Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბირჟა მაფია“ - გლდანის ციხიდან კვლავ ბირჟაზე


რეპერების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისში. 2017 წლის 11 ივნისი
რეპერების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისში. 2017 წლის 11 ივნისი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა ჰიპ-ჰოპ პროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრები - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, რომლებიც გასულ კვირაში დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული მომღერლების ჩვენებაზე დაყრდნობით, თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. მომღერლების თქმით, მათი დაკავება უკავშირდება ერთ-ერთ ვიდეორგოლს, რომელშიც გაშარჟებულია პოლიცია.

გადმოწერა

ჰიპ-ჰოპ პროექტ „ბირჟა მაფიის“ ორი დაკავებული წევრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯერ მიხეილ მგალობლიშვილი გაათავისუფლა. მომღერალს სასამართლოს წინ ელოდა ათეულობით გულშემატკივარი, რომლებიც შეეგებნენ შეძახილით „მაიკლი თავისუფალია!“. მიხეილ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ფანებს და კოლეგებს:

„მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას“.

მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია
მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია

მიხეილ მგალობლიშვილს პატიმრობა 50-ათასლარიანი გირაოთი შეუცვალეს, ასევე გირაოთი - 20 ათასი ლარით - გაათავისუფლეს გიორგი ქებურია, რომლის თქმითაც, დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა ამოცნობა შეუძლია, მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და აიძულეს ეღიარებინა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გიორგი ქებურიას თქმით, პოლიციელები ასევე გამოხატავდნენ აგრესიას „ბირჟა მაფიის“ ვიდეორგოლის შინაარსის გამო:

„გააღიზიანა პოლიცია, რადგანაც ამ კლიპში პოლიცია იყო გაშარჟებული და ამის გამო ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო“...

მომღერლებისათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას დაეთანხმა სახელმწიფო ბრალმდებელი. პროკურორ დავით გუმბერიძის კომენტარი:

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლები არ არიან, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად არ დაუდგინდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. პროცესზე გაცხადებული პოზიცია და საჯარო ინფორმაცია, რაც პროკურატურამ მიიღო, სწორედ ამის საფუძველზე შედგა ბრალდებულებთან გასაუბრება, რის შემდგომაც დავიწყეთ გამოძიება და ამჟამადაც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.

პროკურორს არ უთქვამს, დაკითხეს თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც „ბირჟა მაფიის“ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, გოგა ხატიაშვილი, მიიჩნევს, რომ საზოგადოება არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ უდანაშაულო მომღერლების გათავისუფლებით.

„პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით, მაგრამ, როგორც თავად ბრალდებულები საუბრობდნენ, მათ მიმართ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მიხეილ მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დეტექტივმა მას თავზე ხელი დაარტყა. ამიტომაც ეს კვალიფიკაცია, რაც მიანიჭა პროკურატურამ, სრულყოფილად არ ასახავს ყველა იმ ნიუანსს, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ სათანადოდ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები და, ასევე, მისცეს შესაბამისი კვალიფიკაცია ისეთი მუხლით, რომელიც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს“, უთხრა გოგა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სრულად გათავისუფლებას, ნარკოტიკების შეძენისთვის, შენახვისთვის და მოხმარებისათვის ვინც ზის და, ასევე, გასაღების შემთხვევაში სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას...
თამარ კორძაია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქვეყნის სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემები, რომლებსაც მნიშვნელოვნად აღრმავებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. სწორედ მისი შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძეც ამბობს, რომ პარლამენტი აპირებს შესაბამის კანონებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

„ნარკოპოლიტიკა უნდა გახდეს გაცილებით უფრო მეტად ჰუმანური. მთავარი კონცეფცია, რაც უნდა შეიცვალოს, არის ის, რომ დასჯიდან ეს პოლიტიკა უნდა გადავიდეს პრევენციასა და ზრუნვაზე. მომხმარებელს არ უნდა შევხედოთ როგორც დამნაშავეს“, უთხრა ლევან კობერიძემ რადიო თავისუფლებას.

საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების მიღებას აპირებს საშემოდგომო სესიაზე, თუმცა მანამდე ოპოზიციის ნაწილი გამოდის ინიციატივით, ხელისუფლებამ მიიღოს ერთგვარი ამნისტია იმ პირების მიმართ, ვინც არსებული ნარკოპოლიტიკის გამო იხდის სასჯელს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, თამარ კორძაია, განმარტავს:

„წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სრულად გათავისუფლებას, ნარკოტიკების შეძენისთვის, შენახვისთვის და მოხმარებისათვის ვინც ზის და, ასევე, გასაღების შემთხვევაში სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG