Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერის სასამართლო პროცესი გადაიდო


"სილვიო და რუბი"
"სილვიო და რუბი"
იტალიის პრემიერ-მინისტრი დღეს თავის სასამართლოზე არ მივიდა. სილვიო ბერლუსკონის მიერ არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და შემდეგ ამ ფაქტის მიჩქმალვის საქმის განხილვა 31 მაისამდე გადაიდო.პროცესის გადადება საკონსტიტუციო სასამართლოს დროს აძლევს განიხილოს პარლამენტის ქვედა პალატის - ბერლუსკონის მოკავშირეთა - ნაბიჯი, რომელიც საქმის სხვა ტრიბუნალში განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

ბერლუსკონის სასამართლო პროცესი მილანში დღეს დაიწყო და მალევე, ხუთ წუთში, გადაიდო. პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება ღამის კლუბში მოცეკვავედ მომუშავე იმ დროს 17 წლის ქალისთვის, ანუ არასრულწლოვანისთვის, სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა. ამის შემდეგ კი, ბრალდების თანახმად, ბერლუსკონიმ საკუთარი ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლა, პოლიციაზე ზეწოლას მიმართა და დაკავებული ქალი გამოაშვებინა იმის შიშით, რომ მეძავი მათ ურთიერთობას გაამხელდა. პროცესის გადადების მიზეზი ისაა, რომ საჭიროა დრო სამოქალაქო მოსარჩლეების დასასახელებლად. არასრულწლოვან მეძავთან საქმის დაჭერა ექვსი თვიდან სამ წლამდე ციხეს ითვალისწინებს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კი ოთხიდან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. თუკი ბერლუსკონის დანაშაული დაუმტკიცდა და ხუთ წელიწადზე მეტი მიუსაჯეს, ის საჯარო თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. დღევანდელ პროცესზე გამოუცხადებლობა, როგორც პრემიერის დაცვამ განაცხადა, „სამსახურებრივმა მოუცლელობამ“ გამოიწვია. პროცესის საათებში ბერლუსკონის კაბინეტს ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრა.
ამგვარი სასამართლო პროცესები ყალბია, ბრალდებები კი - აბსოლუტურად უსაფუძვლო. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ უარყოფით მედიაკამპანიას ემსახურება...

არასრულწლოვანი მეძავის, რომელთან კავშირის გამოც ბერლუსკონის ასამართლებენ, სახელი და გვარია კარიმა ელ მაჰრუგი. ეს მაროკოელი ღამის კლუბის მოცეკვავე, ზედმეტსახელად რუბი, 2010 წელს სტუმრობდა ბერლუსკონის მილანის მახლობლად მდებარე ვილას. ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას აქვს, ჩანაწერია, საიდანაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ქალები ბერლუსკონის ვილაში, სექსუალურ თავყრილობებზე. ბრალდებაც და დაცვაც მოწმედ ასახელებს ამჟამად 18 წლის ქალს. სასამართლოში ჩვენების მისაცემად მიწვეულია ათეულობით სხვა პირი, რომლებიც მცირე მასშტაბის ვარსკვლავის კარიერას ესწრაფვოდნენ. სხვათა შორის, ბერლუსკონის დაცვამ მოწმედ დაასახელა ოსკარის მფლობელი კინომსახიობი ჯორჯ კლუნი. საქმე ისაა, რომ კარიმა ელ მაჰრუგიმ გამოძიებას უთხრა, ბერლუსკონის ვილაში ერთ-ერთი ქეიფის დროს კლუნიც ვნახეო. კლუნიმ განაცხადა, რომ ბერლუსკონისთან მხოლოდ ერთხელ არის შეხვედრილი სუდანის დარფურის რეგიონისთვის დახმარების მისაღებად. სამი მილანელი მოსამართლის გადასაწყვეტია, - სამივე მოსამართლე ქალია, - გაითვალისწინებენ თუ არა კლუნის ჩვენებას.

ბერლუსკონი არასრულწლოვან მეძავთან კავშირს უარყოფს. 74 წლის პრემიერი ამბობს, რომ მხოლოდ კეთილი ნება ამოძრავებდა, როცა პოლიციას დაურეკა და უთხრა, ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის დისშვილი დაგიჭერიათ და გაუშვით, დიპლომატიური ინციდენტი არ მოჰყვეს ამასო. თებერვალში, როცა პროკურატურამ ბერლუსკონის გასამართლება გადაწყვიტა, პრემიერი მოტივირებულ დევნაზე ალაპარაკდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

„ამგვარი სასამართლო პროცესები ყალბია, ბრალდებები კი - აბსოლუტურად უსაფუძვლო. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ უარყოფით მედიაკამპანიას ემსახურება“, - თქვა პრემიერმა.

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ იანვარში დაადგინა, რომ ბერლუსკონის ავტომატური იმუნიტეტი აღარ იცავს. ბერლუსკონის ასევე ადანაშაულებენ სამ სხვა ბოროტმოქმედებაში - მიტაცებასა და თაღლითობაში.

მილანში პროცესის გადადება პრემიერის მოკავშირეებსა და დაცვას საშუალებას აძლევს გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მილანის სასამართლოსთვის აცილების მიცემას გახდის შესაძლებელს. მათი არგუმენტით, ეს სასამართლო პოლიტიკურად მიკერძოებულია. მათ სურთ საქმე გადაეცეს იტალიის, ეგრეთ წოდებულ, მინისტრთა ტრიბუნალს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილ ქმედებებს განიხილავს. სამშაბათს პარლამენტის ქვედა პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, გადაიტანოს საქმე ტრიბუნალში. ახლა მილანის პროცესის განახლებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს დრო აქვს დადგენილება გამოიტანოს. ჩვეულებრივი სასამართლოსგან განსხვავებით, მინისტრთა ტრიბუნალს ამა თუ იმ საქმის განსახილველად პარლამენტის ქვედა პალატის უფლებამოსილება სჭირდება. ბერლუსკონი პალატის წევრია და იქ უმრავლესობა მის მომხრეებს ეკუთვნით. პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ბერლუსკონის კონტროლის ქვეშ მყოფი ქვედა პალატა, ალბათ, დართავს ნებას მინისტრთა ტრიბუნალს, პრემიერ-მინისტრის საქმე განიხილოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG