Accessibility links

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული სისტემით 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“ (55,7 %), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (17 %), „ევროპულმა საქართველომ“ (10,4 %) და „პატრიოტთა ალიანსმა“ (6,5 %). თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ხმების 51,1% და, წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. თბილისისგან განსხვავებით, არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება როგორც ქალაქ ქუთაისის, ასევე ხუთი თვითმმართველი თემის მერები ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში.

ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები - გიორგი ჭიღვარია და გრიგოლ ვაშაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით, ყაზბეგში მერობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ ალექსანდრე ზაგაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, და სანდრო ყამარაული, „დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოდან“. მეორე ტური გაიმართება ასევე ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში:

„ამ ქალაქებში 50 %-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა“.

ამას, ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად მე არ ვეთანხმები, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა ასევე აიკრძალოს უბნის სიახლოვეს, ქუჩაში ან ტელეფონით...
თეა წულუკიანი

თუმცა მეორე ტურამდე ცენტრალური და საოლქო კომისიები პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეტანილ საჩივრებს განიხილავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა შიდა ქართლსა და კახეთის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრები არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ხოლო ე. წ. კოორდინატორები ზემოქმედებას ახდენენ ამომრჩევლებზე.

„შემაშფოთებელ ტენდენციად გამოიკვეთა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პარტიების კოორდინატორების, აგიტატორების და ზოგჯერ მხარდამჭერების მობილიზება. ისინი აკონტროლებენ ამომრჩევლებს, ვინ მივიდა და ვინ არ მივიდა, დავთარში იწერენ მათ სახელებს. შეინიშნება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა“, უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცესკოს წარმომადგენლები საარჩევნო გადასატანი ყუთით თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
ცესკოს წარმომადგენლები საარჩევნო გადასატანი ყუთით თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე

ამ პრობლემაზე ილაპარაკეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი უძღვებოდა. თეა წულუკიანის თქმით, უბნის მიმდებარედ აგიტაცია და ამომრჩეველთან სატელეფონო საუბარი კანონის დარღვევად ვერ ჩაითვლება, თუმცა, მისი თქმით, პრობლემაა სამაგიდო სიებზე წვდომა:

„ამას, ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად მე არ ვეთანხმები, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა ასევე აიკრძალოს უბნის სიახლოვეს, ქუჩაში ან ტელეფონით, თუმცა სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“.

დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები...
ნინო ბურჯანაძე

კოორდინატორების აქტიურობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს აქტიურობდნენ არამხოლოდ მმართველი პარტიის კოორდინატორები.

„აქტივისტები ახორციელებდნენ მხარდამჭერების მობილიზებას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა არჩევნებში როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მთავარია არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ნორმები და მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის პირადი მონაცემები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიციის შემადგენლობის მობილიზაცია გარდაბანში არჩევნების დღეს
პოლიციის შემადგენლობის მობილიზაცია გარდაბანში არჩევნების დღეს

თუმცა არჩევნებში მონაწილე პარტიები ხელისუფლებასა და საარჩევნო კომისიებს უფრო მასშტაბური დარღვევების გამოც უსაყვედურებენ. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მის პარტიას ხმები მოპარეს:

„დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები. მან ჩაყო ხელი ყუთებში და მოიპარა ჩვენი ხმები“.

დარღვევებზეა საუბარი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში, თუმცა მასში ისიცაა ნათქვამი, რომ არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ:

„ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი. მთლიანობაში, არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული. ადგილი ჰქონდა როგორც ამორჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებს და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს“.

საქართველოს მთავრობასა და ხალხს კარგად ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარებული არჩევნების დასრულება მიულოცა ამერიკიის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელმაც ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG