Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი რუსეთის შეკავებისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება ძირს უთხრის ნდობას დასავლეთთან ურთიერთობაში და შეშფოთებას იწვევს ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებში. ამ თემაზე მერკელმა ისაუბრა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

გერმანიის კანცლერი გამართლებულად მიიჩნევს ნატოს დამატებით ზომებს რუსეთის შესაკავებლად. გერმანიის პარლამენტში - ბუნდესტაგში - გამოსვლისას, როცა ნატოს სამიტისათვის მთავრობის პოზიციას განმარტავდა და ასაბუთებდა, მერკელმა დაიცვა ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრ ქვეყნებში სამხედრო მოსამსახურეების განთავსების გეგმა. მან პარლამენტარებს შეახსენა, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედება შეშფოთებას იწვევს ნატოს აღმოსავლეთევროპელ ქვეყნებში.

„როცა სამართლისა და საზღვრების ხელშეუხებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებები და მოქმედებები, ამის შედეგად, რასაკვირველია, ნდობა იკარგება. ეს კი დაუცველობის გრძნობას იწვევს, განსაკუთრებით, ჩვენს აღმოსავლელ მოკავშირეებში. მათ სჭირდებათ საპასუხო ზომებით მტკიცე მხარდაჭერა ალიანსისაგან“, - განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას. ნატოს 8-9 ივლისის სამიტის დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის იქნება მოსკოვის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში.

მერკელმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა, ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან: „ვიზიარებთ აზრს, რომ მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთთან დაპირისპირებით არის შესაძლებელი ევროპაში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევა“.

ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის შემდეგ რამდენიმე დღეში, 13 ივლისს, გამართავენ შეხვედრას ბრიუსელში. ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომა (თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ) წელს აპრილში გაიმართა და, როგორც სხდომის შემდეგ იუწყებოდნენ, უკრაინისა და სხვა თემების გარშემო აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობით დასრულდა.

ნატოს ვარშავის სამიტზე მოსალოდნელია გადაწყვეტილების მიღება ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსა და პოლონეთში ათას-ათასკაციანი ბატალიონების განთავსების შესახებ. გერმანელი სამხედროები სათავეში ჩაუდგებიან ლიტვის ბატალიონს და მასში რამდენიმე ასეული კაცით იქნებიან წარმოდგენილი.

ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ახსენა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება.

„ალიანსის სოლიდარობა, რომელსაც ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს, ამ არქიტექტურის მთავარი დასაყრდენია. ეს სოლიდარობა უნდა ჩანდეს და მომავალშიც თვალსაჩინო და დამაჯერებელი იქნება. ამის გამო ვარშავაში ნატოს სამიტზე, რომელიც ხვალ იწყება, შევავსებთ უელსის სამიტზე დაგეგმილ, ნატოს პირველ საპასუხო ზომებს: ამოქმედდება დამატებითი ელემენტები ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ხანგრძლივი ვადით უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა 7 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG