Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი თავს დაესხა ევროკავშირის ღირებულებებს


მილოშ ზემანი, ილჰამ ალიევი
მილოშ ზემანი, ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამომწვევი განცხადებებით უპასუხა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას და ბლოკს ბრალი დასდო „ანტიაზერბაიჯანულ“ განწყობაში. ალიევმა ირონიით ილაპარაკა ევროპულ ღირებულებებზე, ლტოლვილთა მიმდინარე კრიზისის ფონზე.

15 სექტემბერს ბაქოში, ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ალიევმა დაგმო ევროპის პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით და გამოდის პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით.

„ეს რეზოლუცია უსაფუძვლოა, მიკერძოებულია და წარმოადგენს სიცრუეზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროვოკაციასო“, - განაცხადა ალიევმა.

არასავალდებულო რეზოლუცია 10 სექტემბერს მიიღეს, 365 ხმით 202-ის წინააღმდეგ. თავი შეიკავა 72-მა დეპუტატმა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე უპრეცედენტო რეპრესიებს.

სად არის შემწყნარებლობა? სად არის მულტიკულტურალიზმი? სად არის მათი მაღალი მორალური სტანდარტი და თანაგრძნობა? ამას არავინ ხედავს. ვხედავთ მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, დისკრიმინაციას, ქსენოფობიას, ისლამოფობიას, ფაშიზმს და რასიზმს...
ილჰამ ალიევი

რეზოლუცია აზერბაიჯანისგან მოითხოვს შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებადამცველებზე და გამოთქვამს წინადადებას, ევროკავშირმა შეაჩეროსაზერბაიჯანთან მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თუ ბაქო „კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს ადამიანის საყოველთაო უფლებების დასაცავად“.

15 სექტემბერს, უფრო ადრე, ბაქოში, ახალი სკოლის გახსნის ცერემონიაზე, ალიევმა აზერბაიჯანის ახალგაზრდობას მოუწოდა, თავი შორს დაიჭირეთ „უცხოეთის გავლენისა და ე.წ. დასავლური ღირებულებებისგან, რომლებსაც ჩვენი ხალხი არ იზიარებსო“.

სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს ალიევის სიტყვებს: „შეხედეთ, რა საშინელება ხდება ევროპაში და როგორ ექცევიან საწყალ ხალხს, რომელიც ომს გამოექცა. ეს არის ევროპული ღირებულებები? ესაა ის ღირებულებები, რომლებზეც ამდენი წელია ვლაპარაკობთ?“

გავრცელებულ ტექსტში ალიევი დასძენს: „სად არის შემწყნარებლობა? სად არის მულტიკულტურალიზმი? სად არის მათი მაღალი მორალური სტანდარტი და თანაგრძნობა? ამას არავინ ხედავს. ვხედავთ მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, დისკრიმინაციას, ქსენოფობიას, ისლამოფობიას, ფაშიზმს და რასიზმს. ასეთი ღირებულებები არ გვჭირდება. ესენი თავისთვის დაიტოვონ“.

ალიევის მხრიდან ამ შეტევამდე ევროკავშირის პარლამენტს უპასუხა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ: მან მიიღო კონტრრეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაქომ დაიწყო პროცედურა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დასატოვებლად. ასამბლეა არის ფორუმი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საპარლამენტო კომპონენტს და აერთიანებს ევროპარლამენტს და აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის საკანონმდებლო ორგანოებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა დატოვოს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაც.

15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიევმა „სწორი“ უწოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას.

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პრესკონფერენციაზე თქვა, აზერბაიჯანის გასვლა ცუდ გავლენას იქონიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაზეო.

ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

ევროპის პარლამენტის მიერ 10 სექტემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელსაც ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა აზერბაიჯანში, გამოდის დაპატიმრებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით. სხვა პირებს შორის ნახსენებია ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც მიმდინარე თვეში შვიდ-ნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.

რეზოლუცია ასევე გამოდის მოწოდებით გათავისუფლებულ იქნენ ლეილა და არიფ იუნუსები, აქტივისტი ცოლ-ქმარი, რომლებსაც აგვისტოში მიუსაჯეს რვა-ნახევარი და შვიდი წლით პატიმრობა ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებებით. ორივე პატიმარს შერყეული აქვს ჯანმრთელობა. ბრალეულობას ორივე უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში რამდენიმე ჟურნალისტს და უფლებადამცველს მიუსაჯეს პატიმრობა, გადასახადებისთვის თავის არიდების, უკანონო ბიზნესის წარმოებისა და ხულიგნობის ბრალდებებით.

ფართოდ გავრცელებული აღქმით, ეს საქმეები ნაწილია მთავრობის რეპრესიული კამპანიისა, რომელსაც ის ახორციელებს კრიტიკოსებისა და დისიდენტების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG