Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო არ ემხრობა ლიბიელი მეამბოხეების შეიარაღებას


ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი არ იზიარებს აშშ-ისა და ბრიტანეთის შეფასებას, რომ ლიბიის შესახებ გაეროს რეზოლუცით დაშვებულია ლიბიელი მეამბოხეების შეიარაღება. რასმუსენმა დღეს სტოკჰოლმში განაცხადა, რომ ნატოს მანდატია სამოქალაქო პირების დაცვა მუამარ კადაფის ჯარების თავდასხმებისაგან. „ჩვენ სრულად განვახორციელებთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ითხოვს იარაღის ემბარგოს დაცვას, ხოლო იარაღის ემბარგოს მიზანია ლიბიაში შეიარაღების შეტანისთვის ბოლოს მოღება. ნატო სრულად განახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ამ ნაწილს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ ვართ ლიბიელი ხალხის დასაცავად და არა ხალხის შესაიარაღებლად“, - განაცხადა რასმუსენმა. ლიბიიდან გავრცელებული ცნობებით, მეამბოხეებმა დღესაც უკან დაიხიეს აღმოსავლეთ ლიბიის სანაპიროს გასწვრივ, სადაც მანამდე რამდენიმე ქალაქის აღება შეძლეს. დღეს მათზე იერიში განხორციელდა ქალაქებს ბრეგას და აჯდაბიას შორის. დაძაბულია ვითარება დასავლეთ ლიბიაშიც: ქალაქი მისრათა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, კადაფის მეომრების ალყაშია მოქცეული.
XS
SM
MD
LG