Accessibility links

აშშ ირანის მიმართ სანქციების შერბილების მიზანშეწონილობამ დააფიქრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტში ირანის თაობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტერორიზმის მთავარი სპონსორი უწოდა ირანს და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში სწავლობენ ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. 19 აპრილს რექს ტილერსონმა მწვავედ გააკრიტიკა ბირთვული იარაღის თაობაზე 2015 წელს ირანთან დადებული შეთანხმება, რომლითაც თეირანმა მხოლოდ დროში გადასწია დასახული მიზნის მიღწევა, ჩამოაყალიბოს ირანი, როგორც ბირთვული სახელმწიფო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აპრილს სახელმწიფო უწყებებს დაავალა, სამი თვის განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება ვაშინგტონის სახელმწიფო ინტერესებს.

განკარგულება მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გუშინ გაგზავნილ დასკვნას, რომ თეირანი ასრულებს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც 2015 წელს გააფორმეს ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. გუშინვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვადა გაუგრძელა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების რეჟიმს. ამ ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მწვავედ გააკრიტიკა ირანი და მას უწოდა საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სპონსორი ქვეყანა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეებისათვის და ძირს უთხრის ვაშინგტონის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში.

„ამჟამად ტრამპის ადმინისტრაცია, მთელ მთავრობასთან ერთად, აწარმოებს აშშ-ის პოლიტიკის გადასინჯვას ირანთან მიმართებით. დღეს მსურს ყურადღება გავამახვილო მუდმივ საგანგაშო პროვოკაციებზე ირანის მხრიდან, რომელიც ტერორიზმისა და ძალადობის ექსპორტირებას და ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის დესტაბილიზებას ახდენს“, - განაცხადა 19 აპრილს რექს ტილერსონმა ირანთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი უშუალოდ არის პასუხისმგებელი რამდენიმე კონფლიქტის გაღვივებაში, აგრძელებს იმ ჯგუფების დახმარებას, რომლებიც თავს ესხმიან ისრაელს, და ძირის უთხრის აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების - სირიის, იემენის, ერაყისა და ლიბანის -სტაბილურობას.

ვაშინგტონის კრიტიკის პასუხად ირანმა მოუწოდა აშშ-ს, ბრალდებებისა და სანქციების ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2015 წლის შეთანხმებით იკისრა. „ ყავლგასული ბრალდებების მიუხედავად, ვაშინგტონს არ შეუძლია იმის შენიღბვა, რომ ირანი ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG