Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხის მუნიციპალიტეტს რამდენიმე ახალი თანამდებობა დაემატა


ახალციხე
ახალციხე
ბოლო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას რამდენიმე ახალი თანამდებობა დაემატა. როგორც აქ განმარტავენ, აღნიშნულ პოსტებზე პირები ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნენ, მათი ხელფასი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვრება. შეიცვალა თუ არა, გასულ წელთან შედარებით, თვითმმართველობის სახელფასო ფონდი და რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ახალციხელები?

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 150 000 ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტის წამყვანი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში ნინო გოგოლაური აცხადებს, რომ აღნიშნული სახელფასო მატება გასული წლის ოქტომბრის თვეში პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მოხდა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში საშტატო განრიგი უცვლელი დარჩა, ბოლო თვეების განმავლობაში კი თანამშრომლები ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ მათი სათავეში მოსვლის შემდეგ, ოქტომბრის თვიდან, ადგილობრივ თვითმმართველობაში საშტატო ცვლილებები არ განხორციელებულა. გამგეობისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურებში თანამშრომლები ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნენ. საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, თუკი ადმინისტრაციის რომელიმე განყოფილებას საჭირო რაოდენობის ან კვალიფიციური კადრი არ ჰყავს, მათ, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებლობა აქვთ ახალი თანამშრომლები ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნონ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საშტატო თანამშრომელთა რიცხვი არ გაზრდილა, ხელშეკრულებით აყვანილი პირების ანაზღაურებამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიან ოდენობაზე გავლენა მოახდინა. ოფიციალური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, უშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 7 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო თანხები თვითმმართველობაში მიზნობრივად არ იხარჯება. ახალციხელებს მიაჩნიათ, რომ შტატების გაზრდის ნაცვლად უმჯობესი იქნება თანხა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში სახელფასო ფონდის განსაზღვრასა და ზრდას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“. გია ანდღულაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის პირველი პირების ანაზღაურება პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, კანონმდებლობით ხდება. რაც შეეხება ხელშეკრულებით აყვანილ პირებს, გიორგი ანდღულაძე განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია და უახლოეს მომავალში ისინი ამ კუთხით მონიტორინგის განხორციელებას გეგმავენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ ეტაპზე დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან სახელფასო ფონდისათვის მილიონ 250 000-მდე ლარია განსაზღვრული. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აქ უახლოეს მომავალში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია საშტატო მატება. თითქმის ორი თვეა უკვე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია როგორც არსებული სამსახურების, ასევე თანამშრომლების საშტატო ცვლილებები განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG