Accessibility links

ალიანსი შეთანხმდა სამხედრო მისიის გაზრდაზე ავღანეთში


იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მეორე წელია მიმდინარეობს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“. 29 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, გაიმართა ალიანსის თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია.

ალიანსის ხელმძღვანელობამ ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო მისიის რიცხოვნების გაზრდის შესახებ აქტიური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ შეზღუდული სამხედრო ქვედანაყოფი ვერ ართმევდა ეფექტურად თავს იმ გამოწვევებს, რომელიც თალიბანის გააქტიურებასა და ბოლო ხანს ავღანეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენას მოჰყვა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის გაზეთ „ველტ ამ ზონტაგთან“ 30 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ილაპარაკა და დასძინა, რომ, უსაფრთხოების მხრივ არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ნატომ, შესაძლოა, გაზარდოს ავღანეთში მყოფი სამხედროების რიცხვი, რომელიც ამჟამად 13 ათასია. სტოლტენბერგმა საბოლოო გადაწყვეტილების თარიღად წინასწარ დაასახელა ივნისი, როდესაც ნატოს შტაბბინაში ალიანსისა და ავღანეთში მისი მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო. დარჩენილ დროში ჯარების შესაძლო გაზრდასა და სამხედროების განთავსების ვადის გაგრძელებაზე წინასწარი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა 29 ივნისს, ალიანსის მინისტერიალის დაწყებამდე დღის წესრიგზე საუბრის დროს, აცნობა ჟურნალისტებს.

15 სახელმწიფო უკვე დაგვპირდა დამატებითი წვლილის შეტანას „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და მოველი, რომ შემდგომში სხვა ქვეყნებისგანაც გაკეთდება განცხადებები...
იენს სტოლტენბერგი

"დღევანდელი დღე დასრულდება ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ყველა კონტრიბუტორი ქვეყნის მინისტრების ერთობლივი შეხვედრით, სადაც ჩვენ ამ ქვეყანაში ნატოს ქვედანაყოფების ყოფნის მომავალზე ვიმსჯელებთ. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელებმა დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მოითხოვეს ავღანეთში მიმდინარე მისიისათვის და დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ გავზრდით სამხედრო ყოფნას ავღანეთში. 15 სახელმწიფო უკვე დაგვპირდა დამატებითი წვლილის შეტანას „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და მოველი, რომ შემდგომში სხვა ქვეყნებისგანაც გაკეთდება განცხადებები“, - თქვა მინისტერიალის გახსნამდე იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს მინისტერიალს ბრიუსელში ესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. საქართველო 870 ჯარისკაცით მეოთხე ადგილზეა ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოლიდური ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 2018 წლის ბოლომდე დარჩება.

ნიკოლოზ ჯანჯღავა
ნიკოლოზ ჯანჯღავა

„ახლო მომავალში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა [ავღანეთში] არ შემცირდება. იქ ჩვენ ვიქნებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ქაბულსა და ბაგრამში და გერმანელებთან ერთად - მაზარ-ი-შარიფში. ავღანეთში ჩვენი თანამონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ეს არის ნატოში ინტეგრაციის პროცესის განუწყვეტელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ახალი თაობა ოფიცრების, ახალი თაობა ჩვენი ჯარისკაცების კიდევ ერთხელ აჩვენებენ ნატოს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ქართველი ჯარისკაცის სიმტკიცესა და ქართველი ოფიცრის პროფესიონალიზმს. ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

2016 წლიდან ნატოს ჯარები ავღანეთში იმყოფებიან "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში ადგილობრივი ჯარების გასაწვრთნელად და დასახმარებლად. ამავე მისიაში მონაწილეობენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც, ამჟამად 870-მდე კაცი. 2009 წლიდან მოყოლებული, რაც ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნულ ოპერაციებში ჩაერთო, საქართველომ 31 ჯარისკაცი დაკარგა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG