Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აქვთ საერთო ლუკაშენკოსა და ლენინს?


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო
რა აქვთ საერთო ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბოლშევიკების ლიდერ ვლადიმირ ლენინს? ასეთ შეკითხვას სვამს რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის თანამშრომელი ვალერი კარბალევიჩი და თვითონვე გვთავაზობს პასუხს: ეს არის ცენზურა, რომელსაც საკუთარი რეჟიმები უწევენ არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს.

ბელორუსიის მედია სულ უფრო აქტიურად უწევს ცენზურას პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვერბალურ ექსცესებს. ცენზურის მაგალითად გამოდგება ის, რაც მოჰყვა მიმდინარე თვეში ლუკაშენკოს ვიზიტს BelAZ მინსკის საავტომობილო ქარხანაში. ვიზიტის დროს ლუკაშენკომ ოჯახების ხელშეწყობის საჭიროებაზეც ისაუბრა.

„ახლა იმაზე ვფიქრობთ, როგორ შევუწყოთ ხელი ქალებს, ოჯახებს. უკვე შემომთავაზეს პროექტი „დიდი ოჯახი“. პირველი შვილისთვის ანგარიშს ვხსნით, დავუშვათ, 10 000 დოლარით, მეორე ბავშვისთვის - ასე, 20 000 დოლარია, მესამისათვის - გავაორმაგებთ და თუ თვითონაც შეიტან ფულს ამ ანგარიშზე, შენი შვილებისათვის ჩვენ ორმაგზე მეტს ვიძლევით“ - ასეთი გეგმა წარმოსახა ბელორუსიის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც დამოუკიდებელმა გაზეთმა „ნაშა ნივამ“ დათვალა და დაასკვნა: პროექტ „დიდი ოჯახის“ დაფინანსება ბელორუსიის სახელმწიფოს წელიწადში 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება...

როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებაშიც გააცნობიერეს და ეძვირათ. ყოველ შემთხვევაში, ლუკაშენკოს ამ განცხადებას, რომელიც ტელემაყურებელმა პირდაპირ ეთერში მოისმინა, სახელმწიფო მედიამ წაუყრუა. ის არ გამოქვეყნებულა არც პრეზიდენტის ვებსაიტზე, არც ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ მიერ, არ დაბეჭდილა არც სამთავრობო გაზეთ „სოვეტსკაია ბელორუსიაში“.

ჰიტლერმა ძლიერი გერმანიის ფორმირება შეძლო ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების წყალობით. გერმანული წესრიგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჰიტლერის მმართველობისას ამ ფორმირებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია...
ალექსანდრ ლუკაშენკო
და ეს არ იყო სახელმწიფო მედიაში ლუკაშენკოს განცხადების იგნორირების პირველი შემთხვევა. ზემოხსენებულმა ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ ბოლოხანს გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელიც ეხება ბელორუსიაში, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების შიშის გამო უცხოური ვალუტის შეძენის მზარდ ტენდენციას. ამ მასალაში ვერ მოხვდა ლუკაშენკოს მოსაზრება, რომელიც ტელემაყურებელმა მოისმინა: „ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ჩვენი პატარა ხალხი ფულის გადასაცვლელ პუნქტებში გაიქცა. გაიქეცით! გაიქეცით! თუ იქნება დიდი მოთხოვნა ვალუტაზე, ბელორუსული რუბლი გაუფასურდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. არ იქნება მოთხოვნა? ბაზარზე მშვიდი ვითარება იქნება“.

ასე ხდება ხოლმე არადემოკრატიულ რეჟიმებში - ასე იყო საბჭოთა კავშირში. ცენზურა მუშაობდა თვით ბოლშევიკების ლიდერის, ვლადიმირ ლენინის მიმართ. ზოგ ტექსტს არ აქვეყნებდნენ ლენინის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის დროსაც კი...

ლუკაშენკოს ყველაზე მძიმე ვერბალური შეცდომა, ალბათ, მაინც ჰიტლერზე განცხადება იყო.

“ჰიტლერმა ძლიერი გერმანიის ფორმირება შეძლო ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების წყალობით. გერმანული წესრიგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჰიტლერის მმართველობისას ამ ფორმირებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ეს არის ის, რაც შეესაბამება ჩვენს ხედვას სპრეზიდენტო რესპუბლიკისა და მასში პრეზიდენტის როლის შესახებ“, განაცხადა 1995 წელს ლუკაშენკომ - პრეზიდენტმა ქვეყნისა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ნაცისტების ოკუპაციის დროს ორ მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპა.

ბელორუსიის ლიდერს ზოგჯერ მოუნანიებია თავისი გამონათქვამები. ასე იყო გასულ თვეში, როცა 100-დოლარიანი გადასახადით დაემუქრა ბელორუსიის მოქალაქეებს, ვინც უცხოეთში მიდის იქ უკეთესი ხარისხის ნაწარმის შესაძენად. „კარგი, რაღაც წამომცდა, ალბათ ჩემთვისვე იყო ცუდიო“, აღიარა მოგვიანებით ალექსანდრ ლუკაშენკომ - ბელორუსიის პრეზიდენტმა 1994 წლიდან.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG