Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა გროზნოში აფეთქებას


გროზნო
გროზნო

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რასაც ხუთი პოლიციელის სიკვდილი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის დანაყოფი იუწყება, რომ მოიერიშემ თავი აიფეთქა 5 ოქტომბერს იმ საკონცერტო დარბაზის წინ, სადაც ცოტა ხანში უნდა დაწყებულიყო გროზნოს დღის აღსანიშნავი კონცერტი. დაიჭრა, სულ მცირე, 12 ადამიანი.

ქალაქ გროზნოს დღე წელს დაემთხვა ჩეჩნეთის პრომოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დაბადების დღეს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც საკონცერტო დარბაზის წინ მეტალის დეტექტორებთან მუშაობდნენ, დააეჭვა ხალხში მდგარი ახალგაზრდა მამაკაცის ქცევამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამუშავა, როცა მას პოლიციელები მიუახლოვდნენ.

პოლიციის ცნობით, მოიერიშე, რომელიც თავადაც დაიღუპა აფეთქების შედეგად, პირველადი შემოწმებით ამოცნობილ იქნა როგორც 19 წლის ოპთი მუდაროვი.

პოლიციის თანახმად, მუდაროვი გროზნოს სტაროპრომისლოვის უბნიდან იყო, სახლიდან ორი თვის წინ წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

საკონცერტო დარბაზის წინ მომხდარი აფეთქების შესახებ ცოტა სხვაგვარი ვერსია წარმოადგინა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, მოიერიშე პისტოლეტით იყო შეიარაღებული, თავს პოლიციელად ასაღებდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ გაააქტიურა, როცა მას ჩხრეკის ჩატარების მიზნით ნამდვილი პოლიციელები მიუახლოვდნენ.

კადიროვმა პოლიცია შეაქო პროფესიონალიზმისა და სიფრთხილის გამოვლენისთვის, რის შედეგადაც უფრო დიდი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული.

„ხალხი კარგ ხასიათზე იყო, საზეიმოზე - ცეკვავდა, მღეროდა, მხიარულობდა. სატანას ეს არ მოსწონს. ისინი ჩვენთვის ზეიმის ჩასაშხამებლად ემზადებოდნენ. ჩვენი პოლიციელების ძალისხმევით მოხერხდა ტერაქტის აღკვეთა. ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა. ჩვენი ოფიცრები დაიღუპნენ, არიან დაჭრილები. მათ დაამტკიცეს, რომ ნამდვილად დგანან ჩვენი ხალხის სიმშვიდის სადარაჯოზე. დიდება ალაჰს, - მშვიდობიანი მოქალაქეები, მოსახლეობა და სტუმრები არ დაშავებულან", - განაცხადა მან.

რამზან კადიროვის მამა, ყოფილი პრეზიდენტი აჰმად კადიროვი, გროზნოში 2004 წელს მომხდარ აფეთქებას შეეწირა.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმირ კოლოკოლცევის განცხადებით, დაღუპულ პოლიციელებს სიკვდილის შემდეგ მიენიჭებათ ჯილდოები.

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე კადიროვმა დადებითად ისაუბრა გროზნოში მომხდარი ცვლილებების შესახებ - განაცხადა, ქალაქი ახლახან დანგრეული იყო, მაგრამ ხელახლა აშენდაო.

ამავე დროს, კადიროვმა თქვა, რომ ისლამისტი ექსტრემისტები ჩეჩნეთს საფრთხეს აღარ უქმნიან.

ჩეჩნეთს 1990-იან წლებში ორი სეპარატისტული ომი ჰქონდა მოსკოვთან. ომები თანდათან გადაიზარდა რეგიონში ისლამური სახელმწიფოს დაარსებისთვის ბრძოლად, რასაც სათავეში უდგას ჯგუფი, რომელიც თავს „კავკასიის საამიროს“ უწოდებს.

5 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა პირველი მასშტაბური ინციდენტი იყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოკლულ იქნა მეამბოხეთა ლიდერი, დოკუ უმაროვი.

რუსეთში ბოლოს თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმები შარშან ვოლგოგრადში მოხდა. მატარებლის სადგურზე და ტროლეიბუსში მომხდარ აფეთქებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა

XS
SM
MD
LG