მისი ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს ადერალი (Adderall) - მედიკამენტი, რომელსაც ის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის - ADHD-ის სამართავად ექიმის დანიშნულებით იღებს.
როგორც გაირკვა, საიმონს თან არ ჰქონდა რეცეპტი - დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მსგავსი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას.
რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქემ ვერ წარმოადგინა სავალდებულო დოკუმენტაცია, რის გამოც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.“
კანადელი ტურისტის წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს გაიმართება. ახლა ის გლდანის N8 დაწესებულებაშია. მისი ადვოკატი, გიგა ბაკურაძე, რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ საიმონ როვენსკი „მედიკამენტს იღებდა ექიმის დანიშნულებით“, თუმცა მან „არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა“, რომ საქართველოში მოგზაურობისას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისი რეცეპტი და წამლის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ადერალი (Adderall) გამოიყენება ADHD-ის სამართავად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. იგი შეიცავს ამფეტამინის ჯგუფის ნივთიერებებს, რომლებიც თავის ტვინში დოპამინისა და ნორადრენალინის აქტივობაზე მოქმედებს. ამფეტამინის შემცველობის გამო Adderall ბევრ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება, რის გამოც მისი შეძენა, ფლობა და საზღვარზე გადატანა სპეციალურ წესებს ექვემდებარება.
დაცვის მხარეს უკვე აქვს კანადიდან გამოგზავნილი აპოსტილით დამოწმებული რეცეპტი და სამედიცინო დოკუმენტები სასამართლოს სხდომაზე წარსადგენად.
პარალელურად კი, „ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.“- ამბობს ადვოკატი.
საიმონის საქმე, ერთი შეხედვით, შეიძლებოდა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევად დარჩენილიყო, მისი ისტორია უფრო ფართო, სისტემურ პრობლემებს რომ არ უკავშირდებოდეს.
ADHD-ის მქონე ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ საზღვრის კვეთისას მსგავსი მედიკამენტების გამო წარსულშიც არაერთ ადამიანს შექმნია პრობლემები - რაც გულისხმობდა დამატებით შემოწმებებს, დაკითხვებს, ხანგრძლივ შეფერხებებსა და ზოგ შემთხვევაში პატიმრობასაც კი.
ამ სტატიაში ვეცდებით, გავარკვიოთ, რატომ არ იყენებს საქართველო ადერალს ან მსგავს პრეპარატებს, რომლებიც მსოფლიოს მილიონობით პაციენტისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სამართავად? ზოგადად, რამდენად ხელმისაწვდომია ADHD-ის მართვა ქვეყანაში და სად გადის ზღვარი ჯანდაცვის საჭიროებებსა და სამართლებრივ რეგულაციებს შორის?
დავით ჯინჭარაძე: „გეფიქრება იმაზეც, ციხეში არ წაგიყვანონ ეგრევე, იმიტომ, რომ ADHD გაქვს“
საიმონ როვენსკის ისტორიამ დავით ჯინჭარაძეს საკუთარი გამოცდილება გაახსენა. 2024 წელს, ლონდონიდან საქართველოში დაბრუნებისას, ისიც ADHD-ის სამართავად დანიშნული მედიკამენტის გამო გააჩერეს საზღვარზე.
დავითს ჰკითხეს, რა პრეპარატი ჰქონდა თან და რისთვის იყო დანიშნული. შემდეგ, როგორც ამბობს, სიტუაცია დაიძაბა.
„დაიწყეს ჯერ ამ წამლის ინგრედიენტების შემოწმება. ვუთხარი, რისი წამალიც იყო. დამიწყეს დაკითხვა, შემდეგ მუქარაც კი იყო, რომ ახლა თუ სრული დოკუმენტაცია არ გექნება, შეგვიძლია, რომ ციხეში გაგიშვათ საერთოდო“, - იხსენებს ის.
ამბობს, რომ მედიკამენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფორმით ჰქონდა თან. საბოლოოდ კი ყველაფერი „ისე დამთავრდა, რომ არც ციხე იყო და არც ჯარიმა.“
დავითი ახლა 26 წლისაა, განათლებით ფსიქოთერაპევტი. ADHD-ის დიაგნოზი 5 წლის წინ, 21 წლის ასაკში, ბრიტანეთში სწავლის პერიოდში დაუსვეს. თავს ყურადღების დეფიციტის ნიშნებს ამჩნევდა. მის გარშემო ბევრ ადამიანს უკვე ჰქონდა ეს დიაგნოზი და მანაც, თავად მიმართა ექიმს. „უბრალოდ ჩემთვის იმის ცოდნა, რომ ზარმაცი ან უყურადღებო კი არ ვარ, არამედ მაქვს მიზეზი, განსაკუთრებული სენსიტიურობა რაღაცების მიმართ. მნიშვნელოვანი და შვების მომგვრელიც კი იყო..“
დავითი გვეუბნება, რომ მრავალფეროვანი ინტერესები აქვს - პოლიტიკა, ფსიქოლოგია, აქტივიზმი… „მაგრამ ეს ინტერესი და ყურადღების დონე შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.“ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო კარგი მოსწავლე, კარგი სტუდენტი, შემდეგ კი პროფესიულად წარმატებული მენეჯერი, „სულ რაღაც ისეთი შეცდომები და ისეთი რაღაცები მეპარებოდა, რასაც „უყურადღებობას“ არქმევენ საქართველოში.“
იგი იხსენებს, რომ მკურნალობის დაწყების შემდეგ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. „აბსოლუტურად, აბსოლუტურად აღმოიფხვრა ეგ პრობლემა. ფიქრების დონეზეც წესრიგდება, ხდები უფრო კონცენტრირებული, უფრო შეგიძლია თუნდაც მცირე დეტალებზე ფოკუსირება.“ ADHD-ის სამართავად მედიკამენტების მიღება მაშინ დაწიყო, როცა გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობდა. ამან გააუმჯობესა მისი მუშაობის ხარისხიც და პროდუქტიულობაც. „ეს წამალი მეხმარებოდა, რომ ბევრი საათის განმავლობაში შემენარჩუნებინა სტაბილურობა. სტაბილურობისა და საკუთარი თავის ფოკუსირების საშუალება იყო უბრალოდ.“
ახლა ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, მალე საქართველოში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ამაზე ფიქრისას არაერთი კითხვა უჩნდება. „ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი ADHD-ით, როცა არ აქვს წვდომა არც თერაპიაზე, არც მედიკამენტებზე და არც იმ მინიმალურ მხარდაჭერაზე, რაც ასეთ ადამიანებს სჭირდებათ - მათ შორის, საზოგადოების მხრიდან გაგება და მიღება“
აწუხებს ისიც, რომ ADHD-ის მქონე ადამიანებს ზოგჯერ პოტენციურ დამნაშავეებად უფრო აღიქვამენ, ვიდრე პაციენტებად, რადგან წლების წინ მან ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. „გეფიქრება იმაზეც, ციხეში არ წაგიყვანონ ეგრევე იმიტომ, რომ ADHD გაქვს“
„ფოსტაში წამლის ასაღებად მისული ოჯახის წევრი დაიჭირეს”
რადიო თავისუფლება ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილსაც დაუკავშირდა, თავდაპირველად - საქართველოში ADHD-ის მართვის კუთხით არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ. მაგრამ, პირველი, რაც მან გვითხრა, იყო ის, რომ რაც საიმონისა და დავითს შეემთხვათ არც მისთვისაა უცხო - ასეთ ამბავს ინახავს მისი პრაქტიკაც. მანვე გაიხსენა ქართველი ქალის ისტორია, რომელიც, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყო და დიაგნოზი იმ ქვეყანაში ჰქონდა დასმული. საქართველოში დაბრუნების დროსაც დასჭირდა მას ექიმის დანიშნული მედიკამენტის მიღება. „ოჯახმა ექიმთან გამოწერილი ერთი თვის პრეპარატი გამოუგზავნა და ფოსტაში წამლის ასაღებად მისული ოჯახის წევრი დაიჭირეს.“ ფსიქიატრის თქმით, შემთხვევის შემდეგ პროცესში ჩაერთო მკურნალი ექიმი, რომელმაც გადმოაგზავნა დიაგნოზი და დანიშნულება. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნა ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტრომ დაადგინა, რომ მედიკამენტი სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე იყო დანიშნული და „ეს დაჭერილი ოჯახის წევრი გამოუშვეს.“
რადიო თავისუფლებამ ADHD-სთან დაკავშირებით მოისმინა კიდევ ორი ადამიანის ისტორიაც - ერთ მათგანს ADHD-ის დიაგნოზი ზრდასრულ ასაკში დაუსვეს, მეორე კი დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნის მშობელია.
ნინო ანანიაშვილი „ჩემი ცხოვრება ბევრად დალაგდა დიაგნოზის მერე“
ნინო ანანიაშვილი, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ადრეული განვითარების სპეციალისტი, დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდა, რომ შესაძლოა ჰქონოდა ADHD, თუმცა, როგორც თავად ამბობს, თვითდიაგნოზის დასმისგან ყოველთვის იკავებდა თავს. გვიყვება, რომ მისთვის რთულია უწყვეტი კონცენტრაცია და ერთ ადგილზე გაჩერება. „მე ვერ დავდივარ კინოში. შეიძლება ფილმი ძალიან მაინტერესებდეს, მაგრამ ორი საათი ერთ ადგილას ჯდომა ჩემთვის წამებაა. ან წინ და უკან უნდა ვიარო, ან რაღაცით ვიყო დაკავებული - ვქსოვ, ვხატავ - ხელები უნდა მქონდეს დაკავებული. ეს ჩემთვის აუცილებელია, რომ აღვიქვა“
ფსიქიატრთან მისვლა სხვა მიზეზით მოუხდა. მისი თქმით, თბილისში 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციების დარბევების შემდეგ „უსაფრთხოების განცდა იმდენად შეერყა“, რომ დახმარების ძებნა გადაწყვიტა. „ქუჩაშიც კი მიჭირდა სიარული“, - იხსენებს ის.
მუშაობდა ფსიქიატრთან და პარალელურად - ფსიქოლოგთანაც. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე სპეციალისტს დამოუკიდებლად გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ჰქონოდა ADHD. შემდგომმა შეფასებამ ეს ეჭვი დაადასტურა და ნინოს ADHD-ის დიაგნოზი დაუსვეს. „ჩემი ცხოვრება ბევრად დალაგდა დიაგნოზის მერე და ძალიან ვნანობ, უბრალოდ აქამდე რომ არ მივედი და ამ ეჭვებით ვცხოვრობდი იმიტომ, რომ ბევრ ქცევას მოეძებნა ახსნა.“ მისივე თქმით, ეს პროცესი დაეხმარა საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და თვითშეფასების გაუმჯობესებაში. „ადრე მეგონა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მაგალითად, ღამის 12 საათზე ოთახის დალაგება რატომ უნდა მინდოდეს. ახლა კი ვხვდები, რომ უბრალოდ ასე მუშაობს ჩემი რეჟიმი და აღარ ვსჯი საკუთარ თავს ამის გამო.“
ნინოს თქმით, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მკურნალობაზე, მათ შორის მედიკამენტებზე, შეზღუდული ხელმისაწვდომობაა. კვალიფიციურ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციაც ძირითადად თბილისშია შესაძლებელი. „თბილისს გარეთ აბსოლუტური სიჩუმეა, აბსოლუტური სიბნელე. ლოკაცია ჯანმრთელობას არ განსაზღვრავს. მე თვითონ მინახავს გურიაში, მივარდნილ ადგილებში ადამიანები ისეთი დიაგნოზებით, რომ მათი არსებობის შესახებაც კი არ იციან.“
თინას შვილის ისტორია: „ძვირი ჯდება ეს თერაპია და დაზღვევაც არ ფარავს“
თინას (ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით, ამ ისტორიაში რესპონდენტის სახელი შეცვლილია) არასრულწლოვან შვილს ADHD-ის დიაგნოზი წელიწად-ნახევრის წინ დაუსვეს, თუმცა იქამდეც, წლების განმავლობაში, ის შვილს ამჩნევდა ქცევებს, რომლებიც მისთვის თავდაპირველად გაუგებარი და აუხსნელი იყო. „არის წარმოუდგენლად დაბნეული. სკოლაში სკოლის ფორმის გარეშე წასვლა, ძალიან ელემენტარული რაღაცების გამეორება სჭირდებოდა, რომ გაეკეთებინა. მაგალითად, რომ ფეხზე ჩაიცვას იმიტომ, რომ შეიძლება უცებ დაავიწყდეს და სისწრაფეში ჩუსტებით გავიდეს“
მასწავლებლებიც ეუბნებოდნენ, „რომ ძალიან დაბნეულია“, - ამბობს თინა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამ სირთულეების პარალელურად, „ბავშვს აქვს სწრაფად ათვისების უნარი, განსაკუთრებით ენების მიმართულებით.“
დიაგნოზის დასმის შემდეგ, როგორც სხვა რესპონდენტების შემთხვევაში, თინასთვისაც ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და შვილის ქცევებიც უფრო გასაგები გახდა. მისი თქმით, ამ პროცესმა უბიძგა ADHD-ის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეძიებინა და უკეთ გაეგო, როგორ ვლინდება ეს მდგომარეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თინას თქმით, მის შვილს ADHD-ის მსუბუქი ფორმა აქვს. ფსიქიატრებმა მათ ურჩიეს, მაქსიმალურად შეემცირებინათ გაჯეტების გამოყენების დრო. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მეტი ფიზიკური აქტივობა - მათ შორის სეირნობა და ბუნებაში დროის გატარება, ასევე ახალი ინტერესებისა და ჰობის მოძიება. პარალელურად, ბავშვი თერაპიაზეც დადიოდა, თუმცა, როგორც თინა ამბობს, „ძვირი ჯდება ეს თერაპია და დაზღვევაც არ ფარავს“
მისივე თქმით, როდესაც ფსიქიატრს ADHD-ის მართვის საერთაშორისო პრაქტიკებზე ესაუბრებოდა, მიიღო პასუხი, რომ „წამლები ჩვენთან აკრძალულია.“
თინასთვის, როგორც მშობლისთვის, მთავარი პრობლემაა „კატასტროფული სტიგმების არსებობა“ და ADHD-ის სამართავად საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული მედიკამენტების ნაწილის მიუწვდომლობა.
„ჩემი შვილი რამდენიმე წელში სრულწლოვანი ხდება და თუ ეს წამლები ისევ აკრძალული იქნება, ამდენი ადამიანი, რომელსაც ADHD აქვს, მხოლოდ ძალიან ძვირადღირებული თერაპიის იმედად რჩება.“ მისი თქმით, პრობლემაა ასევე ისიც, რომ ADHD-ისა და ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის საკითხების მიმართ სახელმწიფოს აქვს სრულიად გულგრილი დამოკიდებულება. „ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამ დაულაგდება, მაგრამ ჩვენ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო ADHD-ზე, ისევე, როგორც ბევრ სხვა დიაგნოზსა თუ დაავადებაზე, თვალს ხუჭავს“
რატომ კონტროლდება მკაცრად ADHD-ის სამართავად განკუთვნილი მედიკამენტები?
ADHD-ის სამკურნალო სტიმულანტური მედიკამენტები, მათ შორის ადერალის ტიპის პრეპარატები, ტრადიციულად გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამართავად. თუმცა, ამავე ჯგუფის მედიკამენტებს ახლავს ბოროტად გამოყენების გარკვეული რისკიც.
ექიმების თქმით, არამიზნობრივი გამოყენება შეიძლება გულისხმობდეს პრეპარატის არასამედიცინო მიზნით გამოყენებას - მაგალითად, კონცენტრაციის გასაძლიერებლად, ენერგიის ასამაღლებლად, ნარკოტიკული თრობისთვის და სხვ.
სწორედ ამ რისკების გამო, ბევრ ქვეყანაში ეს მედიკამენტები მკაცრად კონტროლდება და მათი შეძენა სპეციალურ, ხშირად მკაცრ წესებს ექვემდებარება.
თუმცა, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გვეუბნება, რომ „ზედმეტად მკაცრმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად, დიაგნოსტიკის შეფერხება, მკურნალობის დაგვიანება და ა.შ ამიტომ, „თანამედროვე მიდგომა ყველა ქვეყანაში ცდილობს, რომ იპოვოს ბალანსი - მედიკამენტები იყოს კონტროლირებული, მაგრამ არა - მიუწვდომელი.“
ფსიქიატრის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდულია, ADHD-ის მართვა გარკვეულ დონეზე მაინც შესაძლებელია - „ძალიან მნიშვნელოვანია კალენდრები, შემხსენებლები, დღის მკაცრი სტრუქტურირება, დიდი დავალებების პატარა ეტაპებად დაყოფა“, თუმცა ეს მეთოდები ყოველთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს ADHD-ის მძიმე ფორმებთან, რადგან ამ დროს ხშირად აუცილებელი ხდება მედიკამენტური მკურნალობა. „ამიტომ ბევრ ქვეყანაში მედიკამენტებზე წვდომა განიხილება არა როგორც კომფორტის მომენტი, არამედ, როგორც ფუნქციონირების, განათლებისა და შრომითი უფლებების საკითხი.“
„ეს არის ფინანსური ტვირთიც“
ნინო ოკრიბელაშვილი ADHD-ის ირგვლივ არსებულ სხვა კომპლექსურ გამოწვევებზეც საუბრობს, რომლებიც მოიცავს სოციალურ და სისტემურ ბარიერებსაც და გვიხსნის, რომ „ეს არის ფინანსური ტვირთიც, პირდაპირი და არაპირდაპირი, რომელიც ამ ოჯახებს აწვებათ, ამ ახალგაზრდებს აწვებათ.“
ჩვენ მას ვკითხეთ, ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე:
„ადამიანი - იქნება ქართველი, თუ არ იქნება ქართველი, უნდა სარგებლობდეს სწორედ იმ უფლებით, რასაც ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება ჰქვია“, - გვპასუხობს ის და ხაზს უსვამს, რომ კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია პროფესიული თემის ჩართულობა, რომელიც შეაფასებს მედიკამენტების საჭიროებასა და კლინიკურ პრაქტიკას.
რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თან?
საქართველოში ადერალის მსგავსი მედიკამენტებს ექიმი ვერ გამოგიწერთ, შემოტანა კი მკაცრად რეგულირდება და საჭიროებს წინასწარ მომზადებულ დოკუმენტაციას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, „შემოტანის შემთხვევაში, სავალდებულოა, ნებისმიერმა პირმა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქემ, წარმოადგინოს ბეჭდით დამოწმებული ინგლისურენოვანი რეცეპტი, რასაც დართული უნდა ჰქონდეს აღნიშნული რეცეპტის გამცემი ექიმის სერტიფიკატი და მოხდეს მედიკამენტების დეკლარირება.“
თუ საზღვარზე არ გადაგამოწმეს და ქვეყანაში მედიკამენტებით შემოხვედით, მაინც აუცილებელია, თან გქონდეთ ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი, ექიმის სერტიფიკატი და თქვენი მედიკამენტები იყოს დეკლარირებული, იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცავები უკვე ქვეყნის შიგნით, გადამოწმების საბაბით შეგაჩერებენ და ამ მედიკამენტებს აღმოგიჩენენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თან არსებული მედიკამენტების რაოდენობა და დოზა შეესაბამებოდეს რეცეპტში მითითებულს.
ფორუმი