Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ცუდ მდგომარეობაშია საქართველოს სოფლის მეურნეობა?


ამ რამდენიმე დღის წინ ცენტრალურ ევროპაში ვიმოგზაურე და გზებზე, პირველ ყოვლისა, თვალში მომხვდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიუხვე და თანამედროვე ტექნიკა. მართალია, ევროპაში ეს ჩემი პირველი მოგზაურობა არ ყოფილა, მაგრამ ამჯერად მეტი საშუალება მქონდა, ამ მხრივ საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ განსხვავებას დავკვირვებოდი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოვფრინდი და იქიდან თბილისში ავტობუსით მომიწია მგზავრობა. შეუძლებელია, გზად ვერ შეამჩნიო, რამდენად თავისუფალი და დაუმუშავებელია მიწები საქართველოში და რამდენად არამექანიზებულია სოფლის მეურნეობა. ამ თემაზე ადრეც ბევრჯერ მიფიქრია და დამიწერია, მაგრამ ამჯერად ეს პრობლემა თითქოს განსაკუთრებული სიმწვავით დამიდგა თვალწინ.

სახლში რომ მოვედი, გადავწყვიტე, ოფიციალური სტატისტიკისთვის გადამეხადა იმის დასადგენად, თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაშია საქართველოში სოფლის მეურნეობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით. შედეგს ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გაგიზიარებთ. მართალია, არსებული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ ის, თუ როგორი იდეოლოგიური მიდგომა სჭირდება სახელმწიფოს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად.

პირველი, რაც დავადგინე, ის არის, რომ მიწების ათვისების მხრივ, ვითარება არც ისე სავალალოა. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობისთვის საქართველოში მიწების 35%-მდე გამოიყენება. თავისთავად ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები (მაგალითად, რუანდა ან ბურუნდი) იმავე ცხრილის მიხედვით, მიწების 75%-ზე მეტს ამუშავებენ, ხოლო ჩვენზე ბევრად განვითარებული ევროპის ქვეყნები შვედეთი და ფინეთი - 8%-ზე ნაკლებს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა პროცენტულად მაინც უფრო მეტ მიწას ამუშავებს, ვიდრე ჩვენ. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი აშკარად მეტყველებს სოფლის მეურნეობის განვითარების დონეზე.

დამუშავებული მიწის ფართობზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რამდენად პროდუქტიულია დამუშავებული მიწები. ამ მხრივ, საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს იმის სტატისტიკას, თუ რამდენი კილოგრამი მარცვლეული კულტურები მოჰყავდათ ქვეყნებს 2010-2014 წლებში ერთ ჰექტარზე (ერთი ჰექტარი უდრის 10 ათას კვადრატულ მეტრს). საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,2 კილოგრამს შეადგენს, ანუ ქართველ ფერმერებს ერთ ჰექტარზე 2,2 კგ მარცვლეული მოჰყავდათ. შედარებისთვის, ბულგარეთში მოჰყავდათ ჩვენზე ორჯერ მეტი, ავსტრიაში - სამჯერ მეტი, ხოლო ჰოლანდიაში - ოთხჯერ მეტი.

ეს ბოლო სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ მარცვლეულ კულტურებს ეხება. ჩვენთვის ამაზე უფრო მეტად საინტერესოა მთლიანად, სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომაროება. ამისათვის, უნდა დავადგინოთ, საშუალოდ რა ღირებულების პროდუქციას აწარმოებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული თითო მუშაკი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქართველი მუშაკი აწარმოებდა 2800-მდე დოლარის პროდუქციას. შედარებისთვის: უკრაინელი მუშაკი 5000 დოლარის პროდუქციას აწარმოებდა, უნგრელი - 11 ათასი დოლარის, ხოლო ბულგარელი - 16 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციას. აღარაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც ეს მონაცემები გაცილებით უფრო მაღალია.

