Accessibility links

რას შეცვლის ნეპოტიზმთან დაკავშირებული სკანდალი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში?


ფრანსუა ფიიონი

აშშ-ის შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჯერი ევროპაზეა. საარჩევნო მარათონი წელს „ძველი კონტინენტის“ რამდენიმე ქვეყანას ელოდება. ამ მარათონს გახსნის საფრანგეთი, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილისთვის არის დანიშნული. ამ ქვეყანაში მოვლენათა მოულოდნელი ცვლილებების ფონზე სულ უფრო რთულდება იმის განჭვრეტა, რომელი კანდიდატი მოიპოვებს მოსახლეობის მხარდაჭერას.

დასავლეთის პრესაში რამდენიმე კვირაა, გრძელდება დისკუსია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი გავლენიანი რესპუბლიკელი კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის საქმესთან დაკავშირებით. ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გუნდის წევრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა უკავშირდება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს მან თავის მეუღლესა და შვილებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა ასიათასობით ევრო ვითომ პარლამენტში მუშაობისთვის. კონსერვატორი კანდიდატი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს: „კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს ახალი ამბების, ჭორების მწარმოებელი მანქანა. მაგრამ ვიმეორებ: მე დანებებას არ ვაპირებ!“ ამ სიტყვებით მიმართა ფიიონმა თავის ამომრჩევლებს 2 მარტს, სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიმში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. ერთი დღით ადრე კი რეპორტიორებთან საუბარში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრთხის წინაშე დგას არა მისი საპრეზიდენტო კანდიდატურა, არამედ დემოკრატიული ღირებულებები: „არ დავნებდები, უკან არ დავიხევ, ბრძოლას გავაგრძელებ, რადგან ჩემი კანდიდატურის მიღმა დემოკრატიის გადარჩენის ბედი წყდება. გთხოვთ, მხარში ამომიდგეთ. ეს საქმე მარტო მე არ მეხება, არც მარტო ჩემს უფლებებს ან უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქმე ეხება თქვენს სუვერენულ ნებას, რომელიც არ შეიძლება ჩაიკლას ან განადგურდეს“. ფრანსუა ფიიონის ამ სიტყვებს მალევე მოჰყვა ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელიც 5 მარტს მის მხარდასაჭერად გაიმართა პარიზში, ტროკადეროს მოედანზე.

ჩემთვის უცხოა შიში, უცხოა დოგმები. დიახ, იქნება ხმაური, იქნება ქარიშხალი, შესაძლოა, იყოს გარკვეული შიში თუ ეჭვი, მაგრამ გთხოვთ, ყოველდღე ჰკითხეთ თავს: რაშია ჩვენი პასუხისმგებლობა? მთელი ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა? ეს არის პასუხისმგებლობა, განვსაზღვროთ, რა გვსურს: ახალი საფრანგეთის აშენება თუ ბედისწერასთან და ხვედრთან შეგუება ...
ემანუელ მაკრონი

62 წლის გამოცდილი პოლიტიკოსის მიმართ ნეპოტიზმთან დაკავშირებული ბრალდება პირველად გამოითქვა მიმდინარე წლის იანვარში, სატირულ გამოცემა „ლე კანარ ენშენში“. ამას მალევე მოჰყვა სტატიების ტალღა, რომლებშიც საუბარი იყო ფიიონის ოჯახის წევრების მუშაობაზე სამთავრობო ადმინისტრაციაში. არც თავად ფრანსუა ფიიონი, და არც მისი მეუღლე, არ გაურბოდნენ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბარს და სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუების გზით ცდილობდნენ, საქმეში გამჭვირვალობა შეეტანათ. მიუხედავად ამისა, 24 თებერვალს საფრანგეთის საგამოძიებო უწყებამ გამოაცხადა, რომ ოფიციალურად იწყებს სამართლებრივ პროცედურებს. ეს გულისხმობს დაკითხვებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც არაერთ დაბრკოლებას უქმნის ფიიონის საპრეზიდენტო კამპანიას, რაც ჩანს კიდეც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში.

ერთ-ერთი ბოლო, 26 თებერვლის გამოკითხვით, მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება შეძლო მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა, რომელსაც მხოლოდ ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ კანდიდატი, მარინ ლე პენი უსწრებს. ბევრი ვარაუდობს, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გადამწყვეტ ეტაპზე ერთმანეთს ლე პენი და მაკრონი დაუპირისპირდებიან. თუ მართლაც ასე მოხდა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საფრანგეთის პოლიტიკურ ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ ვიხილავთ მემარჯვენე კანდიდატს, ფრანგებს კი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არჩევანის გაკეთება მოუწევთ ორ რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ ლიდერს შორის. ერთ მხარეს იქნება ევროკავშირის მოწინააღმდეგე, „ბრექსიტის“, ტრამპისა და პუტინის მხარდამჭერი მარინ ლე პენი, ხოლო მეორე მხარეს - ახალგაზრდა რეფორმატორი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ახლახან შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხესთან დაკავშირებით. სხვათა შორის, მაკრონს ხშირად უწევს პასუხის გაცემა თავის პოლიტიკურ გამოუცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე: „ჩემთვის უცხოა შიში, უცხოა დოგმები. დიახ, იქნება ხმაური, იქნება ქარიშხალი, შესაძლოა, იყოს გარკვეული შიში თუ ეჭვი, მაგრამ გთხოვთ, ყოველდღე ჰკითხეთ თავს: რაშია ჩვენი პასუხისმგებლობა? მთელი ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა? ეს არის პასუხისმგებლობა, განვსაზღვროთ, რა გვსურს: ახალი საფრანგეთის აშენება თუ ბედისწერასთან და ხვედრთან შეგუება?“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა თებერვალში, ბრიტანეთში მცხოვრებ ფრანგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ლიდერი მარინ ლე პენი კი ამომრჩევლის წინაშე ერთი და იმავე დაპირებებით გამოდის: „მიზანი ასეთია: ექვსი თვის განმავლობაში მივაღწიოთ კომპრომისს ევროკავშირთან, რის შემდეგაც დავიბრუნებთ სუვერენობას ოთხ სფეროში. ესენია: მონეტარული, ეკონომიკური, საკანონმდებლო და ტერიტორიული. თუ ევროკავშირი ამის უფლებას არ მოგვცემს, მაშინ გადაწყვეტილებას ფრანგ ხალხს მივაღებინებ: ჩავატარებ რეფერენდუმს იმაზე, უნდა ვეძებოთ თუ არა გამოსავალი ამ კოშმარიდან და დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა“, განაცხადა მარინ ლე პენმა 5 თებერვალს, თავისი პარტიის ყრილობაზე ლიონში.

არ დავნებდები, უკან არ დავიხევ, ბრძოლას გავაგრძელებ, რადგან ჩემი კანდიდატურის მიღმა დემოკრატიის გადარჩენის ბედი წყდება. გთხოვთ, მხარში ამომიდგეთ. ეს საქმე მარტო მე არ მეხება, არც მარტო ჩემს უფლებებს ან უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქმე ეხება თქვენს სუვერენულ ნებას, რომელიც არ შეიძლება ჩაიკლას ან განადგურდეს...
ფრანსუა ფიიონი

საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის არსებობაზე, ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების გარდა, დაუფარავად საუბრობენ ქვეყნის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შიდაპარტიული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასწრაფო კონსულტაციები გამართეს ნეპოტიზმში ეჭვმიტანილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის პარტიის, „რესპუბლიკელების“ ლიდერებმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალენ ჟიუპემ. როიტერის სააგენტოს ცნობით, სარკოზიმ ფიიონს მოუწოდა, დაიწყოს ფიქრი თავისი კანდიდატურის შემცვლელის ვინაობაზე. ამავე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა სარკოზის გუნდის კიდევ ერთი წევრის, ალან ჟიუპეს სიტყვები, რომელთა თანახმადაც, ფიიონის სიჯიუტე საარჩევნო კამპანიის გაგრძელებასთან დაკავშირებით სულ უფრო რეალურს ხდის მისი მარცხის საფრთხეს. ჟიუპემ გარკვევით აღნიშნა ისიც, რომ არ აპირებს, თავად ჩაანაცვლოს ფიიონის კანდიდატურა, რადგან ფრანგ ხალხს ახალგაზრდა სახეები და განახლებული პოლიტიკური ხედვა სჭირდება. არადა, იმავე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ფიიონთან შედარებით ჟიუპეს გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ეტაპად იმართება. პირველი ტური დაგეგმილია 23 აპრილისთვის. თუ მასში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა უბრალო უმრავლესობას, 7 მაისს ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი საუკეთესო პრეტენდენტი. ფრანსუა ფიიონის, მარინ ლე პენისა და ემანუელ მაკრონის გარდა, კენჭს იყრიან ბენუა ამონი სოციალისტური პარტიიდან და ჟან-ლუკ მელენშონი, პოლიტიკური მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG