Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვამების ლაბირინთი


ახლახან ბუდაპეშტში მიკლოშ იანჩო დაკრძალეს - დიდი უნგრელი რეჟისორი, რომელმაც წარმოუდგენელს მიაღწია. “უსტილობის ეპოქაში”, როცა კინოში თითქმის შეუძლებელი გახდა ახალი ენის შექმნა, გადაიღო უნიკალური სტილის ფილმები, ქორეოგრაფიული კინორიტუალები, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის, ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიქელანჯელო ანტონიონის თანაბარი გავლენით. იანჩოს ესთეტიკური ფორმალიზმი ზოგჯერ სრულ სიგიჟეში გადადის. მისი ფილმების უგრძესი ტრეველინგები ქმნის ანტიფსიქოლოგიურ პოეტიკას, რომელიც ვიღაცას პლატონის “orchesis”-ს, ვიღაცას კაფკას ლაბირინთებს აგონებს.

მიკლოშ იანჩოს ფილმების ყურება ერთი სიამოვნებაა. ისევე, როგორც სიამოვნებაა “უნგრული კინოს კაფკაზე” წერა. სასიამოვნო საყურებელია კინო, რომელიც მართლაც ჰგავს სიზმარს. ასეთი კინოს ანალიზი კი სიზმრის ანალიზს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ იანჩოს სიზმრები არაა “კეთილი სიზმრები”. უფრო პირიქით - კოშმარულ ხილვას ჰგავს, როგორც, მაგალითად, ფილმი, რომელმაც იანჩოს პირველი დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა - “უიმედოდ”... და, მართალია, ფილმი მე-19 საუკუნის უნგრეთის ამბებს ასახავს (როგორ ჩაახშვეს 1849 წლის აჯანყება ავსტრიამ და უნგრეთმა), პრემიერის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ იანჩო 1956 წლის უნგრეთის რევოლუციას გულისხმობდა.

ამ სურათში ტყვედჩავარდნილ გმირს ეკითხებიან: “შენ მოკალი?”. “არა, მე არ მომიკლავს”. “კეთილი” - უპასუხებენ მას და ღამე ტოვებენ ჩაკეტილ სივრცეში, გვამებთან ერთად. დილით გმირი აღიარებს, რომ მკვლელია. რაღაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უშვებენ (იშვიათია იანჩოს ფილმებში) და უბრძანებენ: “თუკი იპოვი იმას, ვინც შენზე მეტი ადამიანი მოკლა, გაგათავისუფლებთ!”... ვიღაც წერდა, რომ ასეთ რეპლიკას მხოლოდ ჯოჯოხეთში თუ გაიგებს კაცი, ანდა კოშმარულ სიზმარში, რომელიც იანჩოსთან ჯოჯოხეთის რეპეტიციაა.

დიდი უნგრელი რეჟისორი ქმნის განზოგადებულ სურათს ისტორიისა, ერთგვარ “ანტითეატრს”, რომელიც თავისი პირობითობით თეატრს დაემსგავსებოდა, რომ არა იანჩოს კამერა, მუდმივად რომ მოძრაობს სივრცეში, თითქოს ადგილს რომ ეძებს პოლიციის, არმიის, სახელმწიფოს მიერ დათრგუნული მონისთვის.

მოხდა ისე, რომ 92 წლის რეჟისორის გარდაცვალება დაემთხვა “მუხროვნის ამბოხის” ახალ კადრებს და სკანდალს ვანო მერაბიშვილის რეპლიკის გამო. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა - და ეს ბუნებრივია - მერაბიშვილის სიტყვები შესანიშნავად გამოიყენეს ნაცმოძრაობის “დანაშაულებრივი რეჟიმის” მხილებისთვის. თავის მხრივ, ნაცმოძრაობა ხან როგორ და ხან როგორ ცდილობდა მერაბიშვილის რეპლიკის გამართლებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შემაძრწუნებელი ფრაზა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების საბაბი გახდა. ტელევიზიით ვუყურეთ “ცირკს”, დაპირისპირებული მხარეების შერკინებას. უკვე მერამდენედ ვერ შევძელით დაგვეწყო დისკუსია იდეოლოგიაზე, რომელსაც თავის თავში მოიცავს ვანო მერაბიშვილის ეს სიტყვები, იდეოლოგიაზე, რომლისთვისაც “ორი გვამი” არაფერს წარმოადგენს. რადგან სახელმწიფოს სხვა მიზნები აქვს - მან ძალა უნდა დაანახვოს თავის მოქალაქეებს. ამისათვის კი მსხვერპლი არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.

მერაბიშვილის სიტყვებმა გამახსენა ის აღფრთოვანება, რომელიც არასდროს დაუმალავთ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს - აღფრთოვანება პინოჩეტისა და მისი რეჟიმის მიმართ. პირადად უთქვამთ ჩემთვის, რა არის სტადიონზე დახვრეტილი კომუნისტები, როცა ჩილეს, როგორც სახელმწიფოს, სრული კატასტროფა ემუქრებოდაო. რა ვიცი, აქ მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას “პინოჩეტიზმს” და “ჩეგევარიზმს” შორის. მსხვერპლი მსხვერპლია, სულ ერთია, რა მიზნითაც უნდა ტარდებოდეს მსხვერპლშეწირვის ეს არქაული რიტუალი. ჰოდა დისკუსია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ერთად მიაგნონ გზას უმსხვერპლოდ ცხოვრების დასაწყებად.

მიკლოშ იანჩოც ასეთი დისკუსიისთვის იღებდა თავის ფილმებს. იგი დარწმუნებული იყო, რომ ტირანი ყველგან ერთნაირია და, შესაბამისად, შურისძიებაც ყველგან ერთნაირი... თავის ჯოჯოხეთურ სიზმრებში იგი, შეიძლება ითქვას, ტირანიის და შურისძიების სტრუქტურის შესწავლას გვთავაზობდა.

ამ მხრივ მიკლოშ იანჩოს ფილმი “ელექტრა ჩემი სიყვარული” თითქოს არა იმდენად საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ უნგრეთზე, რამდენადაც დღევანდელ საქართველოზეა გადაღებული.

“ელექტრაში” იანჩოს გზავნილი ძველთაძველია, მაგრამ სწორედ ის გზავნილია, რომელიც არ სიამოვნებთ ადამიანებს და, როგორც წესი, პროტესტს გამოხატავენ მის მიმართ - იანჩო ამბობს, რომ თავისუფლება და კანონი შეუთავსებელია. ამიტომ რევოლუცია არასდროს უნდა დასრულდეს, მაშინაც კი არა, როცა ხალხი (ორესტე) კმაყოფილია გამარჯვებით.

იანჩოს ამ ფილმში ტრაგიკული მძაფრდება იმიტომ, რომ ელექტრა ვერ ამბობს უარს შურისძიებაზე. ელექტრა ეგისთეს დასჯას ითხოვს. მაგრამ ამავე დროს მას უნდა, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც არა მარტო მონაწილეობდა უსამართლო სამყაროს შექმნაში, არამედ ითმენდა ბოროტებას. სხვაგვარად - დარწმუნებულია ელექტრა - თუკი ეს ადამიანები არ დაისჯებიან, ბოროტების დამარცხება შეუძლებელი გახდება.

მაგრამ რა დარჩება ამ სამყაროში როცა ეს ხალხი დაისჯება? ვინღა დარჩება? განა შურისძიება უფრო არ დააცარიელებს ამ უსაზღვრო უნგრულ ველ-მინდორს, რომელზეც მთვარეულებივით დაფარფატებენ იანჩოს დამონებული გმირები? მიკლოშ იანჩო მხოლოდ კითხვას სვამს. კითხვას დისკუსიითვის!

საქართველოში “მუხროვნის ვიდეომ” შოკივით იმოქმედა ხალხზე. არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში კიდევ ვიხილოთ ამის მსგავსი რამე. ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც უკვე კატასტროფულად უუნაროა, პროკურატურაში დაგროვილი საქმეები გამოიძიოს, ეს შოკი, საზოგადოებაში გაძლიერებული ზიზღი და შურისძიების გამძაფრებული ვნება არაჩვეულებრივი საშუალებაა რეალური პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადასატანად. ამდენი ხნის მანძილზე სერიოზული საჯარო დისკუსია სამართლიანობის აღდგენაზე, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთხელ მოეწყო საქართველოში, 2013 წლის ივლისში, ბიოლის ფონდში, ანა დოლიძის, დავით ბერძენიშვილის, ოთარ კახიძის მონაწილეობით. ამ დისკუსიაზე ანა დოლიძემ წამოაყენა იდეა, შეიქმნას “სამართლის ეროვნული კომისია”, რომელმაც, ფაქტობრივად, უნდა გაასამართლოს ნაცმოძრაობა და, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, “აღადგინოს სამართლიანობა ქვეყანაში”. მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად მოიძებნებიან ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც კომისიის წევრები შეიძლება გახდნენ.

2013 წლის ივლისში, როცა ანა დოლიძემ ეს მოხსენება წაიკითხა, მხოლოდ დაწყებული იყო საზმაუწყებლობის რეფორმაზე დისკუსია. 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა 27 ადამიანიდან ვერ აირჩია საზმაუწყებლის საბჭო. ვერ აირჩია, რადგან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე კი გრძელდება ლაპარაკი, მაგრამ ფასეულობების კრიზისს არაფერი ეშველა - ადამიანებს ელემენტარულზე არ შეუძლიათ შეთანხმება, როცა საქმე ძალაუფლებას და გავლენის სფეროებს ეხება.

პესიმიზმია ეს? რა ვიცი. მე ასეთი პესიმიზმი მირჩევნია ყალბ ოპტიმიზმს, რომლითაც ამდენი ხანია გვაცხოვრებენ ქართულ საზოგადოებას. თუკი წინააღმდეგობებს ვერ ვიგრძნობთ, თუკი ეჭვი არ გაჩნდება, ეჭვი და სკეფსისი, აბა როგორ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და როგორ უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ ცხოვრება მსხვერპლის გარეშე?!

და ამაზე ფიქრისას ისევ მიკლოშ იანჩო უნდა გავიხსენო.

ცნობილია, რომ “ელექტრაში”, საათნახევრიან ფილმში, მიკლოშ იანჩო მხოლოდ 12 “ჭრას” მიმართავს. იგი ბოლომდე იყენებს ფირს, სანამ კოლოფი არ დაიცლება - კამერა დგას რელსებზე (იანჩო თავის ფილმებს არ იღებდა “ხელის კამერის ეპოქაში”) და ისე გადაადგილდება სივრცეში. ასეთი გადაადგილება შეუძლებელს ხდის იმპროვიზაციას - ყველაფერი მკაცრადაა გაანგარიშებული. ასე გადაიქცევა “ანტიტოტალიტარული ელექტრა” “ტოტალიტარულ კინოდ”. რეჟისორი თითქოს შურს იძიებს ადამიანებზე და გადააქცევს მათ მარიონეტებად. გველაპარაკება თავისუფლებაზე, ღირსების და სამართლიანიბის აღდგენაზე, მოითხოვს ჩვენგან, უარი ვთქვათ მსხვერპლზე. მაგრამ თავად ქმნის ყველაზე “დიქტატორულ ესთეტიკას” კინოს ისტორიაში, სტილს, რომელიც მსახიობს უკვე სრულიად ართმევს თავისუფლებას.

გავამართლოთ დიდი რეჟისორი და ვთქვათ, რომ იგი არა ცხოვრებას, არამედ ჯოჯოხეთს ასახავს. ნუ ჩაკვდება ჩვენში ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ვნება, გვამების ლაბირინთიდან თავის დაღწევის სურვილი. აბა სხვა რა დაგვრჩენია?!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG