Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის მიმდებარე ზონა დახურულად გამოცხადდა


იაპონია
იაპონია
ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე 20-კილომეტრიანი ზონა იაპონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა დახურულ ზონად. საგანგებო რეჟიმი დღეს შუაღამიდან ამოქმედდება. ხელისუფლება ამ წესის დაცვისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და შეახსენებს, რომ ეს მათივე ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის კეთდება, რადგან ფუკუსიმის ზონა კვლავაც არასტაბილურია. დახურულ ზონად გამოცხადებული ტერიტორია 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ თითქმის 80 ათასმა მცხოვრებმა დატოვა. თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ ისინი დროდადრო ბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე და პოლიციას არ ჰქონდა კანონიერი ბერკეტი მათთვის ეს აეკრძალა. ”ასოშიეიტიდ პრესის” ინფორმაციით, ის, ვინც დახურულ ზონაში ნებართვის გარეშე შევა, 100 000 იენამდე (დაახლოებით $1 200) ჯარიმის გადახდა და დაპატიმრება ემუქრება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დახურული ზონის მცხოვრებლებს მიეცემათ საშუალება მოკლე ხნით შევიდნენ იქ საკუთარი ნივთების გამოსატანად, თუმცა ისინი ვალდებული იქნებიან რადიაციაზე სკრინინგი გაიარონ. ავარიების შემდეგ ფუკუსიმის ელექტროსადგურიდან რადიაცია ვრცელდება ჰაერში, ნიადაგსა და ზღვაში.
XS
SM
MD
LG