Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბიზნესის მორიგი ენერგონადავლი


"ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"
"ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „ინტერ რაო ეესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანიის საკუთრება გახდა ჰიდროელექტროსადგურები - "ხრამჰესი ერთი“ და "ხრამჰესი ორი“, რომლებშიც ახალმა მფლობელმა 2011 წლამდე 104 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მდინარე ხრამზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას და ამ მიზნით მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას. საკითხავია, რა პირობებით მიჰყიდა საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანიას მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები და რას ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნული გარიგების შესახებ.
რუსულ კომპანია „ინტერ რაო ეესს“ მდინარე ხრამზე მდებარე ელექტროსადგურები, ჯერ კიდევ 2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 წლიან მმართველობაში ჰქონდა გადაცემული. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, სადგურების მიყიდვის გადაწვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსულმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა მდინარე ხრამზე დამატებით სამი ელექტროსადგურის აშენებაზე:

„ეს არის „ხრამი-3“, „ხრამი-4“ და „ხრამი-5“, ჯამური სიმძლავრით 90-100 მეგავატი, ინვესტიციის მოცულობა კი - 193 მილიონი დოლარი. სადგურები ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2016 წლიდან. მოლაპარაკების პროცესში დაისვა საკითხი მოქმედი ელექტროსადგურების გამოსყიდვის შესახებ. საბოლოოდ 104 მლნ დოლარზე შევთანხმდით.“

ალექსანდრე ხეთაგური დარწმუნებულია, რომ საკუთრებაში გადაცემა სტიმულს შესძენს მმართველ კომპანიას და ჰესებს მეტი დატვირთვით აამუშავებს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიუჯეტსაც მეტ სარგებელს მოუტანს. სადგურების კერძო საკუთრებაში გადაცემას იწონებს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. რევაზ არველაძე მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის სხვა ღირსებაზე - ფასზეც ამახვილებს ყურადღებას:

„პრინციპში, ნორმალური თანხაა, რამდენადაც სადგურები საკმაოდ ძველია. მათი დადგმული სიმძლავრე ჯამში არის 227 მეგავატი. გამოდის 500 დოლარი 1 კილოვატზე - სავსებით ნორმალურია ძველი სადგურებისთვის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა დამატებითი თანხები მათი რეაბილიტაციისთვის.“
რევაზ არველაძე არაფერს ამბობს იმ პოლიტიკურ რისკებზე, რომელიც, ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, ერთიორად იზრდება რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელში მორიგი ენერგეტიკული ობიექტის გადასვლით. საქმე ისაა, რომ „ინტერ რაო ეესი“ საქართველოში ფლობს ან მართავს „თელასს“ - თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიას, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურსა და ენგურჰესს. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რუსულ კაპიტალთან და ინვესტიციებთან მიმართებით წლების წინ არჩეულ კურსს არ ღალატობს.

„ხელისუფლება არ ერიდება რუსული კომპანიებისათვის ისეთი სასიცოცხლო ობიექტების მიყიდვას ან მმართველობის უფლებით გადაცემას, როგორიც ენერგეტიკული ობიექტებია, ანუ, როდესაც ხელისუფლება დგას არჩევანის წინაშე, ინვესტიცია მიიღოს თუ უარი თქვას რუსული კომპანიების შეთავაზებებზე, ასეთ შემთხვევებში უპირატესობას ანიჭებს ინვესტიციასა და ბიუჯეტში შემოსავლის მიღებას“, უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ელექტროსადგურების გასხვისების გადაწყვეტილება დაბალი საინვესტიციო აქტივობის ფონზე მიიღო. საქმე ისაა, რომ, „საქსტატის“ მონაცემებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16 პროცენტით შემცირდა. ნარმანიას თქმით, გასათვალისწინებელია რეგიონის სპეციფიკაც: საქართველოს საინვესტიციო კლიმატით ინტერესდება ან რუსეთი, რომელსაც საკუთრების შეძენა გავლენისა და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად სჭირდება, ან შედარებით ახალი ინვესტორი, რომელიც არ იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას ჰიდროენერგეტიკის განვითარება ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითად მიმართულებად აქვს გამოცხადებული. ამის შესახებ ვრცლად ილაპარაკა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორიოდე კვირის წინ ენერგეტიკის სამინისტროში სტუმრობისას:

„დღეს მსოფლიო მართლაც არის ენერგეტიკული უფსკრულის პირას. ეს ურტყამს თითოეული მომხმარებლის ინტერესს, ურტყამს მთლიანად ეკონომიკას. ამ სიტუაციაში ჩვენი გამოსავალი არის მრავალი ჰესის მშენებლობა. ამიტომ იმას, რასაც თქვენ მოაწერეთ ხელი თურქეთთან, არის ნამდვილი ისტორიული გარღვევა.“

ისტორიული გარღვევა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ახალი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტს რუსული „ინტერ რაო ეეს“-იც განახორციელებს. 1 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით, იგეგმება ასევე საქართველოდან რუსეთში გასატანი ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG