Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის ინვესტორი ცნობილია


ანაკლია
ანაკლია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და მის ირგვლივ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, შესაძლოა, იდეის მრავალწლიანი მოთელვისა და სახელწოდებების ცვლის შემდეგ, რეალობად იქცეს - ინვესტორის შერჩევის გაჭიანურებული პროცესი დასრულდა და ხელისუფლებამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს. კონსორციუმი "თიბისი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, Conti International აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები არიან ასევე საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია "მოფატი და ნიკოლი" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში Maritime & Transport Business Solutions (MTBS).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" თავის განცხადებასთან ერთად მთავრობას წარუდგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერას უზრუნველყოფს,

ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების წარდგენის ვადა პირველად 2014 წლის 1 ოქტომბრისთვის იყო განსაზღვრული. თითქმის 1,5 წლის შემდეგ გადაწყვეტილება ინვესტორის შერჩევის შესახებ უკვე გამოცხადდა.

კონკურსის პირობების თანახმად, ანაკლიიის ნავსადგური გამიზნული უნდა იყოს შერეული ტვირთისთვის - მოემსახუროს როგორც კონტეინერებს, ისე თხევად და მშრალ ნაყარ ტვირთებს. მშენებლობა უნდა დაიწყოს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში. მშენებლობის დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ შვიდ მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან შვიდი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ოც მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან თორმეტი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ორმოც მილიონ ტონა ტვირთს. საბოლოოდ, ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 55 მილიონ ტონა ტვირთს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიტერიუმით:

ფინანსური კრიტერიუმი - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი დოლარით; ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით;

ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან, ასევე ფინანსურ მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნესწინადადების მდგრადობა; დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა;

სამართლებრივი კრიტერიუმი - კომენტარები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დეტალებში მოიკითხოთ ეკონომიკის სამინისტროში, რადგან ის ახდენდა ამ საკითხების კოორდინაციას.

პორტის ირგვლივ ხელისუფლებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა აქვს განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG