა - სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“.
ორ წელიწადში გამოცხადებული შვიდი ტენდერის ღირებულება ჯამში 46,9 მილიონი ლარი იყო. შვიდივეში ქარხანა ერთადერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა. უმეტეს შემთხვევაში მან სამუშაოს შესრულება სატრანსპორტო კომპანიას ზუსტად იმ ფასად შესთავაზა, რომელიც კომპანიამ ტენდერის გამოცხადებისას განსაზღვრა.
აუდიტორებს სურდათ, გაერკვიათ, რის საფუძველზე დადგინდა სამუშაოს ფასი და ხომ არ იღებდა მიმწოდებელი „ზენორმატიულ მოგებას“. ამისთვის სატრანსპორტო კომპანიას ჯერ ქარხნის დივიდენდებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები მოსთხოვეს. შემდეგ სხვა ფინანსური დოკუმენტების შესწავლასაც გეგმავდნენ.
„კომპანიამ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა“, - წერია ანგარიშში.
ამდენად, ღიად დარჩა საკითხი, რამდენად დასაბუთებული იყო ფასი.
2021 წელს BMG-მ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილ საქმეთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მასში სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის მასალებიც იყო. ანგარიში სხვა საკითხებსაც ეხებოდა, მათ შორის ავტობაზის მშენებლობას. უცნობია, შეისწავლა თუ არა მაშინ პროკურატურამ კონკრეტულად ვაგონების ტენდერები.
რატომ მიმართა მერიამ პროკურატურას
2026 წლის 18 ნოემბერს, დაკავებებიდან ორი დღის შემდეგ, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად მერიის სამსახურების მოკვლევა დაედო. მისი თქმით, ტენდერის პროცედურები გამჭვირვალე იყო, საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ვაგონების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოძიება კი მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა.
„თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?“ - იკითხა კალაძემ.
გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა.
მერიამ მაშინ განმარტა, რომ კალაძის მიერ 2025 წელს დამტკიცებული გეგმით, შიდა აუდიტის სამსახური სატრანსპორტო კომპანიის 2023–2024 წლების მოვლა-შენახვის ხარჯებს ამოწმებდა. კითხვები გაჩნდა ქარხანასთან 12 ვაგონის მოდერნიზაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლისას. მერიის ცნობით, მასალები პროკურატურას სწორედ ამის შემდეგ გაუგზავნეს.
12 ვაგონის მოდერნიზაციის ტენდერი 2023 წლის 19 აპრილს გამოცხადდა. ერთადერთმა პრეტენდენტმა, ძიძიკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა ქარხანამ, სამუშაოს შესრულება შემსყიდველს ზუსტად მის მიერ განსაზღვრულ ფასად - 13 691 400 ლარად - შესთავაზა. სატენდერო ბარათს თან ახლავს ტექნიკური დავალება და მომსახურების ხარჯთაღრიცხვა.
მუნიციპალიტეტის ანგარიშების მიხედვით, ქარხანამ 2023 წელს რვა ვაგონი შეაკეთა, მომდევნო წელს - დარჩენილი ოთხი.
„აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში“, - ასე უპასუხა კალაძემ 2026 წლის 9 თებერვალს კითხვას, რატომ დაინტერესდა მერიის შიდა აუდიტი ხარჯებით წლების შემდეგ.
მას არ დაუზუსტებია, რა რეაგირება ჰქონდა მერიას 2020 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე.
ვინ არის გელა ძიძიკაშვილი
გელა ძიძიკაშვილი 71 წლისაა. ის 1955 წლის 7 აპრილს სოფელ ნორიოში დაიბადა. ვაგონსარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორად 2015 წელს დაინიშნა. ქარხანა ვაგონებს ბაქოსა და ერევნის მეტროპოლიტენებისთვისაც არემონტებდა.
ადვოკატი თამარ კუჭავა ამბობს, რომ ძიძიკაშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას - ეხმარებოდა ავადმყოფებს და მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში.
2022 წელს გამომცემლობა „მწიგნობარმა“ გამოსცა იოსებ სიბოშვილის წიგნი „უსაზღვრო სიყვარული ადგილის დედისა“, რომელიც ძიძიკაშვილის ცხოვრებასა და საქველმოქმედო საქმიანობას ეძღვნება. წიგნში თავად ძიძიკაშვილი წერს ნორიოში, კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევებზე, თომა მოციქულის სახელობის ტაძრის აშენებაზე.
გამოცემაში შეტანილია პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №1051 განკარგულებაც, რომლითაც ძიძიკაშვილს ღირსების ორდენი მიენიჭა. 2021 წელს დაჯილდოვდა საპატრიარქო სიგელით.
2017 წლის აგვისტოში ძიძიკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა.
რას ამბობდნენ ნარმანია და კალაძე ვაგონების რემონტზე
2017 წელს ვაგონების მოდერნიზაციის პირველი ტენდერი სატრანსპორტო კომპანიამ 24 თებერვალს, დავით ნარმანიას მერობისას გამოაცხადა. ქარხანამ ის 3,1 მილიონ ლარად მოიგო. სექტემბერში ნარმანიამ განახლებული ვაგონები გელა ძიძიკაშვილთან ერთად დაათვალიერა. მერიის ცნობით, რვა ვაგონიდან ოთხი სატრანსპორტო კომპანიას უკვე ჩაბარებული ჰქონდა.
„ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“, - თქვა მაშინ ნარმანიამ.
2017 წლის 13 ნოემბერს თბილისის მერის პოსტზე ნარმანია კახა კალაძემ შეცვალა. მომდევნო წლის მაისში, როდესაც მეტროს საბურთალოს ხაზზე ორი განახლებული სამვაგონიანი შემადგენლობა გავიდა, კალაძემ ჟურნალისტებთან ერთად ერთ-ერთი მატარებლით „დიდუბემდე“ იმგზავრა. მერმა მაშინ ყურადღება ადგილობრივ წარმოებაზე გაამახვილა: „მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა“.
ის ამბობდა, რომ ქარხანაში 150 ადამიანი მუშაობდა.
2019 წლის 15 მაისს ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ დაგეგმილი ხარჯიც დაასახელა: „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ“. 2021 წლის სექტემბერში, მეორე ვადით არჩევამდე, ის უკვე ამბობდა, რომ ყველა ვაგონი, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, განახლებული იყო.
მომდევნო წლების მუნიციპალურ ანგარიშებშიც ფიქსირდება ვაგონების შეკეთების ხარჯები. 2024 წლის ბიუჯეტში მოდერნიზაციისთვის 10 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. იმავე წლის ნოემბერში კალაძემ თქვა, რომ 2017 წლიდან ჩატარებული სამუშაოების მიზანი ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება იყო.
ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ 17 ნოემბერს საქმესთან დაკავშირებით კალაძის დაკითხვა მოითხოვა. მისი თქმით, პასუხგასაცემია, რა იცოდნენ ტენდერების შესახებ მერმა და სატრანსპორტო კომპანიის მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა, გიორგი შარკოვმა და მამუკა კობახიძემ.
ფარულავას თქმით, გელა ძიძიკაშვილსა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ახლა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი, წლების წინ საუბრობდა.
როდის მიიღებს თბილისი ჩინეთში დამზადებულ ვაგონებს
ვაგონების რემონტზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, მერია საბჭოთა წარმოების ვაგონების ახალი მატარებლებით ჩანაცვლებისთვის ემზადება.
2026 წლის 29 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ნანკინში თბილისის მეტროსთვის დამზადებული პირველი ოთხვაგონიანი მატარებელი წარადგინეს. გამოცხადებული გეგმით, მას თბილისში წლის ბოლომდე ელიან. მთლიანობაში ქალაქმა 111 ვაგონი უნდა მიიღოს - 14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი მატარებელი.
სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება 2025 წლის ივლისში ტენდერში გამარჯვებულ ქართულ კომპანია „ჯი-თი გრუპთან“ გააფორმა. ვაგონებს ჩინური CRRC აწარმოებს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული სატენდერო შედეგის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 149,4 მილიონი ევროა.
მერიამ მანამდე 44 ახალი ვაგონის შეძენა სხვა ტენდერით სცადა. მასში 2021 წელს რუსულმა „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა.
2023 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა მწარმოებელს სანქციები დაუწესა, თბილისის მერიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტეს.
ფორუმი