Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ავრცელებს ცნობას კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფაზე


გაერო აქვეყნებს 4 აპრილს კონგოში მომხდარზე ინფორმაციას, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა ორშაბათს კინშასაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ. დაღუპულია 32. თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ კისანგანიდან კინშასაში მიფრინავდა, აეროპორტში კოკისპირული წვიმის პირობებში დაშვებისას ბილიკს ასცდა და კატასტროფა განიცადა. სამშვიდობო ოპერაციების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით კატასტროფის მთავარი მიზეზი უამინდობა იყო. თვითმფრინავში ეკიპაჟის ოთხი წევრი და 29 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 24 გაეროს თანამშრომელი იყო, დანარჩენი 5 კი სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კოლუმბიის ელჩმა, რაფაელ ოსორიომ, რომელიც მიმდინარე თვეში გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საბჭოს წევრები ”ღრმა მწუხარებას” გამოთქვამენ მომხდარის გამო. კონგოში გაეროს სამშვიდობო მისიამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად ჯგუფი შექმნა. მისია აცხადებს, რომ მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ის დაზუსტდება და დაღუპულთა ახლობლებს ეცნობება.
XS
SM
MD
LG