ერთი სიტყვით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს სოფლის მეურნეობა კატასტროფულ მდგომარეობაშია და უკრაინასაც კი ბევრად ჩამორჩება. ამის მიზეზებზე, როგორც გითხარით, მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმავე ევროკავშირის ექსპერტთა აზრით, არასახარბიელო მდგომარეობის გამომწვევ მთავარ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ვერ შედგა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია. რამდენადაც მესმის, მოდერნიზაციის არარსებობაში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ თანამედროვე ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროცესში ნაკლებად გამოიყენება, არამედ ისიც, რომ თავად მეურნეობის მეთოდებიც მოძველებულია. იმავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერ მოხდა მიწების გამთლიანება, რაც მოგვცემდა ე.წ. „მასშტაბის ეკონომიას“ (ინგლ.: Economies of Scales). „მასშტაბის ეკონომიის“ პრინციპის მიხედვით, რაც უფრო იზრდება პროდუქციის მასშტაბი, მით უფრო მცირდება პროდუქციის ერთი ერთეულის ღირებულება. სოფლის მეურნეობაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამომწვევ სხვა მიზეზებად დასახელებულია: ამ სფეროში კაპიტალის ნაკლებობა, რუსეთის ემბარგო, საერთაშორისო ეკონომიკური რეცესია, კრედიტზე შეზღუდული წვდომა, კვლევითი და საგანმანათლებლო კომპლექსის არარსებობა, სარწყავი სისტემების გაუმართაობა და სხვა.

თითოეული ამ პრობლემის მოგვარება მოითხოვს სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას. მემარჯვენე-ლიბერტარიანული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ თავის ნებაზე უნდა მიუშვას ფერმერები და ხელი არაფრით შეუწყოს მათ, გარდა იმისა, რომ დაბალი გადასახადები დაუწესოს, მთელ რიგ შემთხვევებში არც მორალურად არის გამართლებული და ვერც პრაქტიკულ დონეზე მუშაობს. აშშ და ევროკავშირი დიდი ხანია, ახორციელებენ სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პროგრამებს. ამას გარდა, განვითარებულ ქვეყნებს დაწესებული აქვთ ტარიფები და კვოტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე და ფინანსურად ახალისებენ თავიანთი პროდუქციის ექსპორტსაც. სავაჭრო მოლაპარაკებების დროს, სოფლის მეურნეობის სფერო თითქმის არასდროს განიხილება, როგორც ლიბერალიზაციის ერთ-ერთი სამიზნე ობიექტი. აშშ და იაპონია თითქმის ყოველთვის ახერხებენ, თავიანთი სოფლის მეურნეობა თავისუფალი ვაჭრობისგან დაიცვან. ამ ფონზე ქართველი მემარჯვენეების დოგმატური მოთხოვნა, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა თავიანთი ბაზრები მთლიანად გაუხსნან განვითარებულ ქვეყნებს, კიდევ უფრო გაუმართლებლად და არაპრაქტიკულად გამოიყურება. ამ დოგმატური მემარჯვენეობის ნაცვლად, სახელმწიფოს სჭირდება ერთგვარი ცენტრისტული მიდგომა (ისეთი, როგორიც ევროკავშირს და აშშ-ს აქვთ), იმისთვის, რომ განავითარონ საქართველოს სოფლის მეურნეობა.

უწინარეს ყოვლისა, საჭიროა, პოლიტიკაში გადაწყვეტილებათა მიმღებმა პირებმა შეცვალონ დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სფეროსადმი. სოფლის მეურნეობის განვითარების თვითდინებაზე მიშვების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიჰბაძოს განვითარებული ქვეყნების მთავრობებს და გააძლიეროს აგრესიული ჩარევის პოლიტიკა. ჩარევა უნდა შეეხოს განათლებისა და კვლევის სფეროსაც - ევროკავშირის ექსპერტთა დასკვნით და ზერელე დაკვირვებითაც ცხადია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველო ექსპერტების სიმწირეს განიცდის.

ადგილობრივი პროდუქციის განვითარება, ბუნებრივია, ხელს არ აძლევს იმ ბიზნესებს, რომელთა შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს ემყარება. ისინი ყოველმხრივ შეეცდებიან, დაუპირსპირდებდნენ სახელმწიფოს მცდელობებს, განავითაროს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო არ უნდა დანებდეს ზეწოლას და მხარდამჭერთა მობილიზებით უნდა მოახერხოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან დიდ ძალისხმევასა და ცოდნას მოითხოვს, მაგრამ უამისოდ წინსვლა შეუძლებელია. საქართველოს საზოგადოება, სამწუხაროდ, მზად არ არის იმისთვის, რომ წინ აღუდგეს ორგანიზებულ ინტერესთა ჯგუფებს და ხშირად ექცევა იმ დემაგოგების გავლენის ქვეშ, რომლებსაც არც სათანადო ექსპერტიზა გააჩნიათ და არც კეთილი მიზნები. ხშირად ეკონომიკურს არაეკონომიკური საკითხები ფარავს ხოლმე. ამიტომ აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ჯერ უნდა გავიაზროთ, რას და რატომ ვაკეთებთ, და მხოლოდ შემდეგ დავიწყოთ მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG