Accessibility links

ბათუმის საარჩევნო ოლქმა საჩივრების მხოლოდ ნაწილი განიხილა


ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვაზე უარი უთხრა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. საიას ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ბათუმში არჩევნების კენჭისყრის დღეს ექვსი საჩივარი დაწერეს, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოთხოვნაზე უარი უთხრეს ვადების დარღვევი გამო:

„დილის პროცედურების დარღვევებზე საჩივარი შემოგვიტანეს საღამოს 17:00 საათზე. ვადები იყო დარღვეული და, საერთოდ, უნდა შემოტანილიყო... საჩივარი იწერება დაუყოვნებლივ, ხარვეზის შემჩნევისთანავე და ასე შემდეგ“.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ცხრამეტი საჩივარი შევიდა. აქედან ათი კომისიამ ვადების დარღვევის მოტივით არ განიხილა. მათ შორის იყო საჩივრები, სადაც ერთ-ერთი უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სხვა უბანზე კი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას საშიშ ტენდენციად მიიჩნევს:

„ეს არის ახალი ტენდენცია და პრეცედენტი საარჩევნო ოლქის განმარტებისა, რომ ჩვენი საჩივრები არ იყო დაუყოვნებლივ წარმოდგენილი. რაც შეეხება ამ „დაუყოვნებლივის“ განმარტებას, ეს არის ერთი, ორი, ხუთი საათი თუ ხუთი წუთი? ამ კითხვაზე ოლქი პასუხს ვერ გვცემს და კანონს იმგვარად განმარტავს, რომელიც არ შეესაბამება იმავე კანონის მოთხოვნას“.

საიას ექვსი განუხილველი საჩივრიდან ორის განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციას მაინც მოუხდა, რადგან იმავე უბნებზე მსგავსი შინაარსის დარღვევები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმაც გაასაჩივრეს. საუბარია ბათუმის 29-ე და 102-ე საარჩევნო უბნებზე. 29-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებლები კენჭისყრის ყუთის გახსნასა და ბიულეტენების ხელახალ გადათვლას მოითხოვდნენ. ამის მიზეზი, საჩივრის მიხედვით, იყო ის, რომ უბნის ერთ-ერთი რეგისტრატორი საარჩევნო ბიულეტენებს ციფრებით აღნიშნავდა. ასეთი დანომრილი 40 ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოხვდა და შემდეგ შემაჯამებელ ოქმშიც აისახა:

„აღრიცხავდა „ერთი, ორი, სამი“, რაც იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა - რომელმა ამომრჩეველმა რა ნომრის ბიულეტენი აიღო და ვის მისცა ხმა, ანუ დარღვეული იყო ფარულობა. ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში კომისია ადეკვატური უნდა ყოფილიყო“, - ამბობს მადონა ბერიძე, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი.

არჩევნები ბათუმში
არჩევნები ბათუმში

29-ე საარჩევნო უბნის საჩივრის განხილვამ საოლქოო კომისიის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საოლქო კომისიის წევრთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს დარღვევა სწორედ ე.წ. „კარუსელების“ ფაქტს ავლენდა, ამიტომ ბიულეტენების თავიდან გადათვლას და დანომრილი ბიულეტენების გაბათილებას ითხოვდა:

„...გახსენით ეს ყუთი და გადაამოწმეთ, სამართალს კი არ ეძებთ, იცავთ... კომისია იმიტომაა, რომ გამოავლინოს დარღვევა და სიმართლე დაადგინოს... “ - თქვა კახა ჯაიანმა, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა.

„...რატომ იცავთ და რატომ არ გინდათ, რომ არ გაიხსნას ეს ყუთი, სამი საათი რომ ზედმეტად ვიმუშაოთ, რა მოხდა? რა გჭირთ, ხალხო!.. “ - შენიშნა კოლეგებს მიხეილ კიკაბიძემ, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა.

მთლიანობაში, იყო პროცედურული დარღვევები, იყო ისეთი დარღვევები, რომელიც აღნიშვნის ღირსია. კერძოდ, ჩვენს დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე შეეზღუდათ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება...
მადონა ბერიძე

საბოლოო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა დამკვირვებლების მოთხოვნა, 29-ე უბანზე ხმები გადათვლილიყო. ნაცვლად ამისა, უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცეს, რის გამოც საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ჯაიანმა.

ბათუმის სოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა 102-ე უბნის შედეგების გაუქმებაზეც, რასაც ასევე ითხოვდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საოლქო კომისიის წევრთა ნაწილი. აღნიშნულ უბანზე მისულ ამომრჩეველთა ხოლმოწერების რაოდენობა არ ემთხვეოდა საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობას. ამის გამო 102-ე საარჩევნო უბნის თავჯდომარემაც შენიშვნა მიღო.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, საერთო ჯამში, 9 საჩივრის განხილვის შედეგად, საუბნო კომისიის 6 თავმჯდომარეს გაფრთხილება, ორს კი შენიშვნა მისცა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორი მადონა ბერიძე ამბობს, რომ თვიმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა გარკვეული დარღვევებით:

„მთლიანობაში, იყო პროცედურული დარღვევები, იყო ისეთი დარღვევები, რომელიც აღნიშვნის ღირსია. კერძოდ, ჩვენს დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე შეეზღუდათ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება. იყო ასევე რამდენიმე უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები, სადაც დასაბრუნებელი ბიულეტენები დააკლდა კომისიას. მთლიანობაში, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა საარჩევნო უბნებთან იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩეველს, აგრეთვე უკავშირდებოდნენ მათ, რაც, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმია“.

ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ლაპარაკობს აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი:

„პირველი, რაც ამ არჩევნებზე გამოიკვეთა, ეს არის უბანზე პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და მისი დისტანციურად გადაცემა უბნის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის - ეს შეფასდა უკანონოდ. რაც შეეხება უბნის გარეთ კოორდინატორთა მობილიზებას და აქტივისტების გადაადგილებას, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კანონდარღვევა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უარყოფითი ტენდენცია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG