Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აიბგას საკითხი სამომავლოდ გადაიდო


გაგრა
გაგრა
მოსკოვში დასრულდა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შეხვედრა. როგორც შეხვედრაში მონაწილე აფხაზურ მხარესთან დაახლოებული წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთის ფედერაციისთვის დათმობის საკითხი ნაწილობრივ ამოიწურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ მოახერხა, დაეცვა საკუთარი ინტერესი, თუმცა გადაუწყვეტელი რჩება სოფელ აიბგას საკითხი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული მხარე აღარ მოითხოვს აფხაზეთის დე ფაქტო რუსპუბლიკის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის - კერძოდ კი, გაგრის რაიონის - 160 კვადრატულ კილომეტრს, გუშინ, 30 მარტს, ღამით გახდა ცნობილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის ”ეხო კავკაზას” ჟურნალისტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სადემარკაციო კომისიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. ჟურნალისტი დემის პოლანდოვი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ორდღიანი მწვავე მოლაპარაკების შემდეგ საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასარგებლოდ გადაწყდა:

”ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთული იყო და ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ცვლიდნენ გარკვეულ იურიდიულ დოკუმენტებს, ანუ იქ მთელი სამართლებრივი ბაზა ამოიწია, მაგრამ საბოლოოდ რუსულმა მხარემ დათმო და ითქვა, რომ ემ საკითხი დემარკაციის ჩარჩოებში აღარ განიხილება.”

თუმცა 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ საკითხი სრულად გადაწყვეტილი მაინც არ არის. სოფელ აიბგას საკთხს მხარეები მომავალში განიხილავენ.

160 კვადრატული კილომეტრი მოლაპარაკების მხოლოდ ერთი თემა იყო. სხვა თემებს რაც შეეხება, მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისში საკითხს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესაძლო გადასვლის თაობაზე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული უწოდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. იგივე აზრი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას. უკვე შეცვლილი სურათის გამოკვეთის შემდეგ შოთა მალაშხია, სიტუაციის ქართულ პრიზმაში აღქმით, ამბობს:

”რუსეთი რეალურად ხედავს, რომ მას აქვს პრობლემები საერთაშორისო დონეზე, არ გამორიცხავს, რომ დაიწყოს ამ ტერიტორიების დაბრუნება და ამიტომ მას უნდა, რომ კიდევ დამატებითი ბერკეტები ჰქონდეს და რაღაცა ”სამართლებრივად გააფორმოს ”, რომ ეს ტერიტორიები კიდევ აქვს მითვისებული სხვა სამართლებრივი მდგომარეობით და შემდეგ იდავოს. აი, სწორედ ამის გაფორმება სჭირდებოდა, მაგრამ ამას მოჰყვა წინააღმდეგობა თვითონ აფხაზების მხრიდან, ანუ შიდა წინააღმდეგობა დაემატა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ვითარება და ამიტომ დროებით შეიკავეს თავი.”

რუსეთის მხრიდან დროებით დათმობად და, შესაბამისად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროებით გამარჯვებად აფასებს ექსპერტი პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგს:

”მან [რუსეთმა] დააფიქსირა აფხაზური საზოგადოების წინაშე, რომ მას აქვს პრეტენზიები, სამართლიანი-უსამართლო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მან თქვა, რომ მე მინდა ეს მიწა და შექმნა საფრთხის განცდა აფხაზურ საზოგადოებაში. შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ, კარგი, ჯანდაბას, არ ავიღებ ამ მიწას, მაგრამ რაღაც დამითმეთ, მაგალითად, ამ მიწაზე ავაშენო, სოჭის ოლიმპიადიდან გამომდინარე, რაღაც უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.”

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რადგან აფხაზურ საზოგადოებას ექნება განცდა, რომ რუსეთმა ერთი რამ დაუთმო, ისინიც გადაწყვეტენ, რომ თავადაც დათმობაზე წავიდნენ და ეს იქნება მაინც გამარჯვება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG