Accessibility links

კიდევ ერთი მავთულხლართი სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე


ხურჩისა და ნაბაკევის ადმინისტრაციული საზღვარი. 2017 წლის აპრილი

საქართველოს ტერიტორიაზე, ამჯერად სოფლების - ხურჩის და ნაბაკევის - ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსმა მესაზღვრეებმა ახალი მავთულხლართები გააბეს, რომლის მიღმა ადგილობრივი მცხოვრებლების საყანე ტერიტორია - დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა - მოექცა. რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხის ბოძები ამ ადგილას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დადგეს, ახლა კი ტერიტორია შემოღობილია. ეს პროცესი „არა მარტო ზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - ვკითხულობთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი მავთულხლართებიდან მოსახლეობა, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. ხურჩის მკვიდრი დოდო ბუკია მოგვითხრობს, რომ იმ ადგილს და სოფელს მინდვრები ყოფს და თუ იქ საგანგებოდ ყანაში სამუშაოდ არ მივიდა ვინმე, გადმოწეულ საზღვარს ვერ დაინახავს. ორი თვის წინ ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ხის ბოძების ჩასმის შემდეგ მოსახლეობა ისედაც ერიდებოდა იქ მისვლას.

ერთი პერიოდი შეჩერდა მავთულხლართების გავლების პროცესი და აქაურები ფიქრობდნენ, იქნებ გადაიფიქრონო. მაგრამ, აი, გუშინ მოსახლეობამ შემატყობინა, რომ, ფაქტობრივად, დაასრულეს ეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი...

„იმ ბოძებზე გაუშვეს მავთულხლართები, რომლებიც ორი-სამი თვის წინ ჩაამწკრივეს. გახსოვთ, ალბათ, მანამდე მოსახლეობამ იქ ყანა დათესა, მაგრამ მერე გასათოხნად აღარ შეუშვეს. მართალია, მოსავალს მაინც ვერაფერს აიღებდნენ, მაგრამ ახლა მთლად გადასვლა გახდა შეუძლებელი. წელს თხილის შემოსავალიც არ არის და ჩალას მაინც გამოიყენებდა ხალხი, საქონელს გამოკვებავდა“, - მოგვითხრობს ხურჩელი დოდო ბუკია.

ამავე სოფლის გამგებელი კი, ბადრი ხუნჯგურუა, ამბობს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხურჩელებს, ფაქტობრივად, ორი ჰექტარი მიწა წაართვეს, ორი თვის წინ ამ ტერიტორიაზე ხის ბოძების ჩარჭობით დაწყებული პროცესი დაასრულეს - ახალი მავთულხლართები გავლებულია:

„ერთი პერიოდი შეჩერდა მავთულხლართების გავლების პროცესი და აქაურები ფიქრობდნენ, იქნებ გადაიფიქრონო. მაგრამ, აი, გუშინ მოსახლეობამ შემატყობინა, რომ, ფაქტობრივად, დაასრულეს ეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ურყევია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიმართ და საქართველო არ არის ამ ბრძოლაში მარტო.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

„ის, რასაც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში ვუპირისპირდებით, ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, რეგულარული პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართების გავლება და ბანერების აღმართვა, მცდელობა, დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორია, უკანონო დაკავებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა - მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ძალიან პრინციპულად - ისევ გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანა, ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება, მიღწეული არ იქნება“.

რუსეთის „არაადეკვატურ პოლიტიკაზე“ ლაპარაკობს ირაკლი სესიაშვილიც, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

„ეს არაადეკვატურობა, სამწუხაროდ, გამოიხატება ისეთ ქცევაში, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო ნორმას სცილდება. ეს პროცესი ჩვენ გვიჩვენებს, რომ უნდა გავაგრძელოთ ძალიან სერიოზული ბრძოლა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რათა ვაიძულოთ რუსეთი, მშვიდობიანი გზით მოახდინოს დეოკუპაცია“.

11 აგვისტოს მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ „საზღვრის გადმოწევის მორიგი ფაქტი და ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებებს და პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. სუს-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს საკითხი აუცილებლად დაისმება 19 სექტემბერს გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG