Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ვებრძოდი, უფალო!


საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თითქმის ყველა გიპასუხებთ, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში აფხაზეთში შეიარაღებული ძალის შეყვანა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შტურმით აღება, სეპარატისტების ლიდერის, პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას გაძევება და შენობაზე ქართული დროშის აღმართვა, იყო უდიდესი შეცდომა, რომელსაც წელიწადნახევრიანი ომი, ბანდფორმირებების თარეში, ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგება და საბოლოო ჯამში სოხუმის დაცემა მოჰყვა. ასევე ძალიან ცოტა საღად მოაზროვნე ადამიანი თუ დარჩა საქართველოში, რომელიც ამართლებს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის, როგორც შემსრულებლის, და ედუარდ შევარდნაძის, როგორც პროცესების თვითდინებაზე შეგნებულად მიმშვების თუ უბრალოდ სამხედრო საბჭოს ხელში მაშინ ჯერ კიდევ უუნარო ლიდერის, საქმიანობას.

მეტიც, სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი მოითხოვს მაშინდელი სახელმწიფოს ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას, რომელიც ცდილობს ყველაფერი თენგიზ კიტოვანის „თვითშემოქმედებას“ დააბრალოს და ყველა მის ინტერვიუსა თუ მემუარებში გაურბის პირად პასუხისმგებლობას 21 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების დაწყების გამო.

მოკლედ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ამ ეპიზოდის მიმართ საზოგადოებაში თითქოს მეტ-ნაკლები თანხმობა არსებობს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ეს განპირობებულია არა უახლესი ისტორიის უმძიმესი პერიოდის კრიტიკული გადააზრების სურვილით, არამედ ამ ორი კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ არსებული ანტიპათიით.

თუ ეს ასე არაა, მაშინ საქართველო ჩუმად, გლოვით და წუხილით უნდა ხვდებოდეს ყოველ 14 აგვისტოს. ყველა ჩვენგანი, თუკი მხოლოდ პიროვნული ზიზღი და შურისძიების გრძნობა არ გვამოძრავებს, სირცხვილით უნდა იწვოდეს ქართველი პოლიტიკოსების იმ შეცდომის გამო, რასაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმტაცი რეგიონის დაკარგვა, ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის დახოცვა, ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრა და, როგორც შედეგი, რუსეთის შუამავლობით კაბალური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ხვეწნა-მუდარით შესვლა მოჰყვა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ შევარდნაძე და კიტოვანი კი გვინდა გავამტყუნოთ, ოღონდ არც ის გვსურს, რომ მარტო მათზე გადატყდეს ჯოხი და ვცდილობთ, სხვებიც მივაყოლოთ. შესაბამისად, ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის ამოცანად იქცა, კიდევ უფრო დიდ დამნაშავეებად და სასწაულმოქმედ პროვოკატორებად წარმოჩენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი სეპარატისტული ხელისუფლებისა, რომელმაც თურმე რუსეთის დახმარებით მოახერხა და ომში ჩაითრია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება. ანუ ჩვენდა უნებურად შევქმენით კლიშე, რომ კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში გარდაუვალი იყო. ამით კი ძალაუნებურად გავამართლეთ შევარდნაძეც და კიტოვანიც, რომლებიც, ჰაინრიხ ბიოლისა არ იყოს, დიდ სამსჯავროზე მამაზეციერის დასმულ შეკითხვაზე “სად იყავი შენ, ადამ?!“ თამამად მიუგებენ: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში, რუსეთს ვებრძოდი, უფალო“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG