Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - არქეოლოგის ელდორადო


გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია აღმოჩენების ფონზე“
გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია აღმოჩენების ფონზე“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს სამდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში“. 16 ივნისს, კონფერენციის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია აღმოჩენების ფონზე“. წარმოდგენილი იყო ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძველი, საყოველთაოდ ცნობილი აღმოჩენების ფონზე ადასტურებს ქართული კულტურის განვითარების ერთიან და უწყვეტ ხაზს ნეოლითის ეპოქიდან გვიანანტიკურ ხანამდე.

საქართველოს არქეოლოგია 21-ე საუკუნეშიც აგრძელებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს, რომლებიც, ცნობილი არქეოლოგის, პროფესორ იულონ გაგოშიძის თქმით, უწყვეტ ჯაჭვად ებმიან წინა საუკუნეებში ექვთიმე თაყაიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ოთარ ჯაფარიძის და სხვა ცნობილი ქართველი არქეოლოგების სახელებთან დაკავშირებულ აღმოჩენებს. რა განაპირობებს არქეოლოგის წარმატებას? ამ კითხვის პასუხად იულონ გაგოშიძე ამბობს:

„საჭიროა ძალიან დიდი ცოდნა და ფართო განათლება, რადგანაც არქეოლოგია არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერება, ის ასევე დაკავშირებულია საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებთან და იზოლირებულად არქეოლოგია არ მუშაობს, ესაა მულტიდისციპლინარული კვლევა. ეს არის სიახლე, რომელიც მე-20 საუკუნის დასასრულმა და 21-ე საუკუნის დასაწყისმა მოიტანა. რა საკვირველია, არქეოლოგს ნივთი აინტერესებს, მაგრამ მისი მიზანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც ამ ნივთს მოაქვს. ძალიან დიდი წილი ინფორმაციისა მიიღება უშუალოდ გათხრის პროცესში. თუ არ ხარ პროფესიონალი და თუ რამე შეგეშალა, ქირურგის მსგავსად, მერე მისი გამოსწორება ძალიან ძნელია და ხშირად შეუძლებელიც კი. ასეა არქეოლოგიაში“.

იულონ გაგოშიძეს მივყავართ გამოფენის ერთ-ერთ თვალსაჩინო ექსპონატთან - ღვინის ჭურჭელთან, რომელიც ადრესამიწათმოქმედო, შულავერ-შომუთეფეს ნეოლითურ კულტურას ეკუთვნის და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით.

იულონ გაგოშიძე
იულონ გაგოშიძე

„ანუ თითქმის 8 ათასი წლის წინანდელია. სწორედ ამ ჭურჭელთან აღმოჩნდა კულტურული ვაზის - vitis vinifera-ს - წიპწები და, რაც მთავრია, ჭურჭლის ფსკერზე აღმოჩნდა ღვინის ნაშთი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო, თანაც ჭურჭლის გარე კედლებზე გამოსახულია ყურძნის მტევნები. გარდა ამისა, ახლახან დედოფლის გორაზე მეოთხე ათასწლეულის ბოლოს, მესამე ათასწლეულის დასაწყისის (ესე იგი ხუთი ათასი წლის წინანდელი) ორი სასმისი - რიტონი - ვიპოვეთ, დახურული ჭურჭელი, რომელშიც მიწა არ ჩასულა. რომ შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ მასში იყო მაღალხარისხიანი ღვინო“, უთხრა იულონ გაგოშიძემ რადიო თავისუფლებას.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენილი ნივთები დამთვალიერებლებს წარმოდგენას უქმნის პრეისტორიული კავკასიის მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან კავკასია ხდება მეტალურგიის კერა, იწყება ბრინჯაოს ხანა და საფუძველი ეყრება ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას. პროფესორი გიორგი გოგოჭური, წევრი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისა, რომელიც ბოლნისის რაიონში ბალიჭი-ძეძვების მთამადნელთა ნამოსახლარს იკვლევს, გვიჩვენებს ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულის ბოლოსა და მეოთხე ათასწლეულის დასაწყისის მეტალურგთა შრომის იარაღებს:

„ეს გახლავთ ტიგელი, რომელშიც ხდებოდა მადნის გამოდნობა. ეს კიდევ არის ყალიბი, რომელშიც ასხამდნენ უკვე გამდნარ სპილენძის ხსნარს. ძირითადად ადრეულ ეტაპზე მარტო სპილენძია, ამას ბრინჯაოს ვერ დავარქმევთ, კალამინარევიანი რომელიც არის, ეგ არის ბრინჯაო. ჩვენთან უფრო ხშირად ადრებრინჯაოს ხანის ეტაპზე არის დარიშხანიანი სპილენძის იარაღები, სამკაული და ა.შ.“

40-მდე მეცნიერია ჩამოსული მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ეს კონფერენცია არის კიდევ ერთი დადასტურება საყდრისის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლის...
ნინო ბურჭურაძე

გამოფენაზე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, თუმცა გიორგი გოგოჭურმა სინანულით აღნიშნა, რომ თავად მაღარო აღარ არსებობს:

„ჩვენ დავკარგეთ კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. დავკარგეთ როგორც საკვლევი ობიექტი, ასევე სანახაობრივი ობიექტი, რადგანაც უცხოელი მეცნიერების (გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი) კვლევებითა და ანალიზით დადგინდა, რომ საყდრისის მაღაროში სამთოწესით მოიპოვებდნენ ოქროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს უძველეს მაღაროსთან, სადაც ოქროს მოიპოვებდნენ ქრისტეს შობამდე 3 300-3 100 წლის წინ“.

უნდა ითქვას, რომ საყდრისის მაღარო ბუნებრივი კატაკლიზმების გამო არ დანგრეულა. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭურაძე საზოგადოებას შეახსენებს, რომ უძველესი ოქროს მაღარო საქართველოს ხელისუფლებამ დაანგრია და რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაწილი დღემდე არ აღიარებს საყდრისის უნიკალურ მეცნიერულ და კულტურულ მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, 2014 წლის 13 დეკემბერს მთავრობამ ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო. ძეგლი აღარ არსებობს. მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები და სამსახურები დღემდე ეჭვის ქვეშ აყენებენ საყდრისის მნიშვნელობას და არ მიიჩნევენ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ეს სამეცნიერო კონფერენცია არის საყდრისის მნიშვნელობის მორიგი მეცნიერული აღიარება და მხარდაჭერა. 40-მდე მეცნიერია ჩამოსული მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ეს კონფერენცია არის კიდევ ერთი დადასტურება საყდრისის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლის“, უთხრა ნინო ბურჭურაძემ რადიო თავისუფლებას.

რატომ არის ეს ყველაფერი ჩვენთან? იმიტომ, რომ ქართულმა არქეოლოგიურმა სკოლამ შეძლო მათი მოპოვება და შენარჩუნება. ჩვენ რომ არ გვქონოდა ადგილობრივი სკოლა, ეს აღმოჩენები იქნებოდა დადებული მუზეუმებში, ძირითადად რუსეთის მუზეუმებში...
დავით ლორთქიფანიძე

ექსპოზიციაზე, უძველესი მადნის მომპოვებელთა შრომისა და ცხოვრების წესის ამსახველი ნივთების გარდა, წარმოდგენილი იყო ასევე არტეფაქტები მაშინდელი მაღალი საზოგადოებრივი ფენის მდიდრული სამარხებიდან. ზურაბ მახარაძე ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელმაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ ანანაურში გათხარა ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის, ანუ ადრებრინჯაოს ხანის, ბელადის სამარხი, მეცნიერულად - ყორღანი ნომერი სამი.

„სამარხში აღმოჩნდა ხით ნაგები კამერა, რომელშიც იყო ხის ორი სარიტუალო ეტლი. ამ ეტლების საშუალებით კრძალავდნენ ბელადს, გადაჰყავდათ იმ ქვეყნად. ეს არის უღელი, რომელშიც აბამდნენ ხარებს... ეტლის ბორბლები მუხისაა, კორპუსი და სხვა დეტალები კი სხვადასხვა ხისგან არის გაკეთებული. თვითონ ყორღანი, სადაც ეს ეტლები იქნა ნანახი, იყო გრანდიოზული. წარმოიდგინეთ პირამიდა, რადგანაც იმ დროისაა, როცა პირამიდები შენდებოდა... 100 მეტრის დიამეტრი და 12 მეტრის მიწაყრილი ჰქონდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ მახარაძემ, რომლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანანაურის სამარხი თავის დროზე გაძარცული იყო, ნანახი იქნა 23 ოქროს ნაკეთობა, ქსოვილები; ტყავის, კერამიკისა და ქარვის ნივთები. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, ქართველი არქეოლოგები დამსახურებულად იწონებენ თავს ყველა ეპოქის აღმოჩენებით:

დავით ლორთქიფანიძე
დავით ლორთქიფანიძე

„ერთი მხრივ, აქ არის ანანაურის ფანტასტიკური აღმოჩენები, მეორე მხრივ კი, უძველესი მეტალურგიის, უძველესი მადანწარმოების კვალი. ასევე არის აღმოჩენები, დაკავშირებული უძველეს მიწათმოქმედებასთან, ღვინის წარმოებასთან, რასაც ასევე დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს და, რა თქმა უნდა, ანტიკური ეპოქის აღმოჩენები, რომლებიც ვანის ნაქალაქარიდან არის. ასევე არის აღმოჩენები ნოქალაქევიდან, მცხეთიდან და ა.შ. მაგრამ რატომ არის ეს ყველაფერი ჩვენთან? იმიტომ, რომ ქართულმა არქეოლოგიურმა სკოლამ შეძლო მათი მოპოვება და შენარჩუნება. ჩვენ რომ არ გვქონოდა ადგილობრივი სკოლა, ეს აღმოჩენები იქნებოდა დადებული მუზეუმებში, ძირითადად რუსეთის მუზეუმებში“.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს აქვს არქეოლოგიური აღმოჩენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი, რადგანაც ფლობს სათანადო ცოდნას და მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელთანაც დაკავშირებულია კაცობრიობის განვითარების ყველაზე ადრეული ეტაპები. პროფესორი იულონ გაგოშიძეც იმედოვნებს, რომ საქართველოს წინ კიდევ ბევრი და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ელოდება.

„იმიტომ რომ საქართველო არის არქეოლოგის ელდორადო, იმიტომ რომ საქართველო არის წინა აზიის ნაწილი, სადაც მსოფლიო ცივილიზაცია იშვა, - მართალია, პერიფერია, მაგრამ მაინც ნაწილი. და გასაკვირი არ არის, რომ მთელი მსოფლიოს არქეოლოგებს უნდათ აქ მუშაობა, მით უმეტეს ახლა, როცა წინა აზიაში მუშაობა გაძნელდა. სირია, ერაყი... ეგვიპტეშიც კი გართულდა მუშაობა და მთელი ეს გამოთავისუფლებული ხალხი მოისწრაფის საქართველოსკენ. ჩვენ უნდა დავხვდეთ და მივიღოთ ისინი. ასე რომ, აღმოჩენები იყო, არის და იქნება“, უთხრა იულონ გაგოშიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG