Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პირველი არჩევნებია ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ


არჩევნები ირანში
არჩევნები ირანში

ირანში საყოველთაო არჩევნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პრეზიდენტ ჰასან როჰანის რეფორმატორი მოკავშირეები და მათი კონსერვატორი ოპონენტები. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა ისტორიული მნიშვნელობის ბირთვული შეთანხმება.

ირანის მოქალაქეები 26 თებერვალს ირჩევდნენ ახალ პარლამენტს და ექსპერტთა საბჭოს, მნიშვნელოვან კლერიკალურ ორგანოს, რომელიც ირჩევს და ზედამხედველობას უწევს ქვეყნის უზენაეს ლიდერს.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საარჩევნო დრო ორი საათით გაახანგრძლივა, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის გამო.

ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ მაშჰადის მცხოვრებმა, რეფორმატორების მხარდამჭერმა ამომრჩეველმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მის უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდი იყო. ამომრჩეველმა ჩვენს რადიოს თავი მხოლოდ სახელით - ჰამიდით - წარუდგინა: „საარჩევნო უბანი არ იყო ხალხით გადაჭედილი და [ჩემი შთაბეჭდილებით] უმრავლესობა ხმას რეფორმატორებს აძლევდა. მე მაშჰადში ვცხოვრობ და ხმა მეზობლად მდგარ მეჩეთში მივეცი. ეს საშუალო კლასით დასახლებული უბანია და მხარი რეფორმატორების სიას დავუჭირე“.

ჩვენს ერს მივმართავ, დროულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ...კანდიდატები გონივრულად აირჩიონ... არჩევნებზე მაღალი აქტიურობა ირანის მტრებს იმედებს გაუცრუებს...
აიათოლა ალი ხამენეი

ირანისა და საერთაშორისო სააგენტოების ცნობებით, თეირანსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იყო.

გაურკვეველია, ვის სასარგებლოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალი აქტივობა. ირანის რეფორმატორულად განწყობილი ამომრჩევლები რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგნენ - მიეღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, რომელზეც არ დაუშვეს მათთვის მისაღები ბევრი კანდიდატი.

არჩევნებს განიხილავენ ერთგვარ რეფერენდუმად ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებისა და ზომიერი შეხედულებების მქონე პრეზიდენტის, ჰასან როჰანის, თაობაზე. დასავლეთი დათანხმდა ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, თეირანის მიერ ბირთვული მოქმედებების დასრულების სანაცვლოდ. დასავლეთი ვარაუდობდა, რომ ეს მოქმედებები ემსახურებოდა ბირთვული იარაღის შექმნას.

როჰანი და მისი მომხრეები აქცენტს სვამენ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ირანის რიგითი მოქალაქეები ნახავენ ამ შეთანხმებით, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შედეგად.

შეთანხმებამ, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა, ათეულობით მილიარდი დოლარი გამოათავისუფლა იმ თანხების სახით, რომლებიც ირანს ეკუთვნის და ქვეყნის გარეთ არსებულ ბანკებში იყო გაყინული. გლობალურ ფინანსურ სისტემაში შესვლის შემდეგ ირანმა გაააქტიურა ნავთობის ექსპორტი, რომელიც მის უმთავრეს შემოსავალს წარმოადგენს.

არჩევნები ირანში
არჩევნები ირანში

თუმცა კონსერვატორები და რადიკალურად განწყობილი ფიგურები, რომლებიც დომინანტურ ძალას წარმოადგენენ პარლამენტსა და სხვა ინსტიტუტებში, კვლავაც ეწინააღმდეგებიან დასავლეთთან ურთიერთობის სწრაფად დათბობას. ისინი ეჭვით უყურებენ უცხოურ ინვესტიციებს და თვლიან, რომ სანქციების მოხსნით მიღებული მოგება ეკონომიკის ზრდას და ქვეყნის შიდა წარმოებაში ინვესტიციებს უნდა მოხმარდეს.

არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში ირანის კონსერვატიულმა მმართველმა ელიტამ კანდიდატების დიდი ნაწილის დისკვალიფიკაცია მოახდინა. ეს ეხება როგორც დეპუტატობის, ისე ექსპერტთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს. ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი რადიკალ კონსერვატორებს აძლევს ხელს.

არჩევნებს მეთვალყურეობას უწევს ირანის გუშაგთა საბჭო, რომელმაც თავდაპირველად რეგისტრირებული, დაახლოებით, 12,000 კანდიდატიდან მხოლოდ 40 პროცენტს მისცა მონაწილეობის უფლება. რეფორმატორები აცხადებენ, რომ ამის შედეგად არჩევნებს გამოეთიშა მათი არაერთი გავლენიანი კანდიდატი.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ჩვენს ერს მივმართავ, დროულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ... კანდიდატები გონივრულად აირჩიონ ... არჩევნებზე მაღალი აქტიურობა ირანის მტრებს იმედებს გაუცრუებსო“, - განაცხადა მან მას შემდეგ, რაც თავად მიიღო მონაწილეობა პარლამენტისა და ექსპერტთა საბჭოს არჩევნებში.

ხმის მიცემა არ მინდა. კანდიდატებს არ ვიცნობ და არ ვენდობი. რამდენიმეს მოვუსმინე, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ. ხალხზე არც ერთი მათგანი არ ფიქრობს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვერ გადამიწყვეტია, არჩევნებზე, უბრალოდ, არ მივიდე თუ ცარიელი ბიულეტენი ჩავაგდო...
ერთ-ერთი ამომრჩეველი

უზენაესი ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების საბოლოო უფლებამოსილება აქვს ირანის თეოკრატიულ სისტემაში, ღიად არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს არ ემხრობა. ის მხარს უჭერდა როჰანის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების გარშემო, თუმცა, ამასთან, იზიარებს კონსერვატორების პოზიციას, რომ 1979 წლის ისლამურ რევოლუციას მუდმივი საფრთხე ემუქრება დასავლეთის, განსაკუთრებით, აშშ-ის მხრიდან.

ანალიტიკოსების აზრით, ირანის კონსერვატორთა დიდი ნაწილი შიშობს, რომ უცხოურ ინვესტიციებს მოჰყვება დასავლური ღირებულებების შესვლა ირანის კულტურულ სივრცეში, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს რევოლუციას. ამასთან, არსებობს შიში, რომ უცხოური ინვესტიციები კონკურენტულ გარემოს შეუქმნის სახელმწიფო მონოპოლიებს, რომლებსაც ხშირად ეს ძალები აკონტროლებენ და რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში.

ეკონომიკურმა სირთულეებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ამომრჩევლის აქტივობაზე - ზოგიერთი ამომრჩეველი პოლიტიკურ აპათიასა და პოლიტიკოსებისგან გაუცხოებაზე ლაპარაკობდა:

"ხმის მიცემა არ მინდა. კანდიდატებს არ ვიცნობ და არ ვენდობი. რამდენიმეს მოვუსმინე, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ. ხალხზე არც ერთი მათგანი არ ფიქრობს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვერ გადამიწყვეტია, არჩევნებზე, უბრალოდ, არ მივიდე თუ ცარიელი ბიულეტენი ჩავაგდო“ - ასეთი პოზიცია გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თეირანის მცხოვრებმა, სახელად არაშმა.

ირანში მოქმედებს 53 000-მდე საარჩევნო უბანი. ირჩევენ 290-წევრიან პარლამენტს და 88 წევრისგან შემდგარ ექსპერტთა საბჭოს. ხმის მიცემის უფლება აქვს თითქმის 55 მილიონ მოქალაქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შედეგები 27 თებერვალს გვიან გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG