Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად


თბილისში გაიმართა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, მხარდამჭერი აქცია. ჩაბუქი, რომელიც, 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თურქეთის მხარის მოთხოვნით 24 ივნისს დააკავეს და მას თურქეთში ექსტრადიცია ემუქრება. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ, ამბობენ, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა და ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასა და შემდეგ პარლამენტთან, 300-მდე ადამიანი შეიკრიბა თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად, რომელიც, უკვე რამდენიმე კვირაა, წინასაექსტრადიციო პატიმრობაშია.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვას მის თურქეთში ექსტრადიციაზე და ჩაბუქი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ამბობს, რომ საქართველოს მხარე ვალდებულია სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს:

"მთავარი ამოსავალი, რასაც ადგენს სამართალი და ადამიანის უფლებები, არის ის, რომ ექსტრადიციის თემაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს არაფერს, გარდა ადამიანის უფლებათა ინტერესებისა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი და განზომილება ისაა, რომ საქართველო ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი უთხრა თურქეთს მისი მოქალაქის გადაცემაზე".

ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩაბუქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი:

"საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს შექმნილი ვითარება და არ გადასცეს უდანაშაულო ადამიანი სახელმწიფოს, სადაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები და მას ემუქრება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე".

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც, უკვე 15 წელია, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერია.

24 მაისს ჩაბუქი დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 25 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, თურქეთის მხარე მას ბრალად სდებს თანამშრომლობას ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუფა ჩაბუქმა, უკვე მიმართა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს დახმარებისთვის. ის უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას ქრმის წინააღმდეგ და მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებს:

"გუშინ ლტოლვილის სტატუსი მოვითხოვეთ, კარგი შედეგის იმედი გვაქვს. ჩემს ქმარს დანაშაული არ ჩაუდენია არც თურქეთში, არც საქართველოში და როდესაც ასეთ სუფთა ადამიანს ადანაშაულებენ, ეს პოლიტიკური მუხტიდან მოდის".

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ თურქეთი, უკვე წლებია, სხვადასხვა სახელმწიფოსგან ითხოვს ფეტულა გიულენთან თანამშრომლობის მოტივით ადამიანების თურქეთში ექსტრადიციას, რაზეც უმრავლეს შემთხვევაში უარს იღებს. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი მუსტაფა ემრე ჩებუქის ექსტრადიციაზე უარის სათქმელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG