Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელის აშშ-ის ანტისარაკეტო გეგმას?


ჩაკ ჰეიგელი
ჩაკ ჰეიგელი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ვაშინგტონს ცვლილებები შეაქვს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაში, რათა თავი გაართვას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე „გამოწვევებს“. საყურადღებოა, რომ ცვლილება ეხება ევროპისთვის განკუთვნილი ანტისარაკეტო სისტემის იმ ელემენტსაც, რომელიც რუსეთის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა 15 მარტს გამოაცხადა, რომ ვაშინგტონს ცვლილებები შეაქვს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაში. მისი განცხადების ფონს ქმნის ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი წინსვლა სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში, ისევე როგორც აგრესიული განცხადებები, რომლებსაც ფხენიანი აკეთებს.

„ჩვენ გავაძლიერებთ ქვეყნის ანტისარაკეტო თავდაცვას ალასკაში, ფორტ გრილიში დამატებით 14 გადამტაცი რაკეტის განთავსებით. ამის შედეგად, 20-დან 44-მდე გაიზრდება ხმელეთზე განთავსებული ანტისარაკეტო გადამტაცების რიცხვი. მათ შორის არის ოთხი - ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, კალიფორნიაში. ეს დამატებითი გადამტაცი რაკეტები თითქმის 50%-ით გაზრდის ჩვენს ანტისარაკეტო პოტენციალს“, - განაცხადა ჰეიგელმა.

ცნობილია ასევე, რომ აშშ იაპონიაში განათავსებს საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სალოკაციო სადგურს. ამ დროისთვის ვაშინგტონი იყენებს ზღვაზე ბაზირების მასშტაბურ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარშემო. ორივე ამ ქვეყანაში არის განთავსებული „პატრიოტი-3“-ის ტიპის ანტისარაკეტო ბატარეები.

მეორე მხრივ, ვაშინგტონმა გადადო ევროპის ანტისარაკეტო პროგრამის მეოთხე ფაზის განხორციელება. საქმე ეხება პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლამდე თანამედროვე გადამტაცი რაკეტების - კერძოდ, „სტანდარტის“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების - განთავსებას პოლონეთში. მათი მეშვეობით, თეორიულად, შესაძლებელია შეერთებულ შტატებზე თავდასასხმელად მიმართული, გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების მოგერიება. სწორედ მეოთხე ფაზით გათვალისწინებული რაკეტების განთავსების გეგმა იწვევს მოსკოვის მკვეთრ უკმაყოფილებას, რადგან უკავშირდება ვარაუდს, რომ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რუსეთის წინააღმდეგაც არის მიმართული. ამ საკითხზე, ანუ აშშ-ის მიერ ევროპაში ანტისარაკეტო პროგრამის მეოთხე ფაზის შეჩერებაზე, ცოტა მოგვიანებით.

ვაშინგტონი აპირებს გააგრძელოს ევროპის პროგრამის მეორე ფაზა - რუმინეთში 2015 წლამდე განათავსოს „ეგიდის ანტისარაკეტო სადგური“ და ასევე გააგრძელოს მესამე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს მართვისა და კონტროლის თანამედროვე ცენტრის მოწყობას პოლონეთში.

შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ მისი ანტისარაკეტო პროგრამა ემსახურება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების თავდაცვას იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული თავდასხმა განახორციელა ქვეყანამ, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო ნორმებს. ვაშინგტონის შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხე ამჟამად მომდინარეობს ჩრდილოეთ კორეისა და ირანისაგან. 15 მარტს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა:

„დღეს ვაცხადებ ზომების მთელ სერიას, რომელსაც შეერთებული შტატები მიმართავს იმ გამოწვევის გამო, რომელსაც გვიქმნის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პროგრამები გრძელ რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად“.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანტისარაკეტო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები არ ხორციელდება რუსეთის კრიტიკული დამოკიდებულების გამო. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ვაშინგტონი დროებით აუქმებს ევროპაში ანტისარაკეტო პროგრამის მეოთხე ფაზას, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლამდე პოლონეთში „სტანდარტის“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების განთავსებას, ანუ აუქმებს პროგრამის სწორედ იმ ელემენტს, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ 16 მარტის ნომერში მოჰყავს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად მტკიცედ ემხრობა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამას.

ორშაბათ საღამოს გავრცელდა რუსეთის ოფიციალური გამოხმაურება ჩაკ ჰეიგელის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ახალი ობიექტები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „შეშფოთებას“ იწვევს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმის საჭიროებას, რომ ვაშინგტონმა კანონით ივალდებულოს, რომ მისი ანტისარაკეტო სისტემები არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ამ ოფიციალურ რეაქციამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებში მოსკოვი ვერ ხედავს დათმობას ან რუსეთის შეშფოთებაზე რეაგირებას.
XS
SM
MD
LG