Accessibility links

ცხოველებში დროის აღქმას არეგულირებს შინაგანი საათი, რომლითაც დღე-ღამის ცვლა სინქრონიზდება აქტიურ და პასიურ ფაზებთან. ეს მექანიზმი ადამიანსაც მოეპოვება. მაგრამ აქამდე უცნობი იყო, რა ბიოქიმიური პროცესები არეგულირებს ძილს და, საერთოდ, რატომ არის ძილი ასე მნიშვნელოვანი.

ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის უჯრედებში აღმოაჩინეს პროტეინი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს. ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანებზე, თაგვებსა და ბუზებზე.

დადგინდა, რომ თუკი დეფექტურია გენი, რომელიც ამ პროტეინის წარმოქმნას არეგულირებს, მაშინ სამივე ორგანიზმში მოკლდება ძილის ეპიზოდები. ამ მექანიზმის კვლევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ძილის ფუნქციების გაგებას და უძილობის მიზეზების დადგენას.

როგორც ახალი გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ჯეისონ გერსტნერი წერს, ძილს რაღაც მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა. დღემდე არსებული თეორიების თანახმად, ძილი მნიშვნელოვანია ნეირონების მოქმედებისთვის და ნივთიერებათა ცვლისთვის, ასევე მეხსიერებისა და სასწავლო პროცესისთვის.

გერსტნერის თქმით, ნაპოვნია ძილის რეგულირების ძალიან ძველი მექანიზმი, რომელიც ევოლუციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.

გერსტნერმა თაგვების ტვინში აღმოაჩინა პროტეინი FABP7, რომლის წარმოება დღის განმავლობაში იმატებს და იკლებს. გენეტიკური მანიპულაციის შედეგად, თაგვებს, რომელთაც აკლდათ FABP7 გენი, უფრო ცუდად ეძინათ, ვიდრე ნორმალური ფუნქციის მქონე მათ თანამოძმეებს.

ამ მექანიზმის ადამიანზე შესამოწმებლად გამოიყენეს იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ იმ საცდელ პირების, რომლებიც ძილის ფუნქციის დარღვევას უჩიოდნენ, მუტაციის შედეგად სახეცვლილი გენი FABP7 ჰქონდათ.

ამ მუტაციის მქონეთა ძილის პერიოდები საშუალოდ უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე ნორმალური გენის პატრონებისა. დეფექტური გენი ზრდის ფხიზელი პერიოდების ხანგრძლივობასაც. ასე რომ, მთლიანობაში ამ გენის მქონეებს ნაკლებად ღრმად და მშვიდად ეძინათ. აღსანიშნავია, რომ საცდელი პირების ასაკს, ფიზიკურ აღნაგობასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

გამოკვლევის მესამე ეტაპზე მკვლევრებმა ადამიანის მუტირებული გენი FABP7 გადაიტანეს ბუზ დროზოფილაზე. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით შეძლეს დაედგინათ, რომ დეფექტური გენი ბუზებშიც კი იწვევს ძილის დარღვევას.

ამგვარად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ აღმოჩნდა ძილის მარეგულირებელი გენი, რომელსაც მსგავსი ზემოქმედება აქვს სხვადასხვა ტიპის ცოცხალ არსებებზე.

მეცნიერთა თქმით, ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებამ შესაძლოა უფრო ზუსტად გასცეს პასუხი შეკითხვას, თუ რა ფუნქცია აქვს ძილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG