Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი


კიევში ააფეთქეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, მაქსიმ შაპოვალი. ოფიციალური განცხადებით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლა, რამდენჯერმე მოეწყო თავდასხმები კონფლიქტის ზონის მიღმაც.

უკრაინის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 27 ივნისის დილას, 8:16 საათზე, მიიღეს შეტყობინება, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა კიევში, სოლომიანსკის რაიონში, დაიღუპა მანქანაში მყოფი პირი და დაიჭრა ერთი გამვლელი. სათვალთვალო კამერას გადაღებული აქვს აფეთქების მომენტი: ავტომანქანიდან ცეცხლის ამოფრქვევა, რასაც მერე უკვე სქელი კვამლი მოჰყვება. იქვე ჩერდება რამდენიმე ავტომანქანა - ისინი, როგორც ჩანს, არ დაზიანებულან აფეთქების შედეგად.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა და ადგილზე მუშაობას შეუდგნენ „უკრაინის პოლიცია, მაშველები, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტები“.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, არტიომ შევჩენკოს, ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ კილოგრამამდე ტროტილს შეიცავდა. „ვფიქრობ, ახლა ყველაფერი არის იმათ ხელში, ვინც გამოძიებას აწარმოებს, უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურატურის ხელში, რადგან მსხვერპლი მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, როგორც თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სარდლობის პოლკოვნიკი“,- უთხრა უკრაინის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა. მოგვიანებით მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ შაპოვალი ბოლოხანს დაბრუნდა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონიდან და სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი მისი „პროფესიული საქმიანობა“ იყო. იუწყებიან ასევე, რომ აფეთქების მსხვერპლი 1978 წელს იყო დაბადებული.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლა, რამდენჯერმე მოეწყო თავდასხმები კონფლიქტის ზონის მიღმაც. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინციდენტი 2016 წლის ივლისში მოხდა კიევში, როცა ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ჟურნალისტი პაველ შერემეტი. წელს, 31 მარტს, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში ასევე ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლკოვნიკი ალექსანდრ ხარაბერიუში. ის იყო მაღალი რანგის ოფიციალური პირი დონეცკის ოლქში, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში.

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს აღემატება.

XS
SM
MD
LG