Accessibility links

22 დეკემბერს, გამთენიისას, საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ახალ სამთავრობო პროგრამას - ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020”. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალ მთავრობაში თვრამეტის ნაცვლად ცამეტი მინისტრია. მთავრობის წევრთა შემცირება შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვის, სპორტის, ენერგეტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროების სხვა სამინისტროებთან შერწყმის შედეგად.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:18 0:00
Direct link
ვერ მოვისმინეთ, რას ჰპირდება ეს მთავრობა პენსიონერებს, დევნილებს. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი მცირე ბიზნესისთვის, ვერ მოვისმინეთ ვერაფერი იმ ათიათასობით ოჯახისთვის, რომელსაც აწუხებს ლარის გაუფასურება და კრედიტები...
დავით ბაქრაძე

„103 მომხრე, 17 წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას. ვულოცავ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს...“ - პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მისალოც სიტყვებსა და კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას წინ უძღოდა საპარლამენტო ოპოზიციის ორდღიანი მძაფრი დაპირისპირება მთავრობისა და უმრავლესობის წევრებთან, თუმცა ნდობის გამოცხადების შემდეგ ტრიბუნასთან მისულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან აპირებს თანამშრომლობას და რომ მომავალ 2018 წელს აცხადებს საყოველთაო ჩართულობის წლად:

„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, დატვირთული პროგრამა, რომლის განხორციელება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, თვისებრივად შეცვლის სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს პარლამენტისა და ხალხის მხარდაჭერის ამ პროცესში“.

საპარლამენტო უმრავლესობაც დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა პრობლემას, მათ შორის დაკავშირებულს ეკონომიკურ ზრდასთან, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან, სოციალური ვითარების გაუმჯობესებასთან და ა.შ., თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სამთავრობო პროგრამას აკლდა დამაჯერებლობა.

„ვერ მოვისმინეთ, რას ჰპირდება ეს მთავრობა პენსიონერებს, დევნილებს. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი მცირე ბიზნესისთვის, ვერ მოვისმინეთ ვერაფერი იმ ათიათასობით ოჯახისთვის, რომელსაც აწუხებს ლარის გაუფასურება და კრედიტები. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი იმ ხალხისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში აქვს უამრავი პრობლემა. ეს არ არის ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა“, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

არა მგონია, რომ ნიკა მელიას აგინებდა. მე მგონი, საკუთარ ბედს აგინებდა, რადგანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაც ეჭვიანობის პერიოდი დაეწყო, ფობიები გაუჩნდა...
გია ხუხაშვილი

მთავრობის პროგრამას აკრიტიკებენ პოლიტიკის ექსპერტები. უფრო ზუსტად, აკრიტიკებენ პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც პრობლემების დაძლევის გზებს უნდა ასახავდეს. ვახტანგ ძაბირაძის კომენტარი:

„საქართველოში რა პრობლემებიცაა, ამას ჩამოთვლის ნებისმიერი მოქალაქე. ამას არ სჭირდება არც დიდი განათლება და არც პრემიერ-მინისტრის სავარძელი, მაგრამ მარტო ჩამონათვალში არაა საქმე. ვერ ვხედავ მისი გადაწყვეტისა და გადაჭრის გზებს. პირველყოვლისა, ხელისუფლებაში უნდა იგრძნობოდეს მობილურობა და ხელისუფლების სწრაფვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ. სამწუხაროდ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას იღებს არა მთავრობა, არამედ ივანიშვილი. მთავრობას საშუალო რგოლად აღიქვამენ. პირველ რიგში თუ რაიმე მითი უნდა დაიმსხვრეს, ეს უნდა დაამსხვრიოს მთავრობამ. როგორ და რა გზით - ეს მათ უნდა განსაზღვრონ და გადაწყვიტონ“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებაში“ ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ლიდერი, რომლის გარეშეც შეუძლებელია პოლიტიკის კეთება. პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კი დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილის მთავრობა, მიუხედავად სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებებისა, მაინც დროებითი მთავრობაა, ხოლო სიდარბაისლით გამორჩეული პრემიერ-მინისტრის გაუწონასწორებელი ქცევა უფრო საკუთარი პრობლემების გამოძახილია, ვიდრე ოპონენტის მოგერიება:

გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები
გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები

„არა მგონია, რომ ნიკა მელიას აგინებდა. მე მგონი, საკუთარ ბედს აგინებდა, რადგანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაც ეჭვიანობის პერიოდი დაეწყო, ფობიები გაუჩნდა. აქვს ეჭვი, რომ ის შეიძლება შეცვალონ და ამიტომ ფეხებს აბაკუნებს. იქით „უცნობს“ ეძახა, რომ გადავდგები, თუ რაღაც მოხდა, აქეთ დეპუტატ შაველაშვილის მიმართვაზე ჰქონდა არაადეკვატური რეაქცია. თან გუშინწინდელი შემთხვევაც ხომ არ იყო ერთადერთი?! შესაბამისად, მან მთლიანად დაანგრია ის ბრენდი, რასაც ის თითქოსდა აყალიბებდა წლების განმავლობაში, რაც გულისხმობდა მშვიდ, სიყვარულზე მოლაპარაკე ადამიანს, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დააყენა“.

გია ხუხაშვილის ვარაუდით, მომავალი მთავრობა აშენდება დღევანდელი მთავრობის ორი ყველაზე გამორჩეული ფიგურისა და მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელის გარშემო. საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეზე, რომლებსაც გია ხუხაშვილი არასისტემურ პოლიტიკურ ფიგურებს უწოდებს.

„ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას. შესაბამისად, აქვთ გარკვეული კომფორტი, რომ სერიოზული რეფორმები ჩაატარონ და ამით მოახდინონ სამომავლოდ საფუძვლის შექმნა იმისათვის, რომ შემდეგი მთავრობა მივიღოთ მეტად ეფექტური და მიზანსწრაფული“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG