Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯვებულები და დამარცხებულები კახეთში


კენჭისყრის პროცესი ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში
კენჭისყრის პროცესი ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში

წინასწარი მონაცემებით, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობას „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაიკავებენ. არის სოფლები სადაც, გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც მოიპოვეს. ოპოზიცია და მესამე სექტორი კონკრეტულ დარღვევებზე ლაპარაკობს.

გადმოწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმათა 50 %-ზე მეტი დააგროვეს და პირველივე ტურში გაიმარჯვეს. მათ შორის ყველაზე მეტი ხმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწაშვილმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ერბოწონაშვილი გვეუბნება, რომ ის კიდევ უფრო მეტ შედეგს ელოდა.

„მე ამ შედეგს კი არა, უფრო მეტსაც ველოდი. მე და ჩემს ოჯახს იმდენი დამსახურება გვაქვს საგარეჯოსა და მთელ კახეთში, რომ მართლა მეტს მოველოდი.

რასაც შევპირდი ხალხს, ყველაფერი ჩამოწერილი და გავლილი მაქვს. შესაბამისად, პრობლემების მოგვარებას ვიწყებ“.

იყო არნახული გაყალბება... არაქართულ მოსახლეობაში განსაკუთრებით. მაგალითად, კაბალში მოხდა ასეთი შემთხვევა: ამომრჩეველი შევიდა საარჩევნო უბანზე და მის მაგივრად ხმა სხვას მიუცია...
თორნიკე მაჭარაშვილი

გამარჯვებას ზეიმობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილიც. ის ამბობს, რომ, პირველ რიგში, მისი გეგმები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება:

„ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მოსახლეობაზე ზრუნვას და იმ გამოწვევებზე ღირსეული პასუხების გაცემას, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს. იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები? ამ კითხვაზე პასუხი მოგვიანებით მექნება - მას შემდეგ, რაც თითოეულ თანამშრომელს და მათ შესაძლებლობებს გავეცნობი“.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლაგოდეხში თორნიკე მაჭარაშვილი. მისი მტკიცებით, ამ მუნიციპალიტეტში არჩევნები გაყალბდა.

„იყო არნახული გაყალბება... არაქართულ მოსახლეობაში განსაკუთრებით. მაგალითად, კაბალში მოხდა ასეთი შემთხვევა: ამომრჩეველი შევიდა საარჩევნო უბანზე და მის მაგივრად ხმა სხვას მიუცია. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ კანონიერების ფარგლებში. როგორც შევძლებთ, მივალთ იმ სასურველ გამარჯვებამდე, რასაც ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებითვე, ლაგოდეხის ოთხ სოფელში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მათ შორის არის ემზარ გვალია, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. გვალია ამბობს, რომ მას ექნება შესაძლებლობა დაპირებები შეასრულოს.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებობდნენ. მათი ზოგადი შეფასებით, პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა იყო პრობლემებიც. ადამიანის უფლებათა ცენტრის კოორდინატორი კახეთში ლია ხუროშვილი ამბობს, რომ ისეთი ამომჩევლის აქტიურობა შეინიშნებოდა, ვინც ხმის მიცემის პროცედურები არ იცოდა და სხვის დახმარებას საჭიროებდა:

„ხანდაზმული ასაკის ადამიანები ამომრჩევლებში ჭარბობდა. ძალიან ბევრი ბიულეტენი გაბათილდა. მაგალითად, ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე 38 ბიულეტენი იყო ბათილი, იმიტომ რომ ეს იყო უმეტესად ასაკიანი ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, რადგან ზოგი უსინათლო იყო და ზოგიც უძლურად გამოიყურებოდა. ვისაც სჭირდებოდა დახმარება, კანონით უფლება აქვს ახლობლები შეიყვანონ, დაეხმარონ, თუმცა აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს მოყვანილი ხალხი იყო“.

არჩევნებზე კონკრეტული დარღვევების შესახებ რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრებიც არის შესული, რომლის განხილვაც ახლა იწყება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG