Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთისკენ მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განზრახვას გააუქმოს ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მდინარე ენგურზე განთავსებული გამშვები პუნქტის გარდა. ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფრთხეზე. მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე ლაპარაკობენ საქართველოს მთავრობაშიც და ამ პრობლემის თავიდან აცილების იმედებს საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირებენ. რას აპირებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი და რა შეიძლება გამოიწვიოს ერთადერთი გამშვები პუნქტის დატოვებამ?

აფხაზეთისკენ მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
გადმოწერა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერების განცხადებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმების თაობაზე სახალხო დამცველი სპეციალური წერილით გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, „ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით“ და „გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებით“. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

გარდა იმისა, რომ გალის . . ქვედა და ზედა ზონის სოფლები ენგურის ხიდიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამატებით პრობლემას შექმნის ხიდამდე მისასვლელად. შესაბამისად, მხოლოდ ენგურის ხიდით სარგებლობის იძულება ნიშნავს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას და გალის მოსახლეობის იზოლაციას. ხაზგასასმელია, რომ ენგურის გამშვები პუნქტი გადატვირთულია და მოსახლეობას საათობით რიგში დგომა უწევს გამყოფი ხაზის გადასაკვეთად. სავარაუდოა, რომ სხვა გამშვები პუნქტების გაუქმება კიდევ უფრო გადატვირთავს ენგურის გამშვებ პუნქტს“.

ამავე წერილობით განცხადებაში სახალხო დამცველი მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე მხარეებს გადახედონ თავიანთ პოზიციებს და ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას და უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს.

ჩაკეტილი გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე
ჩაკეტილი გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე

გამშვები პუნქტების დახურვის პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით 2016 წლის მიწურულს იჩინა თავი. კერძოდ, 28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკავშირდება დადგენილებას „საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების განთავსების“ შესახებ. როგორც იმ დღეს ამბობდა მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა ცაავა, ცვლილებები გულისხმობს გალის რაიონის ქვედა ზონაში ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას. იმავე სხდომაზე, თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა შესაძლებლად მიიჩნია გამშვები პუნქტების გაუქმება, - თქვა, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ენგურის ხიდამდე სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით იმგზავრებს და რომ ამ ცვლილებების ძალაში შესვლა 30 დღეშია შესაძლებელი.

ბუნებრივია, იქ არის ძალები და ის ძალები უმრავლესობაშია, ვისაც არ უნდა, რომ ჩვენი ურთიერთობები გამოსწორდეს და ჩვენგან რაიმე პოზიტივი მიდიოდეს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უფრო გააქტიურდება მცდელობები იმისა, რომ დაიხუროს გადასასვლელები და დაიხუროს სხვა ყველანაირი გზა...
ლევან გერაძე

წინა დღეს, 27 დეკემბერს, როდესაც წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გარკვევით თქვა, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა „ევროპულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები“ და „ჟენევის მოლაპარაკებათა წარმმართველები“. 27 დეკემბერს ხაჯიმბამ მომავალი ასე დახატა:

იმუშავებს მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი მდინარე ენგურზე, რომელიცმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შევამციროთ ყველა სახის დანაშაულის რაოდენობა“.

სოხუმის ლიდერების განზრახვის უკან დიდწილად მოსკოვის ხელს ხედავს მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ერთმანეთისგან გათიშოს ქართველები და აფხაზები, რადგანაც ოკუპირებულ რეგიონში არსებული სიტუაცია ალტერნატივის ძიების აუცილებლობას აჩენს, ამ ფონზე კი საქართველოში გატარებული რეფორმები და დაახლოება ცივილიზებულ სამყაროსთან სასურველად გამოიყურება ბევრი ადგილობრივისთვის:

„ბუნებრივია, იქ არის ძალები და ის ძალები უმრავლესობაშია, ვისაც არ უნდა, რომ ჩვენი ურთიერთობები გამოსწორდეს და ჩვენგან რაიმე პოზიტივი მიდიოდეს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უფრო გააქტიურდება მცდელობები იმისა, რომ დაიხუროს გადასასვლელები და დაიხუროს სხვა ყველანაირი გზა... თუმცა ამას დიდი წარმატება არ უწერია. გარკვეულ ეტაპზე, თუკი ჩვენთან ყველაფერი კარგად იქნება, იძულებული გახდებიან სიმკაცრე შეარბილონ“.

ლევან გერაძის თქმით, ერთი საგუშაგოს დატოვება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას და ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება მათზე, ვისაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა სურს და ვისთვისაც დრო განსაკუთრებით ძვირფასია.

სოხუმის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობაშიც. როგორც 6 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორებთან კომუნიკაციით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სოხუმის გეგმა სისრულეში არ იქნეს მოყვანილი და ხელი არ შეეშალოს ხალხის თავისუფალ გადაადგილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ეს შექმნის ძალიან მძიმე ვითარებას, კიდევ უფრო დაამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისათვის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG