Accessibility links

ანტიკური წყაროების შინაარსის ამოკითხვას თანამედროვე ისტორიკოსები ზოგჯერ კურიოზებამდე მიჰყავს. მაგალითად, თუ მესამე საუკუნის წყაროებში „გოთებს“ შავი ზღვის რეგიონში მცხოვრებ ტომად მოიხსენიებდნენ, ხოლო მეხუთე საუკუნეში ისინი უკვე აკვიტანიაში (დღევანდელ სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში) „გადაასახლეს“, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა დაესკვნათ, რომ საქმე გვქონდა ერთი და იმავე ხალხის მიგრაციასთან. ისტორიკოსს ისღა რჩებოდა, რუკაზე ისრები გაევლო და ეჩვენებინა, როგორ ხდებოდა ევროპის მოსახლეობის ადგილმონაცვლეობა.

სასკოლო სახელმძღვანელოებში, ხალხთა დიდი გადასახლებების რუკებზე დღესაც ნახავთ ამ ისრებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისტორიკოსებმა ნათლად აჩვენეს, რომ ანტიკური წყაროების ავტორებისათვის სიტყვა „გოთი“ კრებითი სახელი იყო და აღნიშნავდა არა რომელიმე ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფს, არამედ სხვადასხვა ხალხებს, რომლებიც რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. უხეშად რომ ვთქვათ, რომაელისთვის მნიშვნელოვანი იყო, საზღვარს გარეთ მცხოვრები „კარგი ველური“ იყო თუ „ცუდი ველური“ და „ბარბაროსს“ სახელსაც ამის მიხედვით არქმევდა. რაც შეეხებათ გოთებს, მათ არ დაუტოვებიათ ტექსტები, სადაც აგვიხსნიდნენ, რამდენად განსხვავდებოდა „გოთობა“, ვთქვათ, „ბურგუნდიელობისგან“.

იყო შემთხვევები, როცა თვით ანტიკური ხანის ისტორიკოსი ცდილობდა, „მიგრაციული ისრები“ გაევლო, როცა აღმოაჩენდა, რომ ერთი და იმავე სახელის მატარებელი ხალხი ორ სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა. მაგალითად, 2000 წლის წინ სტრაბონი მიიჩნევდა, რომ იბერები ცხოვრობდნენ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

რა ჰქონდათ საერთო კავკასიელ იბერებს (იბერიელებს) იმ ხალხთან, ვინც იბერიის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდა? იქნებ მართალია თეორია, რომ კავკასიაში მცხოვრები „იბერები“ და ბასკები ერთსა და იმავე ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ? რა აქვს საერთო ქართულ ენას ბასკურთან? ამ კითხვით მივმართე ცნობილ ფრანგ ქართველოლოგს, ბერნარ უტიეს.

ბერნარ უტიე:

„ერთი მხრივ, ქართულსა და ბასკურს ერთნაირი სტრუქტურა აქვთ: ზმნა არის მრავალპირიანი და თან ორივე ენას აქვს ერგატივი (ერგატივის

მაგალითი: ცხენი წყალს სვამს და ცხენმა წყალი დალია - ლ.ო.). ინდოევროპულ ენებში არ არსებობს არც მრავალპირიანი ზმნა, და არც ერგატივი. ასე რომ, სტრუქტურულად ბასკური და ქართული ენები ერთმანეთთან მეტად ახლოს დგანან. არადა, ბასკურ ფონეტიკას არაფერი აქვს საერთო კავკასიურ ფონეტიკასთან. ორ ენას შორის არსებული ლექსიკური მსგავსება - მაგალითად, ბასკურად „ერი“ „ჰერია“ - უბრალო დამთხვევა შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, სულ ახლახან გარდაიცვალა დიდი პოლონელი ლინგვისტი იან ბრაუნი, რომელიც ზუსტად ამ საკითხით იყო დაინტერესებული და რომელმაც ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია შეიმუშავა ქართული და ბასკური ენების ერთმანეთთან შედარებისა.

ბრაუნი შეეცადა, ეპოვა რეგულარული შესატყვისი ფონემები ქართულსა და ბასკურ ენებში იმავე მეთოდით, როგორც ეს გაკეთდა მე-19 საუკუნეში, როცა დაამტკიცეს, რომ არსებობდა ინდოევროპული ენების ერთიანი ოჯახი.

მეორე დიდი ლინგვისტი, ვინც დასავლეთში ამ საკითხს იკვლევდა, ჟორჟ დიუმეზილი იყო. ეს ფრანგი კავკასიოლოგი თვლიდა, რომ კავკასიური ტომები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში გადაბარგდნენ დასავლეთში და იბერიის ნახევკუნძულზე დასახლდნენ. იგი დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა კავშირი ბასკებსა და ქართველებს შორის. ბერძნულ თეოგონიაში მან ნახა ბერძნული თეოგონიის ღმერთი Τιθυος (თითუოს) რომელსაც არ ჰქონდა ინდოევროპული ეტიმოლოგია. ეს სიტყვა დიუმეზილმა დაუკავშირა ქართულ სიტყვა „თთვე-ს“ რაც მთვარეს ნიშნავს. ფრანგი მეცნიერისთვის ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ქართულმა ტომებმა, ესპანეთისკენ მიგრირებისას, საბერძნეთში გაიარეს.

როგორც დამკვირვებელი, და არა მონაწილე, ვიტყოდი, რომ ბასკური და ქართული ენების ნათესაობასთან დაკავშირებული გამოკვლევები დღეს ნახევრად სავსე ბოთლს ჰგავს: ზოგისთვის ბოთლი ნახევრად სავსეა, ხოლო ზოგისთვის - ნახევრად ცარიელი.

ჩემი აზრით, მხოლოდ ქართველთა და ბასკთა დნმ-ის ანალიზმა შეიძლება, სიცხადე შეიტანოს ამ საკითხში“, ამბობს ბერნარდ უტიე.

ჩემი მხრივ, დავამატებ, რომ კიდევ ერთი უცნაურობა, ბასკურ-ქართულ ენების ნათესაობა-არნათესაობას რომ ახლავს, ის არის, რომ, თუ საქართველოში ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს, ბასკების ქვეყანაში იშვიათად თუ ნახავთ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG