Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელევიზიო გემოვნების თავისებურებანი


ამ კვირაში ტელეკომპანია ”იმედმა” საინფორმაციო პროგრამაში სამწუთიანი რეპორტაჟი მიუძღვნა იმას, რომ მის ეთერში ერთი, 165 სერიანი მექსიკური სერიალი, მართალია, უკვე დასრულდა, მაგრამ მეორის ჩვენება იწყება. ჟურნალისტმა მაყურებელს უამბო, რომ სერიალი, სახელწოდებით ”როცა სიყვარული მოდის,” შექმნილია ”ცნობილი ნოველისტის კარიდად ბრავო ადამსის რომანის მიხედვით”, და დასძინა, რომ ”ერთ სერიალში გაერთიანებული საინტერესო ისტორიები მაყურებელს ამჯერადაც არ მოაკლდება.”
ხშირად ისმის ხალხისგან, რომ როდესაც უყურებენ საინფორმაციო გადაცემებს, იწყება ძალიან ნეგატიური ამბებით, რაც დღევანდელი გართულებული ცხოვრების პირობებში კიდევ უფრო ცუდად აისახება მათ განწყობაზე ...

იმას, რასაც ქართული ტელეარხების უმრავლესობა მაყურებელს არ აკლებს, ანუ ლათინურ ამერიკაში წარმოებულ სერიალებს, თუ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევით ვიმსჯელებთ, უპირატესობას მაყურებელთა 30% ანიჭებს. მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეს ანგარიში, რომელიც BCG Research-მა მოამზადა, განსაკუთრებული ინტერესის და ეჭვის საფუძვლადაც მას შემდეგ იქცა, რაც, დასკვნითი ნაწილის თანახმად, საქართველოში არსებული სატელევიზიო გადაცემებიდან მაყურებელი უპირატესობას გასართობ პროგრამებს ანიჭებს, მიიჩნევს, რომ საინფორმაციო გადაცემებით ეთერი ”გაჯერებულია” და, ამ მხრივ, ”დამატებითი მოთხოვნა არ ვლინდება.” მსგავსი ტენდენცია საეჭვოდ არ მოეჩვენა რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულ მაყურებელთა ნაწილს, რომლის არგუმენტი ერთ-ერთმა მათგანმა ამგვარად ახსნა:

”ხშირად ისმის ხალხისგან, რომ როდესაც უყურებენ საინფორმაციო გადაცემებს, იწყება ძალიან ნეგატიური ამბებით, რაც დღევანდელი გართულებული ცხოვრების პირობებში კიდევ უფრო ცუდად აისახება მათ განწყობაზე. სწორედ ამან განაპირობა, რომ ურჩევნიათ უყურონ გასართობ პროგრამებს და მუსიკალურ გადაცემებს, ვიდრე გაიგონ, თუ ვინ ვის გამოჭრა ყელი ან გააუპატიურა.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემებს უპირატესობას ანიჭებს გამოკითხულთა მხოლოდ 10,6%, ანალიტიკურს კი - 3,9%. გასართობი და მუსიკალური პროგრამების საერთო პროცენტული მაჩვენებელი 64-ს აჭარბებს. სატელევიზიო სერიალების შემდეგ პოპულარობით მხატვრული ფილმები სარგებლობს. მსგავსი სატელევიზიო გემოვნების მაყურებელს, როგორც რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვიდან გაირკვა, კონკრეტული მოთხოვნებიც აქვს. კერძოდ, ის, რომ უცხოური გასართობი პროგრამების ქართული ანალოგები და ორიგინალური პროექტები, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოა და დახვეწა სჭირდება, სერიალების რაოდენობა შესამცირებელია, მხატვრული ფილმების ტიტრებით ყურება კი - დამღლელი.

ცოტა შეურაცხმყოფელია საზოგადოება ”დაადანაშაულო” და მისი სახელით თქვა, რომ ორიენტირებულია მხოლოდ გასართობ და მუსიკალურ შოუებზე ...
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც 2008-2010 წლებს მოიცავს, საგრძნობლად განსხვავდება ევროკავშირის მხარდაჭერით 2009 წელს მომზადებული ანგარიშისგან. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდია მოთხოვნა საინფორმაციო პროგრამებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე. სწორედ მსგავს შედეგს მიიჩნევს რეალობასთან გაცილებით ახლოს რადიო თავისუფლების რესპონდენტთა კიდევ ერთი ნაწილი. ამ კატეგორიის მაყურებელთა სურვილია, რომ არსებობდეს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც, მათივე თქმით, მთელ ქვეყანაში მაუწყებელი ტელეკომპანიებიდან ამჟამად მხოლოდ პირველ არხს აქვს. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: ”დღეს ტელევიზიაში საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამები ძალიან ნაკლებადაა და გასართობია ძალიან ბევრი. რატომღაც არ მჯერა, რომ ნორმალურ ადამიანს დღეს არ სჭირდება ინფორმაციის მუდმივად მიღება, მაგრამ მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის.”

კომუნკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით მომზადებული ანგარიშისთვის, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო. თსუ-ს პროფესორი, ფსიქოლოგი ეკა ფირცხალავა მიიჩნევს, რომ თუ ეს კვლევა ზოგადად მსგავსი გამოკვლევებისთვის დამახასიათებელი წესითაა ჩატარებული და რეალობას ასახავს, გამოდის, რომ საქართველოში საზოგადოება ცუდ მდგომარეობაშია. ”ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს არ არის ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე საზოგადოების აზრი, თუკი ომის შემდეგ მოთხოვნილება გაქვს რაც შეიძლება მეტ გასართობ გადაცემაზე და სადღაც მერვე ადგილზეა საინფორმაციო პროგრამები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფირცხალავამ. ამასთან, მისივე თქმით, თუ იმ პირობებში, როდესაც ქართულ ტელესივრცეში ანალიტიკური და პოლიტიკური თოქ- შოუები თითზე ჩამოსათვლელია, გამოკვლევის ავტორებმა მაყურებელს შესთავაზეს იმის შეფასება, რასაც დღეს უჩვენებენ, მისი პასუხი სიმართლეა. თუმცა, როგორც ეკა ფირცხალავა ამბობს:

”თუ კვლევისას ადამიანს ეკითხები, რა მოთხოვნილება აქვს, ცოტა შეურაცხმყოფელია საზოგადოება ”დაადანაშაულო” და მისი სახელით თქვა, რომ ორიენტირებულია მხოლოდ გასართობ და მუსიკალურ შოუებზე. შეუძლებელია ჩვენს პირობებში ასეთი რამ იყოს ნორმალურ, ჯანსაღ საზოგადოებაში.”

ეკა ფირცხალავა, რომელიც თავადაც არაერთი კვლევის ავტორია, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ დღეს არ არსებობს მოთხოვნა ინფორმაციასა და სერიოზულ ანალიტიკაზე. და არც ზოგიერთ ტელეკომპანიაში დამკვიდრებულ პოზიციას ეთანხმება, რომ ტელევიზია მხოლოდ რეიტინგისთვის უნდა მუშაობდეს და მას სხვა ფუნქცია არ გააჩნია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG