Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აპოლოს“ ახალი პროექტის არქიტექტორი: “აბსოლუტურ გაუგებრობაში ვარ“


არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი
არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

„ლა სკალა იყო პირველი ოპერა, რომელიც აშენდა ისე, რომ აქვს ორი შესასვლელი - ერთი მაღალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის და მეორე დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის. ანუ პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არასოდეს არ ხვდება. ჩვენც ნელ-ნელა მივედით... როგორც ხედავთ, ზედა იარუსი არის მხოლოდ სკამები, თავიდან ბოლომდე მხოლოდ დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის, რომელსაც ყოველდღე უნდა მოსვლა და პერფორმანსის ნახვა“ - ეს ის ფრაზებია, რომელთაც „ფეისბუკში“ დიდი დისკუსია, ნეგატიური შეფასებები და ინტერპრეტაციები მოჰყვა.

ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი ამ ამბავში ის არის, რომ ვხედავ, ჩემი ნათქვამიდან რა გამოვიდა. სიტყვა შემაწყვეტინეს, მერე სხვა რაღაცაზე გადავედი და ასე გამოვიდა.
ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

28 სექტემბრის გადაცემა “რეალურ სივრცეში” კინოთეატრ “აპოლოს” რეაბილიტაციის შესახებ საუბრობდნენ. პროექტის არქიტექტორმა ნიკა ლეკვეიშვილმა ილაპარაკა იმ ცვლილებებზე, რომლებიც „აპოლოს“ შენობაში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი, საერთო სამუშაო სივრცე (Coworking space), კინოთეატრი და კაფე...

კინოდარბაზის კონცეფციაზე საუბრისას ვიზიტორების დაბალშემოსავლიანებად და მაღალშემოსავლიანებად დაყოფამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. სოციალურ ქსელში გადაცემის ეს მონაკვეთი „პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

ერთ-ერთი, რომელიც გადაცემის ამონარიდს გამოეხმაურა, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იყო. ის უარყოფით შეფასებას აძლევს იმას, რაც მოისმინა და იმ ხალხსაც, ვინც „აპოლოში“ მისვლას გადაწყვეტს.

ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი კი შეეცადა არქიტექტორის სიტყვები განემარტა. მაგალითად, ჯგუფ “svansikh-ის“ წევრი ანა სიხარულიძე აღნიშნავდა, რომ არქიტექტორი ლა სკალაზე ლაპარაკობდა და არა „აპოლოზე“, კომენტარის ავტორებს კი მოუწოდებდა, რომ პროექტი ენახათ.

რას ამბობს თავად არქიტექტორი

„წარმოიდგინეთ, როგორი ბულინგის ქვეშ ვარ! ვცდილობ რაღაც საზოგადოებრივი ელემენტები შევიტანო პროექტში და ჩემი პირით მოყოლილი სულ სხვა ისტორია გამოვიდა. აბსოლუტურ გაუგებრობაში ვარ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პროექტის არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი. მისი თქმით, ისტორიის მოყოლა ვერ დაასრულა და ის გამოვიდა, რასაც თავადაც არ ეთანხმება:

„რადგან ზედა იარუსზე იყო სტაციონარული დასაჯდომები, დავიწყე მოყოლა, როგორ შეიქმნა 200 წლის წინ ლა სკალა - რომ ეს იყო ბურჟუაზიისა და პროლეტარებისთვის სივრცე, სადაც ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, თანდათან კი ეს სივრცე გადაიქცა სუპერდემოკრატიულ ადგილად. მე, როდესაც იქ ვსწავლობდი, ლა სკალაში მივდიოდი 10 ევროდ და ერთ სივრცეში ვიმყოფებოდი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც 400 ევროდ შეიძინა ბილეთი.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი
ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

ვამბობდი, რომ გავაკეთოთ ამგვარი სივრცე და იყოს ძალიან იაფი, რომ მუდმივად შემოდიოდეს მაყურებლების ნაკადი. დამკვეთებს ასე ვაწვდიდი ინფორმაციას და აქაც მინდოდა მსგავსად მომეყოლა, რომ ლა სკალამ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა.

ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი ამ ამბავში ის არის, რომ ვხედავ, ჩემი ნათქვამიდან რა გამოვიდა. სიტყვა შემაწყვეტინეს, მერე სხვა რაღაცაზე გადავედი და ასე გამოვიდა. აბსოლუტურად ვემიჯნები ეგეთ იდეას და ეგეთ აზროვნებასაც, მით უმეტეს, ამგვარი სიტყვებით.

ეს რომ არ არის სიმართლე, ამის პირდაპირი პასუხია ის პროექტი, რომელიც ატვირთულია მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე. შიგნით რეალურად არის ერთი შესასვლელი“.

მთავარი დარბაზი შედგება ორი დონისგან - იარუსი და ქვედა დონე. იარუსზე გვაქვს სტაციონარული დასაჯდომები. ყველა დონე არის ტრანსფორმირებადი - საჭიროების შემთხვევაში მაგიდები ჩადის ქვევით და შეიძლება გადაკეთდეს მთლიან დარბაზად ან სხვა რაიმე სივრცედ.

„ამ პროექტზე სამუშაოდ მოვიწვიე ჩემი ყოფილი თანამშრომლები მილანიდან, რადგან ეს იყო ტოპპროექტი ჩვენთვის. სულ დასაწყისში მოვიწვიე ხელოვნებათმცოდნეები და ვკითხე აზრი, რომ ყოფილიყო მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობა. თამარ ამაშუკელმაც იცოდა, ცირა ელისაშვილმაც, კინოცენტრშიც ვიყავი მისული, რომ ჩართულიყვნენ“.

პროექტმა საბოლოო ფორმა მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და მალე თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაეგზავნება. პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.

მოდერნის, არტ-ნუვოს სტილის ეს შენობა 1909 წელს თავიდანვე კინოთეატრად აშენდა, 1990-იანი წლებიდან კი ფუნქციონირება შეწყვიტა, ახლა კი გამოცოცხლებას ელოდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG