Accessibility links

აშშ-ის არჩევნების დეჟავიუ საფრანგეთში?


პრეზიდენტობის კანდიდატების სარეკლამო პლაკატები

აშშ-ში გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა არჩევნებზე გავლენის მოხდენას. და ეს არამარტო ვარაუდია! იანვარში აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება ჰაკერული თავდასხმების შესახებ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშესაწყობად, 19 აპრილს კი მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ, „როიტერსმა“, გაავრცელა ცნობა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ ვინ, რომელმა ორგანიზაციამ მოამზადა გეგმა 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოსახდენად. ეს არის რუსეთის „სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი“ და მას, როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, პრეზიდენტი პუტინი აკონტროლებს. „როიტერსი“ იუწყება ამ ინსტიტუტში მომზადებულ ორ საიდუმლო დოკუმენტზე და მათ ავტორთა მიზანზე წაექეზებინათ ამერიკელები, აერჩიათ პრეზიდენტი, რომელიც უფრო შემრიგებლურ პოლიტიკას გაატარებდა რუსეთთან მიმართებით, ვიდრე ამას ბარაკ ობამა აკეთებდა.

მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა ასეთ ბრალდებებს, ისევე როგორც უარყოფს ბრალდებას, რომ ცდილობს გავლენა მოახდინოს საფრანგეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე. საფრანგეთში 23 აპრილს იმართება საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობის ოთხი წამყვანი კანდიდატიდან სამი ემხრობა პარიზის პრომოსკოვურ პოლიტიკას...

„ულტრამემარჯვენე კანდიდატი, სკანდალებით ცნობილი მემარჯვენე კანდიდატი, მემარცხენე კომუნისტი კანდიდატი - სამივე აღტაცებულია პუტინით, ანუ ლიდერით, რომელიც არც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს და არც პასუხისმგებლობა გამოუმჟღავნებია დიდ საერთაშორისო კონფლიქტებში“, - ეს სიტყვები 10 აპრილს ქალაქ ლიონში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს წარმოთქვა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

დანარჩენი სამი კანდიდატი - მაკრონის მიერ ნახსენები ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი, კონსერვატორი რესპუბლიკელების წარმომადგენელი ფრანსუა ფიიონი და კომუნისტების რჩეული ჟან-ლუკ მელანშონი - რუსეთთან დაახლოებას ემხრობა. მაგალითად, მარინ ლე პენი საჭიროდ მიიჩნევს მოსკოვისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას.

მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი

„ამდენად, რასაკვირველია, მიზნად დავისახავდი სანქციების რაც შეიძლება მალე გაუქმებას იმის იმედითა და იმ პირობით, რომ, თავის მხრივ, რუსეთიც გააუქმებს სანქციებს, რომლებიც, მაგალითად, საკვები პროდუქტების იმპორტზე შემოიღო“, - ეს განცხადება მარინ ლე პენმა გააკეთა გასულ თვეში მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

საერთოდ, 48 წლის მარინ ლე პენი, რომელიც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის, ქალიშვილია, მიჩნეულია კრემლის ყველაზე სასურველ კანდიდატად საფრანგეთის პრეზიდენტობისათვის. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მიზნები, როგორიც არის ევროკავშირისა და ნატოს დასუსტება, აშკარად ემთხვევა კრემლის ამოცანებს, თუმცა ამავე ამოცანებს ისახავს ჟან-ლუკ მელანშონიც. მერე რა, რომ სოციალისტია, ანუ ლე პენის იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, და კომუნისტების მხარდაჭერით სარგებლობს? რაც შეეხება კონსერვატორ ფრანსუა ფიიონს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის სახელსაც არაერთი სკანდალი უკავშირდება, ის მეგობრობს პუტინთან და იზიარებს მის მოსაზრებას, რომ ნატოს გაფართოება დაუშვებელია!

საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს და მტკიცე პროდასავლურ პოზიციაზე დგას, არის ემანუელ მაკრონი, 39 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი. და საყურადღებოა მისი პარტიის განცხადება, რომელიც წელს თებერვალში გავრცელდა. ამ განცხადებით, რუსეთის მედია ავრცელებს ცნობებს მაკრონის პოზიციის დასასუსტებლად, რათა არჩევნებში გამარჯვების შანსები გაიზარდოს კონკურენტებისათვის - რუსეთის მხარდამჭერი კანდიდატებისათვის. ამ შინაარსის განცხადება 13 თებერვალს გააკეთა მაკრონის პარტია „ან მარშის“ გენერალურმა მდივანმა, რიშარ ფერანმა. მისი თქმით, რუსეთის მედიასაშუალებები, ერტე და "სპუტნიკი", მაკრონის კანდიდატურისათვის საზიანო ცნობებს ავრცელებენ, რადგან ის ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. ვრცელდება "გამოგონილი ცნობები", მაგალითად, თითქოს მაკრონი აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი იყოს.

ულტრამემარჯვენე კანდიდატი, სკანდალებით ცნობილი მემარჯვენე კანდიდატი, მემარცხენე კომუნისტი კანდიდატი - სამივე აღტაცებულია პუტინით, ანუ ლიდერით, რომელიც არც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს და არც პასუხისმგებლობა გამოუმჟღავნებია დიდ საერთაშორისო კონფლიქტებში...

და რახან ისევ შეერთებული შტატები ვახსენებთ: იქ შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიისა და მასზე მოსკოვის ზემოქმედებაზე ცნობების შემდეგ, ბევრი პარალელი ჩანს საფრანგეთთან. როგორც ჩვენი კოლეგა, ალან კროსბი, ამბობს, კაცს დეჟავიუს შეგრძნება გეუფლება...

მოკლედ, ცდილობს თუ არა, ან შეეცდება თუ არა კრემლი გავლენა მოახდინოს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე - ეს ერთია. სხვა საქმეა, რომ ვლადიმირ პუტინს აქტიური მხარდამჭერები ეგულება ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.

გაზეთ „მონდის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომლებიც 19 აპრილს გამოქვეყნდა, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ემანუელ მაკრონს - 23%, მაგრამ ის ერთადერთი პროცენტით უსწრებს ლეპენს. 19,5 %-ით მესამე ადგილზეა ფრანსუა ფიიონი, მას 19 %-ით მოჰყვება მელანშონი. თუ 23 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 50 %-ზე მეტს (რაც მოსალოდნელია), არჩევნების ბედს გადაწყვეტს მეორე ტური. ის 7 მაისს გაიმართება პირველი ტურის შედეგებით პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატების მონაწილეობით.

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ზემოქმედების საფრთხეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG