Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია აცხადებს, რომ არ აპირებს ევაკუაციის ზონის გაფართოებას


იაპონიის მთავრობის განცხადებით, ამ დროისთვის მისი გეგმები არ ითვალისწინებს დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის გარშემო ევაკუაციის ზონის გაფართოებას. ასეთი რეკომენდაციით მას გაეროს ატომური ელექტროენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიმართა. ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის გარშემო ევაკუაციის 20-კილომეტრიანი ზონა მოქმედებს. გაეროს ატომური სააგენტო კი აცხადებს, რომ უსაფრთხო რადიაციაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სოფელში, რომელიც დაზიანებული ობიექტიდან 40 კილომეტრით არის დაშორებული. იაპონიის მთავრობა, როგორც მისი პრესმდივნის, იუკიო ედანოს განცხადება ადასტურებს, მაინც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ევაკუაციის ზონის გაფართოებას. „თუ არსებობს ამის საშუალება, ან თუ ვითარება ისე შეიცვლება, რომ დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღირიცხება იმ დონის დაბინძურება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებზე, მაშინ განვიხილავთ ევაკუაციის საკითხს. ჩვენ განვაგრძობთ ჰაერში რადიაციის მონიტორინგსა და ყველანაირ მზადებას, რათა, როცა თავს იჩენს საჭიროება, დაუყოვნებლივ შევძლოთ მასთან გამკლავება. ეს არის ეტაპი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის პრესმდივანმა. ხოლო იაპონიის მთავრობის ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ფუკუსიმის საწარმოსთან რადიაქტიური იოდის შემცველობა ზღვის წყალში 4385-ჯერ აღემატება კანონით დაშვებულ ლიმიტს.
XS
SM
MD
LG