Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 7 აპრილი 2011


გაზეთებში დღეს ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე წაიკითხავთ. ”მთავარი პრობლემა - დასაქმება” – ”24 საათი” ვრცელ სტატიას უძღვნის ამ საკითხს და, შედეგების გამოქვეყნების გარდა, ექსპერტების მოსაზრებებსაც სთავაზობს მკითხველს. ერთ-ერთი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილია, რომელიც, წინა კვლევის შედეგთან მსგავსების გარდა (პრობლემების სპექტრს გულისხმობს), განსხვავებასაც ხედავს რამდენიმე მონაცემში. ”გამოკვეთილია პოზიცია, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა. თუ წინა წლებში საზოგადოების ზოგადი განწყობა ისეთი იყო, რომ ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებებით გარკვეული პროგრესი განიცადა, ახლა რესპონდენტები სტაგნაციის მდგომარეობაზე მიუთითებენ”, - უთქვამს კაჭკაჭიშვილს ”24 საათისთვის”.

”ბოკერიას და მერაბიშვილის გუნდები ერთმანეთს დაეტაკნენ” - ეს ”ახალი თაობის” სათაურია. ავტორი ”კომპეტენტურ წყაროზე” დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლებაში ორი დაჯგუფება არსებობს - ადეიშვილი-ბოკერია-უგულავასი და მერაბიშვილი-ტყეშელაშვილის, რომელთა შორის, იმავე წყაროს მტკიცებით, ბალანსი არსებობს და ორივე მათგანს ძლიერი გავლენა აქვს ტელევიზიებზე. იგივე წყარო ”ახალ თაობას” ეუბნება, რომ ”სააკაშვილი პოლიტიკიდან არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს წასვლას”, თუმცა, ”ჯერჯერობით თავისივე გუნდს არ უმხელს, თუ რა თანამდებობაზე უდგას თვალი და არგამხელის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ არ დაარღვიოს ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ე.წ. სიმშვიდე”.

”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ვალერი გელბახიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლება იმიტირებულ შეთქმულებებსა და დეზინფორმაციას მიმართავს ოპოზიციის ნეიტრალიზაციის მიზნით. გელბახიანი აგრეთვე ამბობს: ”პირდაპირ გეტყვით, დასამალი რა არის და ბადრი ბიწაძეზე იგეგმება ტერორისტული აქტი და ეს დაბრალდება ლევან გაჩეჩილაძეს.”

”ყველა სიახლეში” სოზარ სუბართან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”თუ ლაპარაკია სამოქალაქო თანხმობაზე, უნდა მოვახერხოთ ყველასთან ლაპარაკი. ჩვენი ყველას სამიზნე უნდა იყოს ხელისუფლება და არა - ერთმანეთი. ვერსად ნახავთ ჩვენგან რაიმე სახის კრიტიკულ განცხადებებს ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის მიმართ.”

”რეზონანსი” წერს: ”ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ნაწილი რეგიონში სოფლებისათვის აზერბაიჯანული სახელების ქართულად გადაკეთებას აპროტესტებს. ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ არასოდეს ყოფილან სეპარატისტულ პოზიციებზე, თუმცა სახელების გადაკეთება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით გუშინ ბაქოში ქვემო ქართლის აზერბაიჯანული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს”, - წერს ”რეზონანსი”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” აშშ-ში ქართული ემიგრაციის შესახებ გაზეთის ნიუ-იორკელი კორესპონდენტის წერილის პირველი ნაწილი ქვეყნდება: ”საქართველოში ემიგრაცია სავალუტო ერთეულებად კონვერტირდება და ”გამოითვლება” ამერიკიდან, ევროპიდან, ყოფილი სსრკ-დან გამოგზავნილი ფულით, ანუ ტრანსფერით. მითოლოგიზებული ქვეყანა საბანკო ”გაზსადენით” სამშობლოსთანაა მიერთებული. ემიგრაცია მეწველი ძროხა - ფანტომივითაა, რომელმაც იმისთვის უნდა იარსებოს, რომ სხვას ”ცხოვრება აცალოს”, ანუ აცხოვროს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG