Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის ცოლი თბილისში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა თბილისში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრა, რომელსაც ადვოკატებიც დაესწრებიან, 15 საათზე დაიწყება. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მადლობას გადაუხდის მისი ობიექტური პოზიციისთვის. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მადლობას არ იმსახურებენ, რადგან ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ ალიევის რეჟიმს ემსახურებიან“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ლეილა მუსტაფაევამ. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრებენ გამოძიების მიმდინარეობაზეც. აფგან მუხთარლის ოჯახი და ადვოკატები საქართველოში მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილონი არიან. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს თბილისის ერთ-ერთი რაიონის პოლიცია. აფგან მუხთარლის ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმიანი პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG