Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტარქტიკის ყინულოვან შელფს მოწყდა იმერეთის ზომის აისბერგი


აისბერგის სატელიტური გამოსახულება
აისბერგის სატელიტური გამოსახულება

ანტარქტიკაში ყინულოვან შელფს მოწყდა უზარმაზარი აისბერგი, რომელიც ახლა ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს. მეცნიერთა ინფორმაციით, 5800 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი 10-დან 12 ივლისამდე მონაკვეთში მოწყდა ლარსენ C-ს შელფურ მყინვარს, მასში წლების წინ ბზარის წარმოქმნის შედეგად. აისბერგი ტრილიონ ტონაზე მეტს იწონის. კიდევ რა არის ცნობილი მის შესახებ, ან რამდენად სახიფათოა მისი არსებობა?

გადმოწერა

ანტარქტიკაში ყინულოვანი შელფიდან უზარმაზარი აისბერგის მოწყვეტა დააფიქსირა აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტოს, ნასას წყალზე დაკვირვების თანამგზავრმა. სიგრძეში 175-კილომეტრიანი აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია ბოლო 30 წელიწადში აღრიცხულებიდან. იმისთვის, რომ აისბერგის ზომა უფრო თვალნათლივ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ სიდიდით ის იმერეთის მხარეზე ოდნავ პატარაა.

კონკრეტულად მყინვარები ისეთი ფენომენია, რომ გამყინვარების პერიოდის თვითონ გეოლოგიური დროის განმავლობაში, რამდენიმე ასეული და ათასეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს და დნობა არ ხდება ერთ დღეში და ერთ თვეში, ასე ვთქვათ. ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე პროცესი...
ლევან ტიელიძე

როგორც გლაციოლოგი ლევან ტიელიძე განმარტავს, აისბერგების წარმოქმნა გარდაუვალი პროცესია, რადგან მყინვარები მთელს მსოფლიოში განიცდის დნობას: „ეს არის ბუნებრივი პროცესი, მყინვარების დნობა. დღეს ბევრს საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ დათბობაზე - ეს არის გარდაუვალი, რადგანაც ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად პოსტგლაციალურ პერიოდში, ანუ ეს ნიშნავს „გამყინვარების შემდგომი“, ანუ დათბობის პერიოდში. მყინვარები მთელ მსოფლიოში განიცდის დნობას, ანუ სისქეში შემცირებას,“ - გვითხრა გეოგრაფიის დოქტორმა ლევან ტიელიძემ. მას კანადაში, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში დავურეკეთ.

ლარსენ C-ს მყინვარი, რომელიც ანტარქტიკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს, და რომელსაც ამ თვეში აისბერგი მოწყდა, სიდიდით მეოთხეა ანტარქტიკის ტერიტორიაზე. ახლა აისბერგი, როგორც უკვე თქვით, ეს ტრილიონტონიანი წარმონაქმნი, ოკეანეში გადაადგილდება. ქართველ გლაციოლოგს ვკითხეთ, რამდენად სახიფათოა ახალი აისბერგი გემებისთვის.

„ნაოსნობის შეფერხებას რაც შეეხება, „ტიტანიკის“ შემთხვევა იყო ერთი საუკუნის წინ. ცნობილი ისტორიაა, რომ აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა, მაგრამ დღეს ტექნოლოგიები იმაზე მეტადაა განვითარებული, ვიდრე ეს იყო ერთი საუკუნის წინ და ახლა რადარებითა და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი თანამედროვე ხომალდები და არა მგონია, რომ რამენაირად ხელისშემშლელი იყოს. თუმცა, მაინც საყურადღებოა, რა თქმა უნდა“, - ამბობს ლევან ტიელიძე.

ვარაუდობენ, რომ აისბერგის ჩამოშორება არ გამოუწვევია გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს. მაგრამ მკვლევრები შიშობენ, რომ მისი მოწყვეტა ხელს შეუწყობს შელფური მყინვარის დაშლის პროცესს. ქართველ გლაციოლოგს ვკითხეთ, რამდენად დიდია საფრთხე, რომ აისბერგის წარმოქმნისა და დნობის შემთხვევაში, ზღვის დონე მნიშვნელოვნად აიწევს.

ლევან ტიელიძე
ლევან ტიელიძე

„კონკრეტულად მყინვარები ისეთი ფენომენია, რომ გამყინვარების პერიოდის თვითონ გეოლოგიური დროის განმავლობაში, რამდენიმე ასეული და ათასეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს და დნობა არ ხდება ერთ დღეში და ერთ თვეში, ასე ვთქვათ. ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ეს კონკრეტულად ამ მყინვარის ჩამონგრევა, მოწყვეტა არ იქონიებს გავლენას, მაგრამ ნუ, არის დასკვნები მეცნიერების, რომ ზოგადად მთელი მსოფლიოს მყინვარები რომ დადნეს, ანტარქტიდა და მთის მყინვარები, რამდენიმე ათეული მეტრით აიწევს მსოფლიო ოკეანეს დონე და ამ შემთხვევაში საფრთხე ექმნება სანაპიროზე მდებარე ქვეყნებს და საქართველოც, მათ შორის არის იმიტომ, რომ შავი ზღვის სანაპირო მსოფლიო ოკეანესთან კავშირშია.“ თუმცა, როგორც ლევან ტიელიძე დასძენს, დღეს არავინ იცის, როგორ განვითარდება ეს პროცესი. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ დედამიწაზე ტემპერატურამ, პირიქით, კლება დაიწყოს.

მასალა მოამზადა რადიო თავისუფლების პრაქტიკანტმა ნოდარ ფხალაძემ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG