Accessibility links

გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ წელს თამთა მელაშვილის მოთხრობების კრებული „მარინეს ანგელოზები“ დაბეჭდა. კრებული მომცროა, მასში რვა პატარა მოთხრობაა შესული და ყველგან მდედრობითი სქესის ადამიანები ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს პირველ პირში და ისინი სულ სხვადასხვანაირები არიან: ბავშვებიც, ახალგაზრდა გოგოებიც, ასაკოვანი ქალებიც, სოფლელებიც, ქალაქელებიც, ლესბოსელებიც, ნარკომანებიც, ნარკოტიკის გამსაღებლებიც, უცხოეთში მოხუცების მომვლელებიც, ოფისებში მსხდომებიც, ფეხმძიმეებიც, მაინცდამაინც ვაჟი რომ უნდა გააჩინონ, დედებიც, რომლებიც უცებ აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი გეია... ოღონდ ისინი თითქმის ყველგან ტირიან. აი, ჩამოსხდებიან სადღაც და ქვითინი აუვარდებათ. ყრიან ცრემლებს, მერე თითქოს ღონეს მოიკრებენ და აგრძელებენ რაღაცის კეთებას. მერე ისევ წამოუვლით და აღრიალდებიან, ისიებენ თვალებს. მოკლედ, ამ ციცქნა წიგნში ძალიან ბევრი ცრემლი იღვრება. და, მგონი, არასოდეს იღიმიან. არავინ არასოდეს იღიმის. ხუმრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამ მოთხრობებში სულ ვიღაც კვდება, ვიღაცას სცემენ, ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებენ. წამიერადაც კი არ კრთება არსად არც სიხარული, არც იმედი. აი, ასეთი მოღრუბლული, სევდიანი წიგნია და, ალბათ, ბუნებრივიც იყო, რომ პოეტმა ეკა ქევანიშვილმაც ამ სევდაზე დაიწყო ლაპარაკი.

ეკა ქევანიშვილი: სულ ვფიქრობ ხოლმე, სევდა შეიძლება იყოს თუ არა არაპათეტიკური. და როცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობ, სულ მახსენდება თამთა მელაშვილის წიგნები. მე ვფიქრობ, რომ თამთას სევდა არის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული თანამედროვე ქართულ პროზაში. და ამის დასტური არის მისი მოთხრობების ბოლო კრებული - "მარინეს ანგელოზები". ხო სულ რვა მოთხრობაა შესული, სხვადასხვა თემატიკის, სხვადასხვა ტრავმების, ტკივილების შესახებ, მაგრამ ყველა მოთხრობას თან გასდევს ისეთი სევდა, რომელიც უბრალოდ კი არ გატირებს ან დაგაღონებს, ან ცხოვრებაზე ხელს ჩაგაქნევინებს, არამედ რაღაცნაირად უფრო მეტად გაძლიერებს. ყველაზე მეტად, რაც თამთა მელაშვილთან, როგორც ავტორთან, მიყვარს, არის ის, რომ მისი მწერლური ენა ძალიან ხშირად იცვლება. თან იცნობ მის ხმას აუცილებლად, როგორც მწერლისას, მაგრამ თან აღმოაჩენ, რომ საოცრად შეუძლია გარდასახვა, როცა სხვადასხვა გმირების სახელით გველაპარაკება. ამ მოთხრობებშიც იგივეა, "გათვლაშიც", რომელიც ასევე ძალიან განსხვავებული თხრობის სტილით გამოირჩევა, მის მეორე რომანშიც - "აღმოსავლეთით" - და ამ რვავე მოთხრობაშიც, რომელიც ამ ახალ კრებულში შევიდა.

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი

„კანადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ტესტი, რომლის შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ტირიან, კარგად უძლებენ სტრესებს. ტირილი კარგი ადამიანის და მეგობრის ნიშანია“ - ამომიგდო ასეთი ინფორმაცია, როცა სიუჟეტის ტექსტს ვწერდი და შიგადაშიგ ფეისბუქს ვათვალიერებდი, ნიუსფიდმა. და ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევით არ მოხდა. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი თამთა მელაშვილის ამ მოთხრობებისა ხომ ისაა, რომ, მიუხედავად დამცირებებისა, გარიყულობისა, სასოწარკვეთისა, ადამიანებმა ეს სტრესები უნდა გადაიტანონ და ცხოვრება გააგრძელონ. ბევრი იტირონ, მაგრამ მაინც გააგრძელონ. და სწორედ ამ ტირილმა უნდა მისცეს მათ ცხოვრების გაგრძელების ძალა. და კარგი ადამიანები და მეგობრები არიან ისინი? ალბათ, არ არიან ცუდები. უბრალოდ, სხვანაირები არიან და ძალიან მოწყვლადები. მეგობრები კი ნამდვილად კარგები - „წერილი ლიას“ წაიკითხეთ, დარწმუნდებით. ლია უცხოეთში მომვლელად მუშაობს ათეულობით წელია და ბავშვობის მეგობარი მას წერილს სწერს. მოვუსმინოთ კვლავ ეკა ქევანიშვილს.

ეკა ქევანიშვილი: ამ მოთხრობების კრებულს, რომელიც თავისთავად, ვფიქრობ, რომ არის თემატურად ძალიან შეკრული, მაინც მგონია, რომ რამდენიმე მოთხრობა რომ დამატებოდა, იქნებოდა კიდევ უფრო კარგი. მეცოტავა. შეიძლება ეს ჩემი მკითხველური გაუმაძღრობის ბრალია, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა კიდევ რამდენიმე ახალი ტექსტი დამატებოდა. მერე წავიკითხე თავიდან ისევ ეს კრებული და აღმოვაჩინე ერთ-ერთი ახალი მოთხრობა, რომელსაც ჰქვია "წერილი ლიას", რომელიც ასე იწყება: „ჩემო ლია, ჩემო თვალისჩინო, ჩემო მეგობარო". დიდი ხანია ასეთი ტექსტი, რომელიც ძალიან, ძალიან ბევრი ქალის სათქმელია, არ დაწერილა. საერთოდაც ვფიქრობ, რომ "წერილი ლიას" არის ამ კრებულის ერთგვარი გამხსნელი ტექსტი.

ყველაზე უცნაური, ბუნდოვანი ტექსტია „ერთი და ორი“. რამდენიმეჯერ გადავიკითხე, მაგრამ კარგად მაინც ვერ გავერკვიე, რა ხდებოდა იქ. სტილი გითრევს, თხრობის მანერა, ენერგიული, მოკლე ფრაზებით, სოფლურ მეტყველებაში არეული სლენგით თუ ბარბარიზმებით, მაგრამ არ ვიცი, ზაფხულის საშინელი სიცხის ბრალია, ტექსტს კარგად რომ ვერ აღვიქვამდი, თუ მართლა ეს იყო ავტორის განზრახვა, რომ მკითხველი დაებნია. სათაურიც, „ერთი და ორი“, შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ ერთი მთხრობელია თუ ორი, ვერ გაიგებ. ეს ნანა და ლილიანა სხვადასხვა არიან თუ ერთი და იგივე. მეტყველების მანერით ერთი და იგივე არიან. კი, ფინალში ჩამოწერილია ცალკე ამანათი ლილიანა ტიმოვასათვის და ცალკე ამანათი ნანა ისმაილოვასთვის, მაგრამ აი, ვიკითხე ეს ერთიბეწო მოთხრობა, დავიღალე, კარგად მაინც ვერ გავარკვიე, ვინ რას შვრებოდა და, საბოლოო ჯამში, ვის რა დაემართა და შევეშვი. არადა, ზოგან საპირისპიროს აკეთებს ავტორი, რაღაცნაირ უნიათო თხრობის მანერას ირჩევს, უღონოს. მისი რომანი „აღმოსავლეთით“ სწორედ ამ სტილითაა დაწერილი და ეს აღვნიშნე კიდეც, როცა ჩვენს რუბრიკაში ამ წიგნზე ვილაპარაკე. მოვუსმინოთ ერთხელაც ეკა ქევანიშვილს.

ეკა ქევანიშვილი: ერთ-ერთი პირველი იყო, ალბათ, თამთა, რომელიც შეეხო ისეთ თემებს, რომლებზე წერაც არ იყო დიდად პოპულარული - ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ქართულ პროზაში. ის არ ირჩევდა, ერთი სიტყვით, არც მარტივ პერსონაჟებს და არც მარტივ თემებს. ერთ-ერთი პირველი იყო, მე მგონი, ვინც დაწერა ადამიანებზე, რომლებიც არიან ჩვენგან გარიყულები მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვგვანან, იმიტომ რომ ისინი არიან უმცირესობაში. ეს კრებული, მე მგონი, იმითაც არის გამორჩეული, რომ განსაკუთრებული თხრობის მანერის გარდა, რომელიც გამოარჩევს თამთას, ძალიან გამოკვეთილი გმირები ჰყავს. არასოდეს არ არიან იმაზე უკეთესები, ვიდრე სინამდვილეში არიან. ისინი არ ცდილობენ უკეთესობას. პირიქით, მე მგონია, რომ თამთას, როგორც მწერლის, სიძლიერე ზუსტად იმაშია, რომ მაქსიმალურად მიახლოებულად დაგვანახვოს ეს ტიპაჟები - მათი ქცევიდან, ხელის მოძრაობიდან, ლაპარაკის მანერიდან დაწყებული, გადაწყვეტილებებით დასრულებული, რომლებსაც ისინი იღებენ.

საბოლოო ჯამში, როგორი შთაბეჭდილება დატოვა წიგნმა ჩემზე? ძალიან კარგად მესმის, რომ ამ აქტუალურ თემებზე წერა დრომ მოიტანა, საჭიროცაა და თუ ვინმე ამას კარგად აკეთებს, მშვენიერია. მაგრამ მაინც რაღაც ერთჯერად პროექტებად აღიქმება ჩემთვის ეს მოთხრობები. კონკრეტული ერთი შერჩეული თემა და მერე რამდენიმეგვერდიანი ტექსტი, ამ თემაზე შეთხზული. მარტივი მამრავლებივითაა. სავარჯიშოებივითაა. ალბათ, მეტი კომპლექსურობაა საჭირო, რომ ტექსტი ამ განცდას არ გიტოვებდეს. უნდა ეცადოს, ალბათ, მწერალი, რომ პანო დახატოს, გაშალოს, და ამ პანოში ჩააწნას ეს თემები. და მარტო კი არ ტიროდნენ, თუნდაც ყველაზე არაპათეტიკურად, არამედ იცინოდნენ იქ კიდეც, ირონიაც იყოს, თვითირონიაც, თუმც, რა ვიცი, არ გამიბრაზდეთ, მაგრამ ქალ მწერლებს ეგ ძალიან იშვიათად გამოსდით, თითქმის არ გამოსდით. ან მათი ბუნებაა ასეთი, ან, უბრალოდ, არ თვლიან, რომ ტექსტს ეს ირონია თუ თვითირონია სჭირდება. თუმცა ეს უკვე ზოგადი პრობლემატიკაა და, ალბათ, სხვაგან განსახილველი, აქ ვეღარ მოესწრება. ჯობს დავამთავროთ საუბარი და ბოლოსკენ ერთხელაც მივცეთ სიტყვა ეკა ქევანიშვილს.

ეკა ქევანიშვილი: გაივლის წლები და როცა ვიღაც დასვამს შეკითხვას, ვინ წერდა ქართულ ლიტერატურაში სიმართლეს გოგოებზე, ქალებზე, მათ ნამდვილ სახეზე და ტკივილებზე 2000-იან წლებში, მათ მდუმარებასა და იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ცხოვრება არ სურდათ, რომელ ცხოვრებასაც ეფარებოდნენ, პასუხი იქნება ასეთი: თამთა მელაშვილი. ერთ-ერთი, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი. თამთა იქნება პირველი, ვინც საკუთარ - ნაწილობრივ საკუთარ - გამოცდილებაზე დაყრდნობით, სხვა ქალების ენით ალაპარაკდა და მათი სათქმელი მიიტანა მკითხველამდე - თან ისე, რომ კითხვისას მართლა იქცევი იმ ქალად, ვისზეც წერს. თანაგანცდა ამიტომ ჩნდება მოთხრობების ამ კრებულის წაკითხვის მერეც, რომ ჩვენ ყველანი ვართ ან ერთხელ მაინც ვყოფილვართ ეს ქალები

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG