Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათილი თუ ნამდვილი?


თამაზ მეჭიაური და ანა ნაცვლიშვილი
თამაზ მეჭიაური და ანა ნაცვლიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს სასამართლოში თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის, ინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სარჩელით მიმართავს სასამართლოს ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის საარჩევნო ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულება და ასევე მოუწოდებს პროკურატურას დაინტერესდეს არჩევნების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზებით. ორგანიზაციის განმარტებით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თიანეთის ოლქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, 5 ბიულეტენი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ აღდგა, რამაც არჩევნების საბოლოო შედეგზე იმოქმედა. მათივე განმარტებით, ბიულეტენების გადათვლა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე, წესების დარღვევით განხორციელდა.

ბათილი თუ ნამდვილი?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:31 0:00
გადმოწერა

საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევა და ქმედებები, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მერის არჩევნების შედეგებს თიანეთში, რომელშიც მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“, კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა და თამაზ მეჭიაურს, „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ოთხი ხმით მოუგო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის, სიტყვებით, ხელახალი გადათვლის შედეგად, ბათილად ცნობილი 24 ბიულეტენიდან 5 ბიულეტენი „მკვდრეთით აღადგინეს“ მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ, რამაც არჩევნების შედეგები შეცვალა, ბიულეტენების გადათვლა კი, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე, წესების დარღვევით განხორციელდა:

„სრულიად გაუგონარი და მიუღებელი ფაქტია ის ამბავი, რომ ოლქმა სხდომა ჩაატარა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ თავად საოლქო კომისიის წევრს, არ უშვებდნენ სუბიექტის წარმომადგენელს, რომელსაც არსებითად ეხებოდა შედეგები. არ მომხდარა უბნის კომიის წევრების დაბარება. დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების აღდგენა მკვდრეთით და სწორედ ამას ვასაჩივრებთ ჩვენ სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას“.

ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ უბანზე არ ყოფილა პრობლემა და შემდეგ ასევე გვაქვს ფაქტი, რომ კონვერტის გახნის შემდეგ ოლქში ნამდვილად ამოვიდა „ქართული ოცნების“ ბიულეტენები. და გაუგებარია, როგორ გადაიქცა ბათილი ბიულეტენები „ქართული ოცნების“ სასარგებლო ბიულეტენებად...
მიხეილ ბენიძე

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის საეჭვო ქმედებებსა და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია ავრცელებს სპეციალურ განცხადებასაც, სადაც მითითებულია, რომ მათი წარმომადგენელი პირადად აკვირდებოდა თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე არჩევნებსა და ბიულეტენების ბათილად ცნობის პროცესს, რომლის დროსაც არც ერთ დამსწრე პირს, მათ შორის არც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს, არ გამოუთქვამს პროტესტი ბიულეტენების ბათილად ცნობის თაობაზე. სწორედ ამიტომ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძისთვის სრულიად გაუგებარი და, რაც მთავარია, საეჭვოა, როგორ აღმოჩნდა ბათილად ცნობილი ბიულეტენების დალუქულ კონვერტში „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შემოხაზული ხუთი ბიულეტენი, რომელთა ნამდვილობაც ეჭვს არ იწვევს:

„ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ უბანზე არ ყოფილა პრობლემა და შემდეგ ასევე გვაქვს ფაქტი, რომ კონვერტის გახნის შემდეგ ოლქში ნამდვილად ამოვიდა „ქართული ოცნების“ ბიულეტენები. და გაუგებარია, როგორ გადაიქცა ბათილი ბიულეტენები „ქართული ოცნების“ სასარგებლო ბიულეტენებად. და ასევე საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ეს იყო სულ ბოლო უბანი, რომლის ინფორმაციაც მიდიოდა ოლქში და ამ უბნის შედეგების მეშვეობით ერთი ხმით იგებდა ბატონი მეჭიაური, და შემდეგ, სრულიად დაუსაბუთებელი საჩივრის საფუძველზე, გაიხსნა ბათილად ცნობილი ბიულეტენების კონვერტი. ეს შედეგზე ახდენს გავლენას და, შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ უნდა მოხდეს ხელახალი კენჭისყრა“.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

თავად მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ განგებ გაჭიანურდა მეოცე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი და ამის შესახებ ცნობილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვისაც:

„მე დამჭირდა ორჯერ დარეკვა ქალბატონ თამარ ჟვანიასთან იმაზე, რომ როგორმე დაემთავრებინათ მეოცე უბანზე არჩევნები, რადგან ორი საათის დამთავრებული იყო ყველგან და ამ უბანს წელავდნენ და იწყებდნენ ხელახლა დათვლას იმისათვის, რომ რაღაც ჩაედიანთ ისეთი ან ჩვენ გამოვეყვანეთ მდგომარეობიდან“.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სასამართლოს მიმართა და თიანეთის მეოცე საარჩევნო უბანზე ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობა მოითხოვა, არის ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თამაზ მეჭიაური ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს ახალი საშიშროება ხმების გაყალბებისა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავების გაერთიანებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს განიხილავს მცხეთის რაიონული სასამართლო, სადაც თამაზ მეჭიაურის მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა:

„ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული, აბსოლუტურად დაგეგმილი, რომ შეაცოდონ საზოგადოებას თავი და ჩაგრულებად წარმოჩინდნენ, რომ უი, როგორ დაიჩაგრნენ მეჭიაურის მხარდამჭერები“.

თიანეთის მერის არჩევნებში 21 ოქტომბერს თამაზ მეჭიაურს ამომრჩეველთა 49,97 %-მა დაუჭირა მხარი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს კი, 50,03 %-მა. შეგახსენებთ, რომ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თიანეთის მერის არჩევნებს თამაზ მეჭიაური იგებდა (50,01 %).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG