Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანუნა ბუკია: დავინახე ჩემი სახლი... არ მომინდა, ძალისმიერი გზით ყოფილიყო ის ისევ ჩემი


"როცა დავინახე ჩემი სახლი, ძალიან არ მომინდა, რომ ძალისმიერი გზით ყოფილიყო ეს სახლი ისევ ჩემი", - გვიზიარებს სოხუმში ყოფნისას განცდილს ანუნა ბუკია, ავტორი ფილმისა - "მე გადავცურე ენგური". 6 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" თემა იყო ომი, ოკუპაცია, დევნილობა და ოკუპაციის განსხვავებული რუტინა. ფილმი - "მე გადავცურე ენგური" ანუნა ბუკიამ 2014-2016 წლებში გადაიღო. მაყურებელთა რამდენიმე ჯგუფმა ფილმი 2017 წელს ნახა, ფილმის სატელევიზიო პრემიერა კი 2018 წლის მარტში შედგა "რუსთავი2"-ის ეთერში. ფილმის მონტაჟისას და განსაკუთრებით, მისი სატელევიზიო პრემიერის წინ ავტორისთვის მთავარი საკითხი იყო იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვისი ამბავიც ფილმში აისახა. ამის გამო ანუნა ბუკიას ბევრი კადრის დათმობა მოუხდა: "უსაფრთხოებასა და ფილმს შორის არჩევანი უსაფრთხოებაზე გავაკეთე", - ამბობს ის. "დილის საუბრებში" ანუნა ბუკია ყვება როგორც ფილმში ნაჩვენებ ამბავს, აგრეთვე თვითონ ფილმის თავგადასავალს. "მე ვიყავი ოთხი წლის, როდესაც ჩემი სახლიდან გამომაგდეს. ამ დროიდან, ვიდრე დღემდე ჩემზე თქმული ყველა ამბავი, ყველა ენაზე იწყება ამით...", - ასეთი წარწერით იწყება ფილმი, რომელშიც ანუნა ბუკია ყვება ამბავს... თავისას და იმ ადამიანებისა, ვისთვისაც ომი არ დასრულდა, ის ყოველდღიურობაში ტრანსფორმირდა და ისინი სისტემატურად "კვეთენ": საფრთხის, შიშის, ოკუპაციის ხაზს. ამ "ხაზის" გადალახვის ძალა ყოველ ჯერზე სახლში დაბრუნების სურვილია... ფილმზე მუშაობისას ანუნა ბუკია ფეხდაფეხ მიყვებოდა ადამიანებს, რომლებიც გამყოფ ხაზს: ენგურის ხიდით, მდინარის გადაცურვითა და მავთულხლართების გავლით კვეთენ. და, ერთ დღესაც... ფილმის ავტორი თავადაც გადალახავს ხაზს და სოხუმში იპოვნის სახლს, სადაც ის ოთხ წლამდე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა: "როცა დავინახე ჩემი სახლი, ძალიან არ მომინდა, რომ ძალისმიერი გზით ყოფილიყო ეს სახლი ისევ ჩემი", - გვიზიარებს სოხუმში ყოფნისას განცდილს ანუნა ბუკია და აცნობიერებს რომ "ომი აყალიბებს ხასიათს, რომელიც სულ ომში გამოყოფებს", რაც გადასალახავია და ის ახლა ამ პროცესს გადის. რა მისცა მას "გადაცურვამ" და სახლის ნახვამ? - "სიმშვიდე", - ამბობს დაუფიქრებლად.

XS
SM
MD
LG