Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: „ჩემი გეგმა იწყება ჩვენ მიერ ენერგიის მოხმარების ყაიდის შეცვლით“


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელმაც გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი. თავისი გამოსვლა ობამამ ასეთი შესავლით დაიწყო:

„მე დღეს წარმოვადგენ კლიმატის სფეროში ახალ სახელმწიფო გეგმას და მინდა თქვენს თაობას დახმარება ვთხოვო იმაში, რომ შევინარჩუნოთ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ლიდერი - გლობალური ლიდერი - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მემორანდუმი შეიცავს იმ ამოცანებისა და დირექტივების ნუსხას, რომელთა შესრულებაც სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა უწყებას დაევალება. ბარაკ ობამამ თავისი გეგმის არსი მოკლედ ასე გამოხატა:

„ეს გეგმა იწყება ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ ენერგიის მოხმარების ყაიდის შეცვლით, იმით, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ ბინძური ენერგია, მოვიხმაროთ მეტი სუფთა ენერგია და ეკონომიკამ არ გაფლანგოს ის“.
ჩვენ ვზღუდავთ ჰაერსა და წყალში შხამიანი ქიმიური ნივთიერებების, ვერცხლისწყლის, გოგირდისა და დარიშხანის გაჟონვის ნორმებს, მაგრამ ელექტროსადგურებს კვლავ აქვთ უფლება უსაზღვრო რაოდენობის ნახშირბადი გამოაფრქვიონ. ეს არაა სწორი, ეს არ არის უსაფრთხო, ეს უნდა შეწყდეს...

ეს კონკრეტულად ნახშირბადის გამოყოფის შემცირების ახალ ნორმებს, დიდი სატვირთო მანქანების და შენობებში საწვავის ეფექტიანობის ახალ სტანდარტებს გულისხმობს. უწყებები მუშაობას დაიწყებენ ფერმერებთან, ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, საავადმყოფოებთან მთელ ქვეყანაში იმისათვის, რომ ხალხი მომზადებული შეხვდეს ყოველგვარ სტიქიას, გვალვას, ტყის ხანძრებს, ქარიშხალსა და სხვა მისთანას, რაც კლიმატის შეცვლითაა გამოწვეული.

ბარაკ ობამამ მთავარ საკითხად გამოყო კლიმატის შეცვლა ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ერს მეორედ მისი არჩევის შემდეგ მიმართა. მაშინ მან პირობა დადო, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, 2016 წლამდე, ის ამ მხრივ აქტიურად იმოქმედებდა. ამერიკის პრეზიდენტი უშუალოდ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მავნე გავლენაზე ლაპარაკობდა. ობამას მიერ მოხმობილი სტატისტიკით, ამერიკაში ნახშირბადის გამოყოფის 40 პროცენტი ამ სადგურებზე მოდის:

„ესაა სწორედ საქმე: ამ სადგურებს არა აქვთ დაწესებული მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვა, თუ რა ოდენობის ნახშირბადის გამოფრქვევა შეუძლიათ ატმოსფეროში. ნახშირბადზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ჩვენ ვზღუდავთ ჰაერსა და წყალში შხამიანი ქიმიური ნივთიერებების, ვერცხლისწყლის, გოგირდისა და დარიშხანის გაჟონვის ნორმებს, მაგრამ ელექტროსადგურებს კვლავ აქვთ უფლება უსაზღვრო რაოდენობის ნახშირბადი გამოაფრქვიონ. ეს არაა სწორი, ეს არ არის უსაფრთხო, ეს უნდა შეწყდეს“.
ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას მარტო - ისეთი ძლიერიც კი, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომაცაა ჩვენი გეგმა მოწოდება, რომ ამერიკა სათავეში ჩაუდგეს კლიმატის შეცვლის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლას. და არ დაგავიწყდეთ: მსოფლიო ელის, რომ ამერიკა გაუძღვება ამ საქმეს...
ბარაკ ობამა

ობამას გამოსვლამდე თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, ემოქმედა მარტო, კონგრესის გამო მიიღო. კანონმდებლებმა ვერ მოახერხეს აზრთა ერთიანობის მიღწევა და ვერ დაამტკიცეს ამ თემატიკასთან დაკავშირებით კანონი. ყველაზე სადავოდ მიიჩნევენ გარემოს დაცვის სააგენტოს მიმართ დირექტივას, შეიმუშაოს ნახშირბადის გამოყოფის ახალი ნორმები ნახშირზე მომუშავე უკვე არსებულ და ახალ ელექტროსადგურებზე. დღემდე მთავრობა ყურს არ უგდებდა ბუნების დამცველთა მოწოდებებს უკვე მოქმედი სადგურებისთვის ნორმის დაწესების თაობაზე. ობამა ამ მხრივ გარემოს დაცვის უწყებისგან მოითხოვს აქტიურ მოქმედებას ახალი ნორმების დადგენისას, ყველა დონეზე. პრეზიდენტის მემორანდუმის მიხედვით, ტრანსპორტის დეპარტამენტი მუშაობას გააჩაღებს ავტომრეწველობასთან, რათა სატვირთო ავტომანქანებისა და ავტობუსების საწვავი უფრო ეფექტიანად იქნეს მოხმარებული. სოფლის მეურნეობის უწყება კი უნდა დაეხმაროს ფერმერებს, თავიდან აიცილონ სტიქიის კატასტროფული შედეგები. პრეზიდენტის მემორანდუმის თანახმად, ბინათმშენებლობისა და საქალაქო განვითარების დეპარტამენტსაც თავისი წილი ამოცანა ექნება გადასაწყვეტი: ამ უწყებამ გადასახადის გადამხდელთა თანხებით მოქმედი სტრუქტურების ქმედითობა უნდა უზრუნველყოს. ობამა გეგმავს რვა მილიარდი დოლარი გამოყოს განახლებადი ენერგიების წყაროთა განვითარებისთვის. 2009 წლის შემდეგ, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, მზის, ქარისა და გეოთერმულ ენერგიათა სადგურების რაოდენობა აშშ-ში გაორმაგდა. საერთაშორისო დონეზე ობამა აპირებს სათავე დაუდოს ინიციატივას, მოეხსნას სავაჭრო ზღუდეები პროდუქტს, რომელიც ენერგიის განახლებადი წყაროების გზით იქნა წარმოებული. ამასთან, ობამას სურვილია, დასრულდეს აშშ-იდან იმ ელექტროსადგურების წარმოების დაფინანსება ოკეანის გადმოღმა, რომლებიც ნახშირზე მუშაობენ. ბარაკ ობამას თქმით, თვით ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც ამერიკაა, არ ძალუძს მარტო იმოქმედოს ამ მიმართულებით:

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას მარტო - ისეთი ძლიერიც კი, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომაცაა ჩვენი გეგმა მოწოდება, რომ ამერიკა სათავეში ჩაუდგეს კლიმატის შეცვლის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლას. და არ დაგავიწყდეთ: მსოფლიო ელის, რომ ამერიკა გაუძღვება ამ საქმეს“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG