Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის სოფლების უმრავლესობაში ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებს


ბიბლიოთეკა ზუგდიდში
ბიბლიოთეკა ზუგდიდში

ზუგდიდს ორი მთავარი ბიბლიოთეკა ემსახურება: ერთი - ქალაქს, მეორე კი - მუნიციპალიტეტს. ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა 1990 წლიდან ფუნქციონირებს, მისი წიგნების ფონდი 220 ათასს, მკითხველთა რაოდენობა კი 4 000 აღწევს. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა 2014 წელს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის რეფორმა განხორციელდა, ქალაქი და თემი გაიყო. ორი წლის ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის 10 ათასი წიგნი და სამასამდე მკითხველი ირიცხება. მის დაქვემდებარებაშია სოფლის ბიბლიოთეკებიც. ქალაქის დაწესებულებას სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე 580 კვადრატული მეტრის ფართი აქვს დაკავებული, მუნიციპალიტეტისა კი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ნაქირავებ ბინაში განთავსდა. ადმინისტრაციას ქირის საფასურად 1000 ლარის გადახდა უწევს.

პრობლემები ახალ ბიბლიოთეკას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქალაქისას. არ ჰყოფნით ფართი და ამის გამო ხშირად წიგნებსაც ვერ ალაგებენ სურვილისამებრ. როგორც რადიო თავისუფლებას ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ განუცხადა, უახლოეს დღეებში გამგეობისგან ახალი ფართის გადმოცემას ელოდებიან, ამ დროისთვის კი უფრო მწვავე პრობლემას სოფლები წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტის 42 სოფლიდან ბიბლიოთეკა მხოლოდ 17-ში ფუნქციონირებს, მათი დიდი ნაწილის აღდგენაც, ფაქტობრივად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწყო. შენობები, სადაც ბიბლიოთეკებია განთავსებული, არ არის ადგილობრივი გამგეობის საკუთრებაში, რაც პროცესს ხელს უშლის:

„გამგებელი დაგვპირდა... წერილი უკვე გაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში, რომ ეს ბალანსზე გადმოეცეს გამგეობას და მერე თავისთავად ჩვენ გადმოგვეცემა. გვაქვს გამზადებული კიდევ ექვსი სოფელი, თავისი წიგნების ფონდით, ავეჯით და ყველაფრით, რომ აღვადგინოთ, მაგრამ ისევ ეს გვაფერხებს“.

რა თქმა უნდა, ახლა სრულყოფილი და მთლიანად თანამედროვე სტანდარტებს მორგებული არ არის. თვითონ აბონენტის საცავი არ არის მოწესრიგებული, გარემონტებული...
მანანა გვარამია

მადონა მაქაცარიას ინფორმაციით, სოფლის ბიბლიოთეკების უმეტესობაში წიგნების ფონდის შექმნა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო, რადგან არსებულიდან ვარგისი მხოლოდ 30% აღმოჩნდა:

„აბსოლუტურად დამპალი წიგნები წამოვიღეთ, მაგალითად, კახათის ბიბლიოთეკიდან, სადაც ჩასახლებული არიან დევნილები. აი, საქათმესავით ჰქონდათ გამოყენებული და პირდაპირ წიგნებზე ისხდნენ ქათმები“.

სოფლებში ბიბლიოთეკარების ხელფასი 300 ლარია, სათავო დაწესებულებაში კი ის 1000 ლარამდე მერყეობს. ოდნავ მეტია სახელფასო ფონდი ქალაქში. უკეთესი მდგომარეობაა აქ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. შენობას ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, აქვს სამკითხველო დარბაზი, აღჭურვილია კომპიუტერებით, მაგრამ, როგორც დირექტორი მანანა გვარამია აცხადებს:

„რა თქმა უნდა, ახლა სრულყოფილი და მთლიანად თანამედროვე სტანდარტებს მორგებული არ არის. თვითონ აბონენტის საცავი არ არის მოწესრიგებული, გარემონტებული. არ არის თანამედროვე დონეზე ყველასთვის შეღწევადი. არ არის იმ დონეზე, რასაც ევროპული სტანდარტი ითხოვს“.

ბიბლიოთეკა ზუგდიდში
ბიბლიოთეკა ზუგდიდში

ბიბლიოთეკებში განმარტავენ, რომ დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა მკითხველთა ზრდის თვალსაზრისით. მათი დიდი ნაწილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან. ბიბლიოთეკარ ინგა ქარჩავას თქმით, მკითხველთა რაოდენობის პარალელურად, ყოველწლიურად ადგენენ, რომელ ავტორზეა მეტი მოთხოვნა. გაირკვა, რომ აქტუალობას არ კარგავს თანამედროვე ლიტერატურა:

„ძალიან პოპულარულია დათო ტურაშვილი. ძალიან პოპულარულია სიუზენ კოლინზი, სტივენ კინგი, დენიელ კიზი...“

მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებით ბევრი ითხოვს ინგლისელი მწერლის, ჯოან როულინგის, ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიას. ამასთან, მადონა მაქაცარიას განცხადებით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მკითხველები ირჩევენ იმ ლიტერატურას, რომელიც შეტანილია სასკოლო ან ეროვნული გამოცდების პროგრამაში. მისივე სიტყვებით, ახალგაზრდები კითხულობენ საჭიროების და არა სურვილის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG