„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად. არაძალადობრივი, უმნიშვნელო სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას არის ჩადენილი, სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება, გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში პატიმრობის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.
მისი შეფასებით, პოლიტიკოსის ქმედება „სიმბოლური საპროტესტო ჟესტი“ იყო.
„ელენე ხოშტარიას შემთხვევაში სასჯელის სიმკაცრე, დაკავშირებულია არა მატერიალურ ზიანთან, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და იმ სიმბოლურ ზიანთან, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გადახედოს მის განაჩენს, გააუქმოს პატიმრობა, და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი“.
1,5-წლიანი პატიმრობა საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო
დღეს, 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით - 2025 წლის 14 სექტემბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: „რუსული ოცნება“.
პროკურორის ცნობით, ზიანი 570 ლარია.
პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მისი მოტივაცია იყო აქტივისტ მეგი დიასამიძის მხარდაჭერა - ახალგაზრდა ქალი ოთხი დღით ადრე, 10 სექტემბერს დააკავეს მსგავსი ფაქტის გამო.
პოლიტიკოსის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს. საპატიმრო ვადა მას დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება. ის რუსთავის, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია.
ხოშტარიას პასუხი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ საკითხზე „ვაჭრობა“ არ იქნება.
„როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებ და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა - ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო“, - აცხადებს პარტია „დროას“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
სხვა ბრალი
მის წინააღმდეგ სხვა საქმეც არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება:
- საბოტაჟი (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა);
- უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა);
- კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერა(321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
ფორუმი