Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება


აბასთუმნის თავზე ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შს სამინისტროს თანახმად, ხუთ ჰექტრამდე გავრცელებული ხანძრის მიუხედავად, ვითარება საგანგაშო არ არის, რადგან ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის, აცხადებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მისივე თქმით, ჩაქრობით სამუშაოებს მიუვალი ტყე და უგზოობა ართულებს.

მუშაობა დაიწყო მძიმე ტექნიკამ, ჩართულია ცოცხალი ძალა და მეხანძრე-მაშველები დაახლოებით 15 საათიდან შეუსვენებლად მუშაობენ. მობილიზაცია გამოაცხადა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. ადიგენის 20-მდე სოფლის მაცხოვრებელი ბარებითა და ნიჩბებით მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიწის მოჭრას და ამით ხანძრის გავრცელებას უშლიდა ხელს.

საგანგებო შტაბი უკვე აბასთუმანშია გადმოტანილი. შტაბის ინფორმაციით, რუკაზე დატანილია კოორდინატები და რუკის მიხედვით ხდება ვერტმფრენისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად რამდენიმესაათიანი შრომისა, ხელისუფლებას უჭირს დამწვარი ფართობის რაოდენობის ოფიციალურად დასახელება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე აცხადებს, რომ მიწის გაჭრა ორი მიმართულებით ხდება.

დიდი დაკვამლიანება, ქარი, მიუდგომელი ადგილები და კომუნიკაციის არარსებობა განსაკუთრებით უშლის ხელს მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ლოკალიზებაში. ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში აბასთუმანი მეოთხე ტერიტორიაა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ბორჯომის ხეობის მერე, 3 ჰექტარზე დაიწვა ტყე ახალქალაქში; ცეცხლი გაჩნდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში და ახლა უკვე აბასთუმანში, ნაკრძალის ტერიტორიასთან ახლოს. ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ყურადღებას აღარ ამახვილებს დაუდევრობაზე.

გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჯარის ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს. ადგილობრივი მოსახლეები კი ფიქრობენ, რომ ხანძრის ჩაქრობის საუკეთესო გზა ავიაცია და წვიმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